ნანახია: 795
"გალტ ენდ თაგგარტ სიქიურით"- ის მმართველი დირექტორის თანამდებობაზე გოგა მელიქიძე დაინიშნა. მისი საქმიანობა, ძირითადად, მიმართული იქნება საქართველოში კორპორატიული სეგმენტის განვითარებასა და ნედლეულის ბიზნესის მომავალ ზრდაზე. გოგა მელიქიძე "გალტ ენდ თაგგარტ სიქიურითის"-ს გუნდს საქართველოს მთავრობაში მოღვაწეობის შემდეგ შეუერთდა, მთავრობაში მას ორი წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ფინანსთა მინისტრის უფროსი მრჩეველის თანამდებობა ეკონომიკის დარგში. 2004-დან 2007 წლამდე ბატონი მელიქიძე მუშაობდა "გალტ ენდ თაგგარტ სიქიურითის~ თბილისის ოფისში სააქციო კაპიტალის ბაზრის უფროს ანალიტიკოსად. 2004 წლამდე იგი იყო საქართველოში უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, "ალდაგი ბისიაი-ის" ინვესტიციების ანალიტიკოსი. 2007 წელს გოგა მელიქიძემ მოიპოვა ფინანსური ანალიტიკური პროგრამის (CFA) პირველი ხარისხის დიპლომი. მან წარჩინებით მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკასა და ფინანსებში კავკასიის ბიზნეს სკოლისგან (CSB), რომელიც წარმოადგენს, ჯორჯიის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ), ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორ ბიზნეს სკოლას საქართველოში. "მოხარული ვარ მივესალმო გოგა მელიქიძეს, როგორც ჩვენი გუნდის წევრს. მისი უნარები და გამოცდილება მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი კომპანიის ბიზნეს პლატფორმას. "გალტ ენდ თაგგარტი" აგრძელებს ბაზარზე წილის გაფართოებას და მომავალშიც შემატებს გუნდს საუკეთესო პროფესიონალებს", – განაცხადა "გალტ ენდ თაგგარტ სიქიურითის"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკ პიაცამ.
|