ნანახია: 1116
ბოლო დღეებში, აპრილის საპროტესტო აქციების მოახლოებასთან ერთად, მეანაბრეებს შეშფოთება დაეტყოთ. ამას მოწმობს "ბანკები და ფინანსების" რედაქციაში მკითხველთა ზარები და მათი კითხვები - ხომ არ სჯობს, დანაზოგი ბანკებიდან დროებით გამოიტანონ. გვეკითხებოდნენ იმასაც, ამ თვალსაზრისით, რომელი ბანკია უფრო სანდო. ასეთი შინაარსის საუბრებს ხშირად მოკრავდით ყურს ამ დღეებში ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ თავშეყრის ადგილებში. მოსახლეობის შეშფოთება, როგორც დღეს მოდური სიტყვით ამბობენ ხოლმე, ლეგიტიმურია, რამდენადაც ყველას ახსოვს, რა ვითარება შეიქმნა აგვისტოს ომის იმ დღენახევრიან მონაკვეთში, როცა მოსახლეობამ ბანკებიდან 300 მილიონამდე მოცულობის დეპოზიტი გაიტანა. ზედმეტად ფრთხილები, ალბათ, დღევანდელ ვითარებაშიც ასე ამჯობინებენ, პრინციპით - ჩემი ოქრო ჩემთან. თუმცა, არ გვგონია, რომ ასეთთა რიცხვი ბევრი იყოს. - აგვისტოს დამზაფვრელ ომსა და დღევანდელ ვითარებას შორის აშკარა სხვაობაა. თუმცა, მეანაბრეთა შეშფოთების ტენდენცია, მოდით ასეთი ფაქიზი დეფინიციები გამოვიყენოთ, სახეზე რომ არის, ესეც ცხადია. ჩვენ იმპერატიულად ვერავის ვურჩევთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ჩვენ, ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენი მხრივ, მხოლოდ იმის თამამად თქმა შეგვიძლია, რომ არსებული მონაცემებით, რომელსაც ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები აქვეყნებენ, პანიკისა და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. როგორც ჩანს, მეანაბრეებშიც ასეთივე განწყობაა, თორემ რჩევას არავინ დაელოდებოდა, ისე მიაწყდებოდა ხალხი ბანკების ფილიალებსა და სერვის-ცენტრებს. დღეს, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც აცხადებს, რომ მათი ქმედებები კონსტიტუციურ ფარგლებს არ გასცდება. კარგი იქნება, რადგან ეკონომიკას რყევები და ნეგატიური მოლოდინები არ უყვარს, მაგრამ ეკონომიკას, მათ შორის ფინანსურ სექტორს, არც წნეხისა და ბიზნესების პოლიტიკური ნიშნით მონოპოლიზების ქვეშ უყვარს მუშაობა, როგორც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ხშირად ხდება ხოლმე. ვერც პოლიტიკურ პროცესს შეაცერებ ეკონომიკური მიზანშეწონილობის მოშველიებით. არც ასე ხდება არასდროს. "ბანკები და ფინანსებმა" ეროვნულ ბანკს, კომერციულ ბანკებსა და ეკონომიკის ექსპერტებს სთხოვა შეეფასებინათ დეპოზიტების ბაზარზე დღეს არსებული ვითარება და ის რისკი, რაც საბანკო სექტორს შესაძლოა მოსალოდნელი პოლიტიკური დაძაბულობიდან გამომდინარე დაემუქროს. აგრეთვე, პრევენციების სისტემა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა განახორციელონ არასასურველი გზით მოვლენების განვითარების თავიდან ასაცილებლად. კი არ ივაჭრონ ამ თემით, არამედ თან გადაწყვეტილებები მიიღონ და თან ხალხზე და ქვეყანაზე იფიქრონ და არა საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე. საქართველოს ეროვნული ბანკიდან გვაცნობეს, რომ სებ-ი და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში ფლობს ინფორმაციას საბანკო სისტემაში დეპოზიტების დინამიკისა და სისტემის ლიკვიდობის შესახებ. ამ ინფორმაციისა და მისი ანალიზის საფუძველზე ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ დეპოზიტების გადინების ტენდენცია სექტორში არ შეინიშნება. სექტორს არც ლიკვიდობის პრობლემა აქვს, რამდენადაც სისტემის ლიკვიდობა მნიშვნელოვნად აღემატება მოთხოვნილ საზედამხედველო მინიმუმს - 20 %-ს და სადღეისოდ 29 %-შეადგენს. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს გააჩნია მილიარდნახევარი აშშ დოლარის მოცულობის სავალუტო რეზერვი, რაც სტაბილურობის ასევე მყარი გარანტიაა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საბანკო სექტორის მდგრადობის ეჭვქვეშ დაყენებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია. დეპოზიტების გადინების რაიმე უჩვეულო ტენდენციას არც წამყვან კომერციულ ბანკებში აფიქსირებენ. ბანკებში აღნიშნავენ, რომ გადის ის დეპოზიტები, რომელთაც ვადა უმთავრდებათ. თუმცა, მათი უმრავლესობა კვლავ ახალი ვადით რჩება ბანკებში. ბანკები არც გავრცელებულ ხმებს ადასტურებენ სალაროებთან მომრავლებული რიგების თაობაზე. დეპოზიტების მოძრაობაც და კლიენტთა მხრიდან საბანკო აქტივობაც, მათ შორის, კომერციული თუ საბიუჯეტო გადარიცხვების კუთხით, ზუსტად ისეთია, როგორიც მეორე კვარტლის დასაწყისს შეესაბამება, - აცხადებენ კომერციულ ბანკებში. "ბანკები და ფინანსები" საბნკო-საფინანსო სექტორში შექმნილი მდგომარეობისა და შესაძლო რისკების თაობაზე ექსპერტთა მოსაზრებებს გთავაზობთ. ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ლადო პაპავა ბანკებიდან ფულის გატანას არავის ურჩევს, რადგან მიაჩნია, რომ ამით შეიძლება თავად მეანაბრეებმა შექმნან კრიზისი, რომელიც მოსალოდნელი არაა. "იდეალურ რჩევას ვერავის მივცემ, იდეალურ რჩევას ვერცერთი ექსპერტი და ეკონომისტი ვერ მოგცემთ. ამიტომ, რასაც ვიტყვი ნურავინ ჩათვლის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად. მაგრამ ცხადია, რომ საბანკო სექტორთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პანიკა მხოლოდ და მხოლოდ დამანგრეველია. პანიკას იწვევს შიში და ეს შიში შეიძლება არ გამართლდეს. ამიტომ ამით არ შეიძლება საქმის გაფუჭება. მაგალითად, თბილისში რუსის ჯარი არ შემოსულა, მაგრამ ხალხს ბანკებიდან ფული გაჰქონდა. ამით მოსახლეობამ პანიკა თავად შექმნა. დღეისთვის, სჯობს, ნუ დავძაბავთ სიტუაციას. დარჩება სააკაშვილი, თუ ოპოზიცია მოვა სათავეში, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას სჭირდება სტაბილურობა. საბანკო სექტორი კი ის სფეროა, რომელსაც უაღრესად ფაქიზად უნდა მოპყრობა. არ უნდა მოხდეს რაღაცის შიშის გამო ბანკებიდან ფულის გატანა. ამით შეიძლება მხოლოდ იმას მივაღწიოთ, რომ ჩვენი საბანკო სფერო თავადვე დავანგრიოთ, თან ისე, რომ საამისო არც არაფერი ხდებოდეს," - მიაჩნია ლადო პაპავას. საკითხს პოლიტიკურ პრიზმაში განიხილავს ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი. იგი გამოსავალს მომავალზე ორიენტირებული, ნამდვილად ქართული და კვალიფიციური ხელისუფლების ჩამოყალიბებაში ხედავს და მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც საამისოდ ყველაფერი უნდა გააკეთონ. "დღეს ისეა დაყენებული საკითხი, რომ შეიძლება ცუდად ვმართოთ ქვეყანა, ოღონდ ნუ დაგვექცევა ეკონომიკა. მე ასე არ ვთვლი. შესაძლოა, რაღაც ეტაპზე უკანაც კი დავიწიოთ ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ამან, სწორი გათვლების შემთხვევაში, დიდი შანსია, ხვალ ნახტომით წაგვწიოს წინ. რაც შეეხება დეპოზიტების გადინების ტენდენციას, პრინციპში, მე სადღეისოდ ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ აქ მოულოდნელი არც არაფერი იქნება. რადგან კრიზისი სწორედ ეს არის, როდესაც ხალხს დეპოზიტები გააქვს და ბანკებისადმი ნდობა იკარგება. შესაბამისად, იკვეცება ან წყდება აქტიური ოპერაციები ბანკების მხრიდან, ანუ კრედიტებს ვეღარ გასცემენ. გამოსავალი და ამ ნეგატიური მოლოდინების გაქრობა ამ ხელისუფლების ნამდვილი ქართული ხელისუფლებით ჩანაცვლებაშია. და თუ ეს მოხდება, არც არაფერია საშიში, მათ შორის, არც საბანკო კრიზისი", - თვლის ნოდარ ჯავახიშვილი. ეკონომიკის ექსპერტის დემურ გიორხელიძის აზრით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას პრობლემები უკვე აქვს შექმნილი, რამდენადაც ქვეყანაში ნეგატიური მოლოდინის რეჟიმია. ბიზნესები პრაქტიკულად გაჩერებულია, ინვესტიციები შეჩერებული და ყველა ელოდება, მოვლენები რა კალაპოტში განვითარდება. მისი აზრით, ის, რომ დეპოზიტების გადინების არსებულ თუ შესაძლო ტენდენციაზე გვიხდება საუბარი, ესეც 9 აპრილის გამოსვლების მოლოდინის შედეგია. "ყველა პრობლემა ადრე თუ გვიან წყდება, მაგრამ პოლიტიკური პრობლემები პოლიტიკური მოლაპარაკებების ჩარჩოებში უნდა გადაწყდეს. სხვა შემთხვევაში, ეკონომიკასა და ფინანსებს უახლოეს ხანში განვითარების რაიმე პერსპექტივა არ ექნება. საბანკო სექტორს უკვე აქვს სერიოზული პრობლემები. პირველ რიგში ეს არის ლიკვიდობის პრობლემები. მე არ ვიცი, რაში სჭირდება ეროვნულ ბანკსა და მთავრობას განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში ყველაფერი კარგადაა. ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი კარგად იყოს. მაგრამ ასე მარტივადაც რომ არ არის?! სახეზეა ფუნდამენტალური პრობლემა - საქართველოს საბანკო სისტემა დღეს საქართველოს ეკონომიკას ვერ აკრედიტებს. სხვა ფუნქცია ბანკებს არ შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ქართული ფინანსური სისტემის პრობლემა. მთელ მსოფლიოში ნათელი გახდა, რომ ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საბანკო ზედამხედველობის შერბილებამ, ახალ ფინანსურ ინსტრუმენტებზე რეგულირების არქონამ და ა.შ. გამოიწვია საშინელი დისპროპორციები, როცა საფინანსო სისტემა სწრაფად განვითარდა და მოწყდა რეალურ ეკონომიკას და ბანკებს უკვე აღარ აინტერესებდათ რეალური ეკონომიკის დაფინანსება. ზუსტად იგივე პრობლემაა საქართველოში. ყოველ მოსახვევში საბანკო ფილიალები იხსნება და ამ დროს საქართველოს ეკონომიკა დაუფინანსებელია. საბანკო სისტემა საქართველოში იმაზე სწრაფად ვითარდებოდა, ვიდრე ამის საშუალებას საქართველოს ეკონომიკა იძლეოდა. შედეგი ისეთი გვაქვს, რომ ამ დისპროპორციებმა ბანკებში გამოიწვია სერიოზული გადახრები. ახლა საჭიროა, ეს გადახრები გამოსწორებული იქნას და რისი გადარჩენაც შეიძლება, გადავარჩინოთ, რისი შეცვლაც შეიძლება, შეიცვალოს და ა.შ. ამას, რა თქმა უნდა, საქმიანი გარემო სჭირდება და 9 აპრილის მოლოდინის ფარგლებში ვერც საბანკო სისტემის პრობლემა იქნება დაძლეული, ვერც სხვა რამ. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ თუ პოლიტიკური სიტუაცია ვერ გაირკვა ქვეყანაში, ეკონომიკისა და საბანკო სექტორის პრობლემები ისევ პრობლემებად დარჩება", - განუცხადა "ბანკები და ფინანსებს" დემურ გიორხელიძემ ექს სახელმწიფო მინისტრის, დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკონომიკის ექსპერტ ნიკო ლეკიშვილის აზრით, საბანკო სფერო ისედაც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. იგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა და გამწვავებები ცალსახად უარყოფითად აისახება ინვესტორთა დაინტერესებაზე. "რაც მალე დასრულდება პოლიტიკური დაძაბულობა, მით უკეთესი იქნება ყველა თვალსაზრისით. როგორც ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე ფინანსური სექტორის ჯანსაღი განვითარებისთვის, მათ შორის, ცხადია, უპირველეს ყოვლისა, საბანკო სექტორისთვის. პროცესები პოლიტიკურ ჭრილში უნდა დარჩეს და არ უნდა გასცდეს მას. გამოსავალი ეს იქნება. დღეს, კომპანიებს, რომლებიც საფინანსო ბაზარზე ოპერირებენ, ფაქტობრივად შეჩერებული აქვთ აქტივობა და ელოდებიან რა იქნება ხვალ. რაც შეეხება საკითხს, გაედინება თუ არა დეპოზიტები, ან არის თუ არა ამის საფრთხე, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ თუ თანხები ბანკებიდან გაედინება, ეს ხდება არა იმიტომ, რომ რომ ბანკებს არ ენდობიან, არამედ იმიტომ, რომ მოსახლეობას გაუჭირდა და დანაზოგების ხარჯვას მიჰყო ხელი. თუმცა, არ მგონია, რომ ეს პროცესი მასშტაბური იყოს და რამენაირი ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს საბანკო სექტორზე.Eმთავარი პრობლემა ის არის, რომ ბანკები კრიზისმა ზომაზე მეტად დააფრთხო და მათ ფაქტობრივად ხელაღებით შეწყვიტეს ბიზნესისა და კერძო პირების დაკრედიტება. მე ესეც დროებითი პრობლემა მგონია, თუმცა არც იმას ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის გადაჭრას ქვეყანა სწრაფად შეძლებს", - მიაჩნია ნიკო ლეკიშვილს. ფინანსთა მინისტრის ექს მოადგილის, ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ ხადურის აზრით, უმთავრესი ამოცანა ის არის, რომ პოლიტიკური პროცესი არ გასცდეს კონსტიტუციურ ფარგლებს. ამ შემთხვევაში იგი მთავრობისთვის, მოსახლეობისთვის, ეროვნულ ბანკისა თუ კომერციული ბანკებისთვის სანერვიულოს ვერაფერს ხედავს. "კონსტიტუციურმა ქმედებებმა შეუძლებელია რაიმე საფრთხე შეუქმნას ეკონომიკურ აქტივობას. კონსტიტუციური ფარგლების დარღვევა რომელიმე მხარის მიერ მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. ასე რომ, ეკონომიკური აქტივობისთვის საფრთხეს საერთოდ ვერ ვხედავ. შეგახსენებთ 2007 წლის ნოემბერს, როდესაც ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური პრობლემები იყო და ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. ამ პერიოდში ბანკებს პრობლემები არ შექმნიათ. ასევე, მინდა შეგახსენოთ 2003 წლის ნოემბერი, როცა ქვეყანაში ფაქტობრივად რევოლუცია მოხდა. ეს წელი საერთოდაც საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეპოზიტებიდან მასობრივი და მასშტაბური გადინებაა, არ ვფლობ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საბანკო სექტორიდან ფულის გატანა მხოლოდ ჭორებს შემიძლია დავაბრალო და მას 9 აპრილს დაგეგმილ აქციასთან საერთო არ აქვს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ საბანკო სექტორი დღეს საფრთხის წინაშე არ დგას, მან კრიზისული წერტილი გადალახა და დღეს საკმაოდ მდგრადია. როგორც კომერციული ბანკების, ასევე ეროვნული ბანკის ანგარიშები ამაზე მეტყველებს," - უთხრა ნოდარ ხადურმა "ბანკები და ფინანსებს". ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექს თავმჯდომარე, ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანიაც მიიჩნევს, რომ უმთავრესი პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ფარგლებში განვითარებაა. "მოვლენათა კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩენა გარანტი იქნება იმისა, რომ ქვეყანას არ შეელახება საერთაშორისო და საინვესტიციო იმიჯი, არ გვექნება მაკროეკონომიკური დესტაბილიზაცია, ვალუტის კურსი შედარებით მყარი იქნება და ა.შ. რაც შეეხება დეპოზიტების გადინების თემას, შესაძლოა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ცდილობს, რომ ნაღდი თანხა მოიმარაგოს, მაგრამ არ მგონია ამ პროცესმა, თუკი ასეთი მართლაც შეინიშნება, საბანკო სფეროს მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნას. დღეს, საბანკო სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სისტემა მდგრადია. არსებული მონაცემები მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საბაბს არ იძლევა." - ამბობს დავით ნარმანია.
ადა ექიზაშვილი გიორგი გიორგაძე
|