ნანახია: 883
სავალუტო აუქციონები ახალი მექანიზმია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მარტიდან აამოქმედა. აღნიშნული ინსტრუმენტი, ეკონომიკის აშშ დოლარის ლიკვიდურობის ასამაღლებლად, ფართოდ გამოიყენება განვითარებული ქვეყნების სავალუტო ინტერვენციებში. ეროვნული ბანკის მესვეურთა განცხადებით, ახალი ინსტრუმენტის დანერგვა სავალუტო ბაზრის განვითარებას და ეროვნული ბანკის ოპერაციების "უკეთ ეფექტურობას" განაპირობებს. აუქციონი "ბლუმბერგის სისტემის" პროგრამული უზრუნველყოფით ხორციელდება. საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი მონეტარული ინსტრუმენტის გააქტიურებასთან ერთად თანდათანობით ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე (თბსბ) ინტერვენციებს შეზღუდავს. ამის ფონზე სებ-ი გაცვლითი კურსის ყოველდღიური მერყეობების გაზრდას ელის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სებ-ი შეწყვეტს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მონაწილეობას, თუმცა შეეცდება ნელ-ნელა შეამციროს თბსბ-ზე ინტერვენციები და ამ მიზნით გამოიყენოს ახლად შემოღებული ინსტრუმენტი - სავალუტო აუქციონები. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც უფრო თანამედროვე და მოქნილია, ვაჭრობა კვირაში ორჯერ (სამშაბათი, ხუთშაბათი) ტარდება და იგი ნაწილობრივ ჩაანაცვლებს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟას. კვირის დარჩენილ დღეებში ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა ჩვეულებრივ ჩატარდება. ამასთან, ახლადდანერგილი სისტემის მეშვეობით კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ 24 საათის განმავლობაში ივაჭრონ უცხოური ვალუტით პირდაპირ ბანკთაშორის ბაზარზე. ოფიციალური სავალუტო კურსი კვლავაც ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ვაჭრობის მიხედვით განისაზღვრება. ამ დროისათვის სავალუტო აუქციონების გარდა სებ-ის რამდენიმე მონეტარული ინსტრუმენტი მოქმედებს: ერთდღიანი სესხები (13%), 7 დღიანი რეფინანსირების ინსტრუმენტი (6,5%), სამთვიანი სადეპოზიტო სერთიფიკატი (13%-მდე). საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლალიაშვილი სავალუტო აუქციონის შემოღებასთან დაკავშირებით აცხადებს: "დღეს, ვინაიდან კერძო კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში გარკვეულწილად შემცირებულია და დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა საერთაშორისო დახმარების სახით შემოდის, ცენტრალური ბანკი სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა სავალუტო ინტერვენციების უფრო ეფექტური მექანიზმის შემოღება. აუქციონები საბირჟო ვაჭრობისგან განსხვავებულ პრინციპებს ეფუძნება." მისივე განცხადებით, სებ-ის ყველა ახალმა და ძველმა ინსტრუმენტმა ერთ სისტემაში უნდა მოიყაროს თავი. ექსპერტები განმარტავენ, რომ ერთი ფანჯრის პრინციპი ბაზრის მონაწილეებისთვის უფრო მისაღები იქნება. ეს მოდელი საბოლოოდ თბსბ-ის ბირჟის გაუქმებას და ბანკთაშორის ვაჭრობების ახალ მოედანზე გატანას გულისხმობს. ამით პროცედურები გამარტივდება, ბანკებს შორის ვაჭრობა გაიოლდება. ასევე სებ-ი დაზოგავს ხარჯებს. საკომისიო თბს ბირჟაზე დადებული გარიგებიდან 0,007%-ით განისაზღვრება. ასევე სებ-ის ხარჯებს ზრდის ის ფაქტორი, რომ სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონში მონაწილე კომერციული ბანკები ყოველგვარი საკომისიოსგან თავისუფლდება. ლარის კურსის დადგენა მოხდება იმ დღეებში, როდესაც სავალუტო ბირჟა გაიმართება. რაც შეეხება ოფიციალურ კურსებს, ეროვნული ბანკი მათ კვლავინდებურად ყოველდღიურად გამოაქვეყნებს.
შოთა ბუჩუკური
|