საქართველოს წლევანდელი ბიუჯეტი ჩავარდნის საფრთხის წინაშეა. შექმნილი მდგომარეობის მიზეზად მიმდინარე თვეში მნიშვნელოვნად შემცირებული შემოსავლები სახელდება. არსებულ მძიმე ვითარებას მთავრობის წევრებიც აღარ უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თუ უახლოეს მომავალში ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია არ დასტაბილურდა, ქვეყნის ბიუჯეტი მართლაც დადგება სეკვესტრის საფრთხის წინაშე. ამ საშიშროების შესახებ ექსპერტები უკვე მარტში მიანიშნებდნენ.
დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტის ხარჯები შემოსავლებს პირველად აჭარბებს. საბიუჯეტო ხარჯები შემოსავალს 64 მილიონი ლარით უკვე აღემატება. ამ დრომდე გაზრდილი ხარჯების დაფინანსება 2008 წლის საბიუჯეტო ნაშთით ხდებოდა. გასულ წელს ბიუჯეტში 753 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა. 2009 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვამ მილიარდ 442 მილიონი ლარი შეადგინა, შემოსავლებმა კი მხოლოდ მილიარდ 378 მილიონი ლარი.
საქართველოს მთავრობა ამას ნაწილობრივ აპრილის აქციებს უკავშირებს. ექსპერტების განცხადებით კი საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების ნიშნები უფრო ადრე გაჩნდა, კერძოდ, 2008 წლის გაზაფხულიდან. საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების ტენდენცია უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ახლო მომავალში ისევ გაგრძელდება. ადრე ხელისუფლება ამას აგვისტოს ომს და ფინანსურ კრიზისს უკავშირდება, დღეს კი აპრილის მოვლენებზე კეთდება აქცენტები.
მართალია, გასულ თვეში ფინანსთა სამინისტრო არ აღიარებდა ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემას, მაგრამ აპრილში მათივე განცხადებით მიმდინარე თვეში გადასახადების ამოღება სერიოზულად შემცირდა. საბაჟო შემოსავლები უკვე შემცირდა, საბიუჯეტო გეგმაც დიდი წვალებით სრულდება. "ბოლო ორი კვირის მონაცემებით, რასაც ველოდით იმის ნახევარი ამოვიღეთ. მართალია, უფრო სრულყოფილი სურათი თვის ბოლოს გვექნება, მაგრამ ამ დროისთვის პრობლემის არსებობა სახეზეა",_ განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა.
ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია, - "თუ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გაგრძელდა, შემცირდება ეკონომიკური აქტივობა, გართულდება გადასახადების ამოღება და შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე დაემუქრება. არსებული პროცესები ქვეყანას ეკონომიკურად ძვირი უჯდება. ეს არის პირდაპირი ხარჯი სახელმწიფოსთვის. თუ ვერ მოხდება გადასახადების ამოღება, ყველა სფერო სერიოზულად დაზარალდება, მათ შორის განათლების სისტემაც".
2009 წლის ბიუჯეტში შესაძლოა მილიარდი ლარის გარღვევა მოხდეს. ამის შესახებ ექსპერტმა შოთა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, წლევანდელი ბიუჯეტის ჩავარდნა ჯერ კიდევ დაგეგმვის დროს იყო მოსალოდნელი. "წლის ბოლოს შესაძლოა ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მილიარდი ლარის დანაკლისი მივიღოთ, ვინაიდან ქვეყანაში იმპორტ-ექსპორტი და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა შემცირებულია. უფრო დეტალურად კი მაჩვენებლებზე თვის ბოლოს შეიძლება ვისაუბროთ", - მიიჩნევს შოთა გვენეტაძე.
ფინანსთა ყოფილი მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, ფინანსური კრიზისისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რისკი იმისა, რომ ბიუჯეტის შესრულება გაჭირდებოდა, თავიდანვე გამოიკვეთა, - "თუ ტენდენცია გაგრძელდა, დეფიციტის დაფინანსება შიდა წყაროების ხარჯზე მოხდება, ანუ მთავრობამ ან ხარჯები უნდა შეამციროს, ან სახაზინო ვალდებულებები გამოუშვას".
როცა ფინანსთა სამინისტროში 2009 წლის ბიუჯეტს აკოწიწებდნენ, მაშინდელი მინისტრის ნიკა გილაურის მეთაურობით, საქართველოს მთავრობამ ამოსავალ წერტილად მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, სიღარიბის დაძლევა და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდა მიიჩნია. ერთია, თუ რას ამბობდნენ და მეორე - რას აკეთებენ. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური ვითარებაა და პრეზიდენტი კი მთავრობას "ქამრების შემოჭერისკენ" და ხარჯების მაქსიმალურად შემცირებისკენ მოუწოდებს, პარლამენტი თავის დაფინანსებას 7 მილიონით ზრდის. ალბათ, უკეთესი იქნებოდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის გაზრდის ნაცვლად, ეს თანხა სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად მიემართა.
ბიუჯეტის ჩავარდნის რეალურ საფრთხეზე საუბრობს ექსპერტი დავით ნარმანიაც. მისი თქმით, ქვეყანაში ქამრების შემოჭერის პოლიტიკა რეალურადაა გასატარებელი. "დღევანდელი მდგომარეობით ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების ნაკლებობა შეინიშნება, ბიუჯეტის შესაძლო ჩავარდნის მიზეზი კი შეფერხებული ეკონომიკური მდგომარეობა და კრიზისია. გადასახედია ხარჯვითი პოლიტიკა და ბიუჯეტიდან მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მიმართულებები უნდა დაფინანსდეს.
ამ გაწამაწიაში მთავრობას ყველაზე მეტად ხარჯების შემცირების გეგმა-გრაფიკისა სჯერა, თუმცა "ქამრების შემოჭერა" დიდი ენთუზიაზმით, ნამდვილად არ ხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული ხარჯები უკვე 10-12 მილიონი ლარით შემცირდა და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
"ქამრების შემოჭერის" დროსაც კი რეგიონებში ჩინოვნიკებს ხელფასები გაეზარდათ და მათი ჯამაგირები "ჭამს" რეგიონალური ბიუჯეტების თითქმის 30%-ს. კიდევ ერთი ფაქტი, რაც ნამდვილად აღსანიშნავია და რაც მთელ მსოფლიოში, ალბათ, მარტო საქართველოში ხდება. ჩვენი უკუღმართი საგადასახადო პოლიტიკის თანახმად, ადგილობრივ ბიუჯეტებს განსაკარგავად, მხოლოდ საშემოსავლო გადასახადები დაუტოვეს, დანარჩენი კი ცენტრალური ბიუჯეტისკენ გადატყორცნეს. შედეგად რაიონებისა და რეგიონების ხელმძღვანელები, ისედაც ამ ხელისუფლებისადმი მორჩილნი, უკვე ბატონ-ყმურ დამოკიდებულებაში აღმოჩნდნენ თბილისის მიმართ ფინანსურ საკითხში. ის, თუ რა რაოდენობის ტრანსფერს გიწყალობებენ ცენტრალური ბიუჯეტიდან, ეს შენს მთავრობისადმი ერთგულებაზე, გავლენაზე, მარიფათზე და უმაღლეს ხელისუფალთა შორის არსებულ მწყალობელთა არსებობაზეა დამოკიდებული და არა რაიონის პრობლემებზე და საჭიროებაზე.
შოთა ბუჩუკური