რამდენად მოსალოდნელია ეკონომიკური ვარდნა
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები დაძაბულობას ქმნის როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში. ეკონომიკური ვითარება შეუმჩნევლად, მაგრამ ნელ-ნელა რთულდება. ინვესტიციები შეფერხდა, ტურისტულ სეზონს მორიგი ჩავარდნა ემუქრება, ბიუჯეტი დიდი შემართებით და გადაჭარბებით ვეღარ სრულდება. რაც მთავარია, უკვე მოსახლეობასაც გადაედო ეკონომიკური უპერსპექტივობის შიში. ექსპერტთა აზრიც კი გაყოფილია. ზოგი აქციებს ეკონომიკასთან არ აიგივებს, ზოგი კი პირდაპირპროპორციულ კავშირს ხედავს.
9 აპრილიდან მოყოლებული ქართულ ბიზნესს მორიგი დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს. ბოლო დროს, ასეთი გამოცდების ჟამი, ბიზნესს რამდენიმე წელიწადში ან სულაც წელიწადში ერთხელ დაუდგება ხოლმე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიზნესმა თავისებური იმუნიტეტი გამოიმუშავა. ბიზნესმენებს სახეზე აწერიათ, რომ ასეთი მოვლენები საქართველოში არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება.
საპროტესტო აქციებმა უკვე მოახდინა გავლენა სამომხმარებლო პროდუქტების მოთხოვნაზე. თბილისის სამომხმარებლო ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში გაიზარდა მოთხოვნა პირველადი საჭიროების პროდუქტებზე.
დიდი ხანია, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას მთავრობა ფარად იყენებს, მათი ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი საპროტესტო აქციების გამართვის წინააღმდეგ სწორედ ეკონომიკური საფრთხეები იყო. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი შემდეგს აცხადებს, - ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა საქართველოში რამდენიმე რეალური ინვესტიციის შემოდინება შეაჩერა. მაჭავარიანის ინფორმაციით, ინვესტორები მოვლენების განვითარებას ელოდებიან და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. "ჩვენ ვხვდებით უცხოელ ინვესტორებს და ვიცით მათი განწყობა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მომავალი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება უახლოეს მომავალში პროცესები", _ ამბობს მაჭავარიანი.
ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით საგანელიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს: "ბუნებრივია, არასტაბილური სიტუაცია და ხელისუფლების შეცვლის მოლოდინი აფერხებს საინვესტიციო პროცესებს. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ამ ქვეყანაში რეალური ინვესტიცია კარგა ხანია თვალით არავის უნახავს, თუ არ ჩავთვლით ილუზიურ პროექტებს, რაზეც მთავრობა გამუდმებით გველაპარაკება. ამ ხელისუფლების ყოველი დღე ინვესტორისა და ინვესტიციისთვის დაკარგული დღეა."
შექმნილმა ვითარებამ ქვეყანაში გარკვეული ინვესტიციების შეჩერება უკვე გამოიწვია. როგორც სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ნიკა რამიშვილმა განაცხადა, მათმა პარტნიორმა ებრაულმა კომპანიამ 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება აპრილის ბოლომდე გადადო.
მიმდინარე საპროტესტო აქციები, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებულ დაბალ ინფლაციაზე და მოსალოდნელია მისი გაზრდა. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად, რაც ავტომატურად ძალიან ბევრი პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარება ფასების ზრდას გამოიწვევს და აქ მხოლოდ ეროვნული ბანკის როლი არ იქნება გადამწყვეტი.
ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტული კომპანიების კლიენტთა რაოდენობა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ტურისტული ბიზნესი. 9 აპრილს დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა შესაძლოა ტურისტული სეზონი წინა წლის მსგავსად ჩავარდნის საფრთხის წინაშე დააყენოს, რადგან საქართველოში არასტაბილური პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა უცხოელ ტურისტთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას გამოიწვევს.
ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობა ჯერ-ჯერობით არ აშფოთებს ქართულ საბანკო სექტორს. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები, ოპოზიციის საპროტესტო აქციების ფონზე, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. მათ შორისაა ის ფილიალები და სერვისცენტრები, რომლებიც უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრში – თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. თბილისში მიმდინარე აქციების გამო საბანკო სექტორის მუშაობის შეფერხების ან საბანკო პროდუქტების შეჩერების საფრთხე ჯერ არ არსებობს. ამ მხრივ პრობლემები, სავარაუდოდ, არც მომავალშია მოსალოდნელი.
ბიზნესმენთა ნაწილი საპროტესტო აქციებში აგვისტოს ომზე მეტ საფრთხეს ხედავს. ასეთი განცხადება გააკეთა "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელმა მაია რჩეულიშვილმა. "როგორ შეიძლება ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში ომი და პოლიტიკური არასტაბილურობა იყოს. საქართველოს საინვესტიციო გარემოსთვის აგვისტოს მოვლენებს არ მიუყენებია იმდენი ზიანი, რასაც საპროტესტო აქციები და მსგავსი პოლიტიკური კატაკლიზმები აყენებს. იანვარში სამშენებლო სექტორში ფინანსური აქტივობა 60% იყო, აპრილში კი დაახლოებით 10%-ია და თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში ეკონომიკა ჩამოიშლება."
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სამშენებლო ბიზნესზეც აუცილებლად უარყოფითად აისახება. "მშენებლობა იმდენად ფაქიზი სფეროა, რომ ნებისმიერი დესტაბილიზაცია, ან უბრალოდ დესტაბილიზაციის საფრთხის ფონის შექმნა, მას მძიმე დარტყმას აყენებს, როცა ქვეყანაში სტაბილურობის შეგრძნება არ არსებობს, უძრავი ქონების ყიდვაზე არც ადგილობრივი მცხოვრები ფიქრობს და მით უმეტეს არც უცხოელი", - აცხადებს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.
ბიზნესმენთა ნაწილი სხვაგვარად სჯის არსებულ მდგომარეობას. მათი განცხადებით, 9 აპრილის აქცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაზე დადებით გავლენას უფრო მოახდენს, ვიდრე უარყოფითს, რადგან ეს აქცია ნათელი დადასტურება იქნება იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატია ნამდვილად არსებობს. დემოკრატია კი, თავის მხრივ, ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო ნიადაგს ქმნის.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან ეკონომიკის ექსპერტები. მათი აზრით, ყველაზე მეტად საბიუჯეტო სფეროს და ინვესტორებს გაუჭირდებათ.
ექსპერტთა აზრით, იმისათვის, რომ პოლიტიკური მოვლენის ქვეყნის ეკონომიკაზე ასახვა თვალშისაცემი გახდეს, დროა საჭირო. შესაბამისად, დრო სჭირდება იმის გაგებასაც, თუ რა დარტყმას მიაყენებს აპრილის აქციები ქართულ ეკონომიკას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველომ ასეთი პერიოდი უკვე რამდენჯერმე გაიარა.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს: "თუ მიმდინარე მოვლენებმა უმართავი სახე მიიღო, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას. მთავარია, რომ საპროტესტო აქციებმა რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამოიწვიოს, რომელიც პირველ რიგში ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის იქნება სასიკეთო."
უფრო ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ღაღანიძე, - "დემონსტრაციები არაფერს შეაფერხებს, მთავარია, როგორ და რითი დასრულდება ოპოზიციის მიერ ორგანიზებული გამოსვლები. თუ ყველაფერი წყნარად და მოლაპარაკებით დამთავრდა, ეს არათუ შეაფერხებს ინვესტიციების შემოდინებას, არამედ ეს იქნება ძალიან კარგი სიგნალი ყველა დასავლელი ინვესტორისთვის. მთავარია ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული და ასეთ შემთხვევაში, ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ნამდვილად არ დააზარალებს."
შოთა ბუჩუკური