ბენდუქიძის იდეების ლობირებამ, ყარალაშვილს სამსახური დააკარგინა
საქართველოს მთავრობა ლართან ერთად დოლარისა და ევროს შემოღების საკითხს არ განიხილავს, - შესაბამისი განცხადება მთავრობის სახელით ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა. "ფინანსთა სამინისტრო ჩვენი თანამოქალაქეებისა და ინვესტორების საყურადღებოდ უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მსგავსი სახის ინიციატივა და რეფორმა საქართველოს მთავრობაში არ განიხილება და ამ კუთხით ჩვენ ეროვნულ ვალუტას, ლარს, როგორც გადახდის ერთადერთ კანონიერ და საიმედო საშუალებას საქართველოს ტერიტორიაზე, არანაირი საფრთხე არ ემუქრება," - აღნიშნულია განცხადებაში. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველო მომავალშიც განაგრძობს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებას ეროვნულ ვალუტაში.
ქვეყანაში მულტისავალუტო რეჟიმის შემოღების იდეა ყოფილ სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის. მოგვიანებით, იგივე სახის განაცხადი საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფროსმა მრჩეველმა ნონა ყარალაშვილმა ჟურნალ "ლიბერალთან" ინტერვიუშიც გააკეთა. მისი აზრით, ეს ნაბიჯი ინვესტორებს მოიზიდავს და ვალუტის კურსის ცვალებადობისას მათ ფულს დაიცავს. თუმცა, მთავრობამ ეს აზრი არ მოიწონა და იდეის უარყოფასთან ერთად ნონა ყარალაშვილს თანამდებობაც დაატოვებინეს.
ეროვნული ბანკის გაძლიერება ისევ პრიორიტეტულია
ეროვნული ბანკი და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო კი შესაძლოა გაერთიანდეს. ეროვნული ბანკის გაერთიანებასა და მისი ფუნქციების გაზრდაზე ბანკი და პარლამენტი ერთობლივად მუშაობს. კონკრეტული ცვლილებები უახლოეს პერიოდში გაჟღერდება. თუმცა ერთ-ერთ მთავარ საკითხად ორი უწყების ხელახალი გაერთიანება უკვე სახელდება. საკანონმდებლო ცვლილებას ეროვნულ ბანკში გატარებული რეფორმის ანალიზის მიხედვით მოამზადებენ.
გასულ წელს გატარებული რეფორმის შედეგად ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობა გამოეყო და ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას, დაზღვევის ზედამხედველობასა და ფინანსური მონიტორნიგის სამსახურთან ერთად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში გაერთიანდა. ამ იდეას მაშინაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ერთ უწყებაში გაერთიანება სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ უფრო ეფექტური ეროვნული ბანკისა და საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციების გაერთიანება იქნება, რაც უკვე აქტიურად განიხილება და ეროვნულ ბანკს ძველ სიძლიერესა და გავლენას შესძენს.
სტატისტიკის დეპარტამენტი ისევ იტყუება
სავარაუდოდ, ვერაფერი შესძენს სანდოობას საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს, რომელიც განსაცვიფრებელი მონაცემებით აპელირებს, ახალ რეკორდებს ამყარებს. მიმდინარე კვირას სტატისტიკის დეპარტამენტმა საარსებო მინიმუმის ახალი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ოფიციალური სტატისტიკით შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აპრილში 5 ლარით, 139 ლარსა და 70 თეთრამდე, შემცირდა. 20%-იანი კლება დაფიქსირდა ერთ სულიან ოჯახზე, რაც ამ დროისათვის 115 ლარს შეადგენს. ორსულიან ოჯახს არსებობისთვის მინიმუმ 183 ლარი და 80 თეთრი ესაჭიროება, ექვსულიან ოჯახს კი 305 ლარი, რაც მარტის მონაცემს 12 ლარით ჩამორჩება. საარსებო მინიმუმს სტატისტიკის დეპარტამენტი სასურსათო კალათის მიხედვით ითვლის, რომელშიც სულ 40 დასახელების პროდუქტი შედის. კალათის 70%-ს სურსათი იკავებს, 30%-ი კი პირველადი მოხმარების ნივთებს უჭირავს.
შედარებისთვის, ოთხი წლის წინ საარსებო მინიმუმად 154 ლარი იყო მიჩნეული, ანუ დღევანდელზე 25 ლარით მეტი და ეს იმ პირობებში, როდესაც პროდუქტების აბსოლიტურ უმრავლესობაზე ფასები მკვეთრად არის მომატებული.
სტატისტიკის მონაცემებითვე ყოველ ნახევარ წელიწადში მკვეთრად არის დაცემული საქართველოში სამრეწველო პროდუქციის წარმოებაც, რაც ქვეყნის მშპ-ს სოლიდურ წილს წარმოადგენდა. მრეწველობასთან დაკავშირებით დედაქალაქში მნიშვნელოვანი სიახლეა. კერძოდ, ქალაქის ცენტრალურ უბნებში საწარმოების მშენებლობა და გაფართოება აიკრძალება. ქალაქის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, საწარმოო ზონა ლილოს ბაზრობაზე გადავა. ამ მიზნით უკვე გამოყოფილია 2000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 13 ლარიდან 35 ლარამდე ეღირება. ქალაქის ცენტრში მხოლოდ მოქმედი საწარმოები დარჩებიან, თუმცა გაფართოებას ვეღარ შეძლებენ. გენერალურ გეგმაში საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ზონებიც განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც გარკვეულ უბნებში მშენებლობები აიკრძალა და შეიზღუდა. ახალ გენერალურ გეგმას საკრებულო უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, თუ, რასაკვირველია, მოახერხებს შეკრებას და საკითხის განხილვას.
კალაძე ვალდებულებებს ვერ ასრულებს
ფეხბურთელმა ფეხბურთი უნდა ითამაშოს, მთავრობასთან თამაში ჯიბსთვის საზიანოა
ფეხბურთელი კახი კალაძე კი მიმდინარე კვირას "არსენალ სიტის" საპრივატიზაციო ვალდებულებების გადავადების სანაცვლოდ მთავრობას სასტუმრო "უშბის" დაბრუნებას სთავაზობს. ეკონომიკის სამინისტრომ "კალა კაპიტალისგან" შესაბამისი წერილი უკვე მიიღო. წერილში ნათქვამია, რომ "უშბას" გარდა "კალა კაპიტალი" არსენალის ტერიტორიაზე 12 ჰექტარ მიწის ნაკვეთს საპატრიარქოს დაუთმობს, თუმცა სამინისტრო დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რადგანაც კალაძემ, როგორც გაირკვა, არც "უშბასთან" დაკავშირებული ვალდებულებები შეასრულა, რადგან სასტუმროში მცხოვრები დევნილები შესაბამისი ფართებით არ უზრუნველყო. ესეც არ იყოს, სრულიად გაურკვეველი დარჩა, თუ რატომ აპელირებს "კალა კაპიტალი" ეკონომიკის სამინისტროსთან ვაჭრობის პროცესში იმ ფაქტორით, რომ ბოლომდე შეუსყიდველი მიწის ნაკვეთიდან ერთი ნაწილის გადაცემას საპატრიარქოსთვის აპირებს. ეკონომიკის სამინისტროსა და "კალა კაპიტალს" შორის დავა არსენალის ტერიტორიასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც კახი კალაძემ საპრივატიზაციო თანხის ეტაპობრივი დაფარვა დათქმულ ვადებში ვერ მოახერხა. მენეჯმენტს 2008 წლის 15 სექტემბრამდე 19.5 მილიონი დოლარი უნდა დაეფარა, რაც არ გადაუხდია და დამატებითი ჯარიმები უკვე ყოველ გადაცილებულ დღეზე ერიცხება. "არსენალ სიტის" პროექტის მიხედვით, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამთავრობო და საცხოვრებელი ზონები, სკოლები, საავადმყოფოები, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და გასართობი დაწესებულებები უნდა აშენებულიყო, მაგრამ დღეს ეს სულ უფრო და უფრო წარმოუდგენელი ხდება.
მშენებლები ფულს ვერ შოულობენ, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ
პრობლემები არ აკლია არც მეორე ხმაურიან პროექტს. კომპანია "კაპიტალ ვოსტოკმა" "დაბი ჯგუფისგან" დაპირებული 5 მილიონის კრედიტი ვერ მიიღო. მაღალი რისკების გამო "დაბი ჯგუფში" შემავალი "კორ სტანდარტ ბანკი" სესხის გაცემამდე კომპანიას რამდენიმე პირობის შესრულებას სთხოვს. ამ პროცესის გაყინვის გამო თაბუკაშვილის #30 ყოფილი მაცხოვრებლების ბედი გაურკვეველი რჩება. პირველი სკოლის უკან საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის გასაგრძელებლად, სადაც ისინი უნდა დაბინავებულიყვნენ "კაპიტალ ვოსტოკს" ფინანსები არ აქვს. მშენებლობა უკვე ორი თვეა შეჩერებულია, რასაც "კაპიტალ ვოსტოკში" რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს უკავშირებენ. მენეჯმენტი აცხადებს, რომ საკრედიტო ხაზის გამოყოფაზე მოლაპარაკებები სხვა ბანკებთანაც მიმდინარეობს და კორპუსის მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება. უბინაოდ დარჩენილმა ოცდაოთხმა ოჯახმა კი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო "კაპიტალ ვოსტოკის" წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა. კიდევ ერთი სარჩელი კი ევროსასამართლოში გაიგზავნა. მოსახლეობა მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოსგან 50.000.000 ევროს ითხოვს, საქმის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტის საკმაოდ მაღალი ალბათობით.
რევაზ საყევარიშვილი
რადიო "თავისუფლება"