ნანახია: 1229
აგვისტოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამოძახილმა ქართული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა 180 გრადუსით შეცვალა. დღეს კრედიტის მოპოვება ირეალურ ოცნებად იქცა, არა თუ სამომხმარებლო მიზნებისთვის, არამედ ბიზნესის შესანარჩუნებლადაც კი. დიახ, შესანარჩუნებლად, თორემ საკრედიტო პოლიტიკის უკიდურესად გამკაცრების პირობებში, ბიზნესის განვითარებაზე ცოტა ვინმე თუ ზრუნავს. მხოლოდ ციფრები: 2008 წელი სექტორმა 215 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 240 მილიონ ლარს აღემატება. კრედიტ-ინფოს ურჩ გადამხდელთა, ანუ ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ პირთა რაოდენობა 175 000 –სს აჭარბებს (1 წლის განმავლობაში 400 %-იანი ზრდა). ბანკების ბალანსზე გადასული დაგირავებული ქონების ღირებულება 22 მილიარდ ლარს აღწევს. პრობლემური აქტივების მოცულობამ სისტემის მასშტაბით 4-5 % შეადგინა. თითქოს, რა უშავს?! – სულ რაღაც 4-5 %. მაგრამ ეს საკმაოდ სოლიდური და შემაშფოთებელი ციფრია. მით უფრო, ნეგატიური ტენდენციის გაღრმავების ფონზე. ეს ციფრი და ვერგადამხდელთა (და არა, არგადამხდელთა) რაოდენობა გაცილებით მასშტაბური იქნებოდა, რომ არა ადამიანური ბუნება. მოგეხსენებათ, ადამიანური ბუნებაა ასეთი, - ხვალინდელ დღეს მაინც იმედიანად უყურებს. ამ იმედით ბანკების მსესხებელთა უმრავლესობამ ე.წ. პროცენტიანი ვალი აიღო, ანუ მევახშისგან ისესხა (ცხადია, უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ანუ, როგორც ხალხი ეძახის - იპოთეკით) და სადამდეც გაწვდა, ბანკის სესხები დაფარა. სადაც ვეღარ შეწვდა, იქ ორთავე ‘ფრონტზე~ პრობლემა შეექმნა. საგულისხმოა ლომბარდული კრედიტების ზრდის განუხრელი ტენდენცია. მოსახლეობა, რომელიც იძულებული გახდა ორიენტირი ელემენტარულ საყოფაცხოვრებო და გასტრონომიულ პრობლემებზე აიღოს, ლამის ანგარიშმიუცემლად აბარებს ლომბარდში საოჯახო ძფირფასეულობას. ბანკები ლომბარდულ ოპერაციებს მაინცადამაინც არ სწყალობენ, შესაბამისად, მოსახლეობა კერძო ლომბარდებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მფლობელობაში არსებულ ლომბარდებს მიმართავს, სადაც თვიური საპროცენტო განკვეთი საშუალოდ 7 % - ს შეადგენს, ანუ წლიურ 84 % -ს! ბოლო დროს გააქტუალურდა ავტოლომბარდების თემაც. დედაქალაქში არსებული 3-4 ავტოლომბარდი გადავსებულია ნაირ-ნაირი, ძირითადად ძვირადღირებული ავტომობილებით. მათი უმრავლესობის დახსნასაც მფლობელები ვერ ახერხებენ. სად უნდა წავიდეს, ვინ უნდა შეიძინოს გირაოში ჩატოვებული ძვირფასეულობა, ავტომობილები და უძრავი ქონება? – ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანს. ბანკები საკრედიტო მარწუხების შერბილებას და ბაზარზე ფულის შეშვებას არ ჩქარობენ. სისტემას ლიკვიდობის პრობლემა არ აქვს. ნორმატიულად დადგენილი 20 %-ის ნაცვლად ეს მონაცემი 29 % -ს შეადგენს. მაგრამ ბანკები არგუმენტად გაზრდილ რისკებს ასახელებენ და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, კრედიტს, ფაქტობრივად, არ გასცემენ. ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ოღონდ სესხს ნუ სთხოვ ბანკს და მზადაა კრედიტ ოფიცერთა რაზმი შეკრიბოს და ყანის გასათოხნად გამოგაყოლოს... ბანკები ზედმეტად ფრთხილობენ და ამ სიფრთხილეში შემოსავლებს კარგავენ. ერთი კონკრეტული მაგალითი, რომლის განზოგადებაც არ არის რთული. –მეწარმემ, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრციდან ალკოჰოლური სასმელის იმპორტს ახორციელებს, საქონლის მორიგი პარტია მიიღო. განსაბაჟებლად მას 10.000 აშშ დოლარის საბრუნავი საშუალება დასჭირდა. მიაკითხა ბანკს, რომელთანაც რამდენიმეწლიანი დადებითი საკრედიტო ურთიერთობა აკავშირებდა. მოითხოვა მოკლევადიანი კრედიტი. კრედიტი მოითხოვა შესაბამისი უზრუნველყოფის ქვეშ. ბანკისგან მან უარი მიიღო, თუმცა, არგუმენტირებული ახსნა ამ უარისა ვერ მოისმინა. მიაკითხა სხვა ბანკს. ცხადია, იქაც იგივე განმეორდა. გამოუვალი მდგომარეობის გამო (განბაჟების პროცედურას თავისი მკაცრად განსაზღვრული ვადები აქვს და ამ ვადის დარღვევა საურავის დარიცხვას იწვევს) მეწარმემ ავტოლომბარდს მიაკითხა, დაუტოვა 1 თვით ლომბარდს საკუთარი ავტომობილი, მიიღო კრედიტი თვეში 10 %-ად(!!!), განაბაჟა და სავაჭრო ქსელში ჩაუშვა საქონელი. მორალი: დაზარალდა მეწარმე არაადეკვატურად ძვირი კრედიტის მიღების გამო და დაზარალდა ბანკიც მიუღებელი რეალური საპროცენტო შემოსავლის გამო. უფრო მეტად კი ბანკი იმით დაზარალდა, რომ კეთილსინდისიერი და კარგი გადამხდელი კლიენტის, ანუ პარტნიორის მხრიდან ნდობა დაკარგა. ბანკისთვის კი კლიენტის ნდობა ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი უნდა იყოს. განსაკუთრებით კრიზისის პირობებში, რადგან კრიზისი გადაივლის, ნდობის აღდგენას კი დიდი ძალისხმევა დასჭირდება. კრიზისის და გაზრდილი რისკების პირობებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ბანკების და საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან ჯანსაღი ბიზნესის დაკრედიტების არშეწყვეტას. ასეთი შემთხვევები კი დღევანდელ ვითარებაში იშვიათობად იქცა. ასე რომ, სათაურში გამოტანილი კითხვა რიტორიკულად რჩება. – როდის განაახლებენ ბანკები ეკონომიკის დაკრედიტებას, უცნობია. თუმცა, იმედია, ბანკებმა კრიზისისმიერი პირველი შოკი უკვე გადაიტანეს, საერთაშორისო ვალდებულებების მომსახურებაც მოახერხეს და ახლა, პოლიტიკური არასტაბილურობის მიუხედავად, იმაზეც დაიწყებენ ფიქრს, რომ ბიზნესს მათი მხრიდან რეალური დაკრედიტება სჭირდება. ამაზე ფიქრის და მოქმედების გააქტიურების დაწყება არ უნდა დაგვიანდეს, თუ არა, სხვა შემთხვევაში, თავად ბანკებსაც მკვეთრად შეუმცირდებათ საპროცენტო შემოსავალი, ბიზნესის დაკრედიტებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
|