ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ ხადურთან
[i]
"სახაზინო ვალდებულებების გამოშვებაზე უკეთესი იქნებოდა ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაცია მომხდარიყო"
აპრილის ბიუჯეტის ნახევარმილიონიანი გარღვევის შემდეგ, ვერც მაისის ბიუჯეტი შესრულდა. გასული თვის ბიუჯეტს, საგადასახადო შემოსავლების მხრივ, 7 მილიონი ლარი დააკლდა.
თუკი მთავრობის წარმომადგენლები მანამდე ბიუჯეტში არსებულ გარღვევას აგვისტოს ომსა და ფინანსურ კრიზისს უკავშირებდნენ, ახლა ამ პრობლემას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობით ხსნიან, რასაც ინვესტიციების შეჩერება ემატება. მათი განცხადებით, თუ ეს მდგომარეობა არ გამოსწორდა, ბიუჯეტის შესრულების მხრივ ივნისის თვეშიც იგივე სიტუაცია იქნება.
ხელისუფლებამ არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად, 250 მლნ. ლარის ღირებულების სახაზინო ვალდებულებების გამოშვება გადაწყვიტა. ფასიანი ქაღალდები 13%-იანი განაკვეთით გამოვა და მიღებული თანხით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მოხდება. ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა სახის შეფასებები მოჰყვა. ექსპერტების უმეტესობა კი სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გონივრულად არ მიიჩნევს და მას უარყოფითად აფასებს. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია ყოფილი სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადება, რომელმაც ბიუჯეტის შეუსრულებლობასა და მთავრობის მიერ სახაზინო ვალდებულებების გამოშვებასთან დაკავშირებით უარყოფითი შეფასებები გააკეთა. ამ მოვლენას უარყოფითად აფასებენ ექსპერტებიც. გთავაზობთ ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურის მოსაზრებებს.
[b]- ბოლო ორ თვეში ბიუჯეტი ვერ შესრულდა ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაც მთავრობა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასახელებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ბიუჯეტის გარღვევის რეალური მიზეზები?- უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი არასწორად არის დაგეგმილი და გამომდინარე აქედან, მის შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემების არსებობა მოსალოდნელი იყო. გარდა ამისა, ბიუჯეტის შესრულებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საომარი მოქმედებები და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად გამოწვეული პრობლემები საქართველოს ეკონომიკაში. ყოველივე აქედან გამომდინარე, დღეს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ამ პირობებში, უმჯობესი იქნება, თუ ხელისუფლება გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს ბიუჯეტში და მას უფრო რეალურს გახდის. უკეთესი იქნება, თუ შეამცირებს ნაკლებად მნიშვნელოვან ხარჯებს და თანხებს მიმართავს აუცილებლად გასაწევ ხარჯებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც ვერ მოხერხდა წინა ორ თვეში დაგეგმილი შემოსავლების მიღება, მომავალ თვეებშიც იგივე ვითარება იქნება.
- მთავრობამ გადაწყვიტა გამოუშვას 250 მლნ. ლარის ღირებულების სახაზინო ვალდებულებები. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს გადაწყვეტილება? - ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ბიუჯეტის შესრულებაში პრობლემები აქვს და რომ მისი დაგეგმვისას შეცდომები დაუშვა. ნებისმიერ დროს, როდესაც მთავრობა გამოდის ბაზარზე ფულის სასესხებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საკუთარი ფული არ ჰყოფნის. სახაზინო ვალდებულებების გამოშვება არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც დადებითად ვერ შევაფასებ. ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს ძალიან ცუდ შედეგებს, უპირველეს ყოვლისა, 250 მილიონი ლარით კომერციულ ბანკებს შეუმცირდებათ გასასესხებელი კაპიტალი, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს კაპიტალის გაძვირებას და ქართულ ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. ხელისუფლებას ორი არჩევანი აქვს – შეამციროს ხარჯები, ან გამოუშვას სახაზინო ვალდებულებები. ამ ეტაპზე, სახაზინო ვალდებულებების გამოშვებაზე, უკეთესი იქნებოდა მთავრობას 250 მილიონი ლარით შეემცირებინა ხარჯები ბიუჯეტში. თუმცა, ჩემი აზრით, მთავრობას მაინც მოუწევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარით. ამიტომ რაც მალე მიიღებს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი.
- ბოლო პერიოდში კომერციული ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. როგორ ფიქრობთ, ხომ არ გამოიწვევს სახაზინო ვალდებულებების შეძენა მათ მიერ გაცემული სესხების მოცულობის კიდევ უფრო შემცირებას?- ბუნებრივია, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს იმას, რომ ბანკებს საკრედიტო რესურსი შეუმცირდებათ და 250 მილიონი ლარით შეამცირებენ ეკონომიკის დაკრედიტებას. ეს ფაქტი ეკონომიკაზე, საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს.
- ხშირად, ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზად ასახელებენ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. თვლით თუ არა, რომ ეს მოვლენები მართლაც ახდენს გავლენას ბიუჯეტის შემოსავლებზე?- რასაკვირველია, ხელისუფლება ცდილობს, რომ არსებული პრობლემები მიმდინარე მოვლენებს გადააბრალოს, მაგრამ რეალურად აქციები ლოკალიზებულია და არ ხდება რაიმე რადიკალური ქმედებები. ის რომ რუსთაველის გადაკეტვა და ხალხის მშვიდობიანი შეკრება ხელს უშლის ბიუჯეტის შესრულებას, ეს არასერიოზულია. ამ მხრივ პრობლემები მიმდინარე წლის პირველ სამ თვეშიც არსებობდა და ისინი აპრილში არ დაწყებულა. ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში ხარჯებმა შემოსავლებს 47 მილიონი ლარით გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, საპროტეტსო აქციები ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზად.
- როგორ ფიქრობთ, ბიუჯეტის შეუსრულებლობის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ხომ არ დადგება წლის ბოლოს ხელფასებისა და პენსიების გაცემის პრობლემა?- ჩემი აზრით, ეს პრობლემა მართლაც დადგება, უკვე შემოდგომის დასაწყისში, თუ ხელისუფლებამ დროზე არ მოახდინა ხარჯების ოპტიმიზაცია და ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა. თუკი ხელფასებისა და პენსიების გაცემასთან დაკავშირებით პრობლემები მართლაც შეიქმნა, იგი მძიმე სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
- უცნაურია, მაგრამ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახაზინო ვალდებულებების გამოშვებასთან დაკავშირებით, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ გააკრიტიკა. რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?- პირველად ხდება, როდესაც ჩემი და ბატონი ბენდუქიძის აზრები ერთმანეთს ემთხვევა, რადგან მეც უარყოფითად ვაფასებ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას.
შოთა ბუჩუკური