ნანახია: 767
ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
"ქართული კრიზისის ანატომია ის არის, რომ მისი ნეგატივის ნახევარი ჩვენში მიმდინარე პროცესების გამოძახილია, მეორე ნახევარი კი, გარეშე ფაქტორებზე დამოკიდებულების"
- ბატონო ნიკო, რა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოზე, რომელ სეგმენტზე უფრო აისახა, რატომ არის ეს ზეგავლენა ასე საგრძნობი ჩვენი მსოფლიო ეკონომიკაში ნაკლებად ინტეგრირებული ეკონომიკისთვის? - მსოფლიოკრიზისი, ბუნებრივია, ჩვენამდეც მოაღწევდა. ისიც ბუნებრივია, რომ ის ყველაზე მძაფრად იმ სექტორებს შეეხებოდა, რაც მეტადაა განვითარებული. ასეთი კი საბანკო და სამშენებლო სფეროებია. ბანკები იაფ უცხოურ რესურსს იზიდავდნენ და ამის ხარჯზე ვითარდებოდნენ ასე სწრაფად, ბანკებზე იყო მიბმული მშენებლობების დიდი ნაწილიც. იაფი რესურსი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. შესაბამისად, პროცესი თუ არ გაჩერდა, ძალიან შეფერხდა. ასეთივე მდგომარეობაა ჩვენს მსგავს ქვეყნებშიც. ამას დაემატა ომის შედეგებიც, ეს რთული ფსიქოლოგიური მომენტია და მას ომის სინდრომს ეძახიან. ასეთ დროს, როგორც ბიზნესმენების ისე და რიგითი ადამიანების მდგომარეობა სტრესულია. არავინ ცდილობს რესურსების რაიმე საქმეში ჩადებას. ამას საინვესტიციო შიმშილიც უნდა დავუმატოთ, რადგან კრიზისის პირობებში არსებულ პოტენციურ ინვესტორებსაც კი გაურკვეველი მოლოდინი აქვთ მომავლისადმი. ასეთ დროს ყველა ზღუდავს რესურსებს და უკეთეს დროს ელის. სამწუხაროდ, ეს ასეა. პროცესი, ჩემი აზრით, საქართველოში გაგრძელდება, რამდენადაც ჩვენ ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. რა მდგომარეობაც ახლა მსოფლიო ფინანსურ და არამარტო ფინანსურ ბაზრებზეა, ჩვენთან ჯერ არ დამდგარა. ეს ვითარება რამდენიმე თვეში დადგება. შესაბამისად, როცა დასრულდება კრიზისი მსოფლიოში და განვითარებულ ქვეყნებში და დაიწყება პოზიტიური ცვლილებები, ჩვენი ეკონომიკაც ადეკვატურად უპასუხებს მას, მხოლოდ, ცოტა მოგვიანებით. - როგორ ფიქრობთ, როდის დადგება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პიკი და როდის დაიწყება ეკონომიკური ზრდა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებისთვის (აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი)? - არ მგონია, რომ ეს სწრაფად მოხდეს. ჩემი ვარაუდით, მხოლოდ 2010 წლის შემოდგომისთვის იქნება შესაძლებელი პოზიტიური ტენდენციების დანახვა. მე ასეთი პროგნოზი მაქვს. ძალიან ბევრი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები აშშ-ში, რადგან აშშ უფრო თამამია გადაწყვეტილებებში, ვიდრე ევროპა. ახლა ევროპა თითქოს დაბნეულია. ევროპის ყველა ქვეყანას თავისი ამბიცია და პროცესებისადმი თავისი დამოკიდებულება აქვს და იმიტომ. ევროპა აშშ-ს შეჰყურებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ევროპელი ლიდერები მოქმედებას. დიდი მნიშვნელობა ექნება `ოცეულის~ აპრილის შეხვედრას და სხვა ამგვარ თავყრილობებს. მსოფლიო ლიდერები აშშ-ს მეთაურობით ერთად უნდა მივიდნენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებამდე. ბუნებრივია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აზიის ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს. თუმცა, მგონია, რომ ისინი უფრო ადვილად გადაიტანენ პრობლემებს, რადგან სოციალური პრობლემატიკისადმი გამწვავებული დამოკიდებულება ნაკლებად ახასიათებთ. მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში დიდად არ მიაქცევენ ყურადღებას, უმუშევარი ორი მილიონი ადამიანი დარჩება თუ ოცი. მთლიანობაში, მსოფლიო ეკონომიკას კრიზისამდელ ნიშნულზე დასაბრუნებლად, ვფიქრობ, უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე 2 და 3 წელია. - ამერიკის მთავრობამ 800 მლრდ დოლარი გამოყო ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის, ჩვენს ხელისუფლებას ფაქტობრივად სახსრები ამ მიზნით არ გამოუყვია მას 4.5 მლრდ დოლარის იმედი აქვს, რაც დონორებისაგან და მეგობრებისაგან უნდა მივიღოთ. მოდით, ჯერ ამერიკის ეკონომიკაზე ვთქვათ, შეაჩერებს ეს დახმარება და გატარებული ღონისძიებები ამერიკის ეკონომიკის რეცესიას, თუ ამ კრიზისში ლიბერალიზმის და საბაზრო ეკონომიკის კრახის ნიშნები უნდა დავინახოთ? - მე არ ვიტყვი, რომ ეს კრიზისი ლიბერალიზმმა გამოიწვია. იგი უფრო აშშ-ს წინა ადმინისტრაციის არასწორი მიდგომების შედეგია ლიბერალიზმის მიმართ. აბსოლუტურ უკონტროლობას საფინანსო კუთხით დაემატა ერაყის ომის დროს თანხების ფლანგვა, საიმისოდ, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შექმნოდა და უსასრულოდ და უკიდეგანოდ ესარგებლა სესხებით. ეს უკვე აღარაა ლიბერალიზაცია, ამგვარმა მიდგომამ გამოიწვია ქაოსი. საერთოდ, ვთვლი, რომ წინა ადმინისტრაციის პერიოდი ურთულესი იყო აშშ-სთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც. აშშ-ს წინა ადმინისტრაცია ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, თუ რა შეიძლებოდა გამოეწვია ამა თუ იმ გადაწყვეტლებას ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ისინი უფრო ორიენტირებულნი იყვნენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, ერაყის ომზე, რომელმაც წაიღო უთვალავი თანხები და მე ვერც კი ვხსნი ამხელა დანახარჯების ობიექტურ მიზეზებს. ზოგჯერ მგონია, რომ ამგვარი მიდგომა უფრო მეტად სუბიექტური ასპექტებით იყო განპირობებული. რაც შეეხება ლიბერალიზმის და საბაზრო ეკონომიკის კრახს, არ მგონია, რომ ეს ასე იყოს. თავად დააკვირდით, - აშშ-ში სახელმწიფო დროებით ყიდულობს აქტივებს. მდგომარეობის გამოსწორებისთანავე ეს აქტივები ისევ კერძო სექტორს დაუბრუნდება. ამდენად, ეს არ არის ნაციონალიზაცია, ეს დროებითი პროცესია. ანტიკრიზისულ მიდგომებს აშშ-ში ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან სხვა შემთხვევაში, ვერაფერი გადარჩებოდა. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ასეთი მასშტაბის დახმარებას ვერ ვუყოფთ ბიზნესსექტორს, არ მიმაჩნია მართებულად საკითხის ასე დასმა. ის სახსრები, რაც ჩვენ დონორი და მეგობარი ქვეყნებისგან უნდა მივიღოთ, და უკვე ვიღებთ, სერიოზული ბიძგია ჩვენი ეკონომიკისთვის. მეტსაც გეტყვით, ამ დახმარებების გარეშე კრახი გარდაუვალი იქნებოდა. მიმაჩნია, რომ ის პროცესიც, რომ პირველი ტრანშები სავალუტო რეზერვის შევსებას ხმარდება, სწორი გზა და მართებული მიდგომაა. იმედია, მომავალი ტრანშებიც მიზნობრივად და მიზანმიმართულად განთავსდება საქართველოს ეკონომიკაში, მათ შორის, საბანკო სექტორშიც. ახლა ვითარების შენარჩუნების ამოცანაა გადასაჭრელი და ეს არ არის გადაუჭრელი ამოცანა. - საქართველოს მთავრობას არ აქვს სპეციალური ანტიკრიზისული პროგრამა იგი 18 თუ 22 თვიანი გეგმის შესაბამისად მოქმედებს, თუმცა თავი რომ დავანებოთ ქაღალდებზე დატანილ გეგმებს, მთავრობას აქვს გარკვეული სტრატეგია, რომელიც, ჩემი აზრით, ბატონ ბენდუქიძის შეხედულებებს ემყარება ძირითადად. რამდენად საკმარისად მიგაჩნიათ თქვენ ეს ღონისძიებები და რა უნდა გაკეთდეს, რომ კრიზისი არ გაღრმავდეს? - ჩვენთან სრულყოფილი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია არ მომხდარა. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გამოყოფილია გარკვეული თანხები და რომ ის მოხმარდება ამ საქმეს. თუ როგორ მოხდება ამ პროცესის განხორციელება, ეს ბოლომდე არ ვიცით. ის, რომ ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება და ა.შ. სწორია და მართებული, მაგრამ არასაკმარისი. ეს პროცესი კარგ პერიოდშიც უნდა მიდიოდეს. ადმინისტრაცია საჭირო მინიმუმით უნდა იყოს უზრუნველყოფილი მხოლოდ. ის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, უდაოდ კარგია, მაგრამ ბანკებიდან დათხოვნილი მუშაკები გზების გაყვანასა და დაგებაზე ვერ იმუშავებენ. განა იმიტომ, რომ რაიმე სათაკილოა აქ, არა, მათ, უბრალოდ, სათანადო უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ. პრობლემა ნაკლებ გამჭვირვალობაშიცაა და ამ პრობლემის გადაჭრა ბევრ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. ამას ისიც ემატება, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიმღები პირები ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულნი საკუთარ მოსაზრებებში. არის გარკვეული ინიციატივები სოციალურ სფეროში, იგივე იაფი კრედიტისა და იაფი დაზღვევის პროგრამები. მაგრამ მათაც, ვფიქრობ, დახვეწა და სისტემურობა აკლიათ. არადა, კრიზისის ტალღას, დამერწმუნეთ, ჯერ არ გადაუვლია ჩვენთვის. ეს ტალღა ჯერ ისევ აღმართულია და დღე-დღეზე შეგვეხება. საერთოდ, კრიზისი ის არის, როცა ადამიანები ჩვეულ შესყიდვებზე უარს ამბობენ. ეს უკვე კრიზისის დასაწყისია. მასზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: პირველი, - რეალურად არ არის ფული; მეორე ხალხს ეშინია დახარჯვის და მესამე და მთავარი - ფსიქოლოგიური პანიკა. მარტივია, - როცა ადამიანმა ზუსტად იცის, როგორი იქნება მდგომარეობა ერთი წლის შემდეგ, ის სხვანაირად იქცევა. კრიზისის ქართული ანატომია კი ის არის, რომ მისი ნეგატივის ნახევარი ჩვენში მიმდინარე პროცესების გამოძახილია, მეორე ნახევარი კი გარემოზე, გარეშე ფაქტორებზე დამოკიდებულების. - მიიჩნევთ თუ არა, რომ ქართული ეკონომიკის საკვანძო ობიექტები, მათ შორის, ენერგეტიკული, რუსული ან საეჭვო წარმომავლობის ოფშორული კაპიტალის გამგებლობაში გადავიდა? - საერთოდ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი რომ ქართველების ხელში არ არის, ეს ფაქტია. საეჭვოა თუ არა, ეს სხვა საკითხია. მე სხვა რამ უფრო მაფიქრებს ამასთან ერთად. მაგალითად, გაუგებარია, რატომ გაიყიდა სახელმწიფო კომპანია "თბილგაზი" ასევე სახელმწიფო, ოღონდ ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიაზე?! ან, თუნდაც ენერგეტიკაში ჩამოყალიბებული სურათი რომ ავიღოთ, - აქ ერთი მოთამაშეა, "ენერგო პრო". ვფიქრობ უფრო კონკურენტული გარემო არ აწყენდა ჩვენს ენერგეტიკას. მეტი სიფრთხილეა საჭიროა, რადგან, გავა 10-15 წელი და დიდია შანსი იმისა, რომ ასეთ მსხვილ ეკონომიკურად ძლიერ ობიექტებს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების ცდუნება გაუჩნდეთ, რაც არ მგონია, რომ კარგი იყოს. რაც შეეხება ოფშორს, სადაც კომპანიის დარეგისტრირება ერთი ზარითაა შესაძლებელი. - მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ოფშორული კომპანიებისთვის რაიმე აქტივის ხელაღებით გადაცემის. ყოველთვის ჩნდება ეჭვი, - შენ თუ პატიოსანი კომპანია ხარ, რატომ რეგისტრირდები ოფშორში?! მაგალითად, `ჯენერალ მოტორსს~ აზრად არ მოუვა ოფშორზე დაფიქსირება? საეჭვო იმასაც ნიშნავს, რომ ოფშორში ძალიან ბევრია ურესურსო კომპანია. ალბათ, არ გაგვიჭირდება იმის გახსენება, თუ როგორ იგებდნენ კომპანიები ტენდერებს და მხოლოდ შემდეგ იწყებდნენ რესურსების მოძიებაზე ზრუნვას, რაც ხშირ შემთხვევაში, არ გამოსდიოდათ. ნუთუ ძნელია, ტენდერისას შესაბამისი მოცულობის I, ან თუნდაც II კატეგორიის საბანკო გარანტიის წარმოდგენის პირობაც ჩაიდოს?! - ბატონო ნიკო, თქვენ კარგად იცნობთ სოფელს, სოფლის მეურნეობას, მეღვინეობა-მევენახეობას, რა პერსპექტივა აქვს ჩვენში აგრობიზნესს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ბაზარი დახურულია და ეს შეიძლება კარგახანს გაგრძელდეს? - ჩვენ სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად, თუნდაც თქვენს მიერ აღნიშნული, რუსეთის ბაზრის ფაქტორი, რომელზედაც გვინდოდა თუ არა, მიბმული ვიყავით. გლეხს, ფერმერს, საერთოდ სოფელს სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება. რატომ გვეშინია პროტექციონისტული პოლიტიკის სოფელთან მიმართებაში? მაგალითად, იგივე ესპანეთში, თქვენ იმპორტირებულ პროდუქციას ძნელად ნახავთ, და თუ ნახავთ, გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე ადგილობრივი. ან მევენახეობის პრობლემა ავიღოთ. მე არ მესმის, უბრალოდ, ვერ ვიგებ რატომ ამოიღეს პუნქტი კანონიდან "ვაზისა და ღვინის შესახებ", რომელიც განსაზღვრავდა, რომ ყურძნის დამზადება მისი მოწევის ადგილზევე უნდა მოხდეს. ეს ხომ ფალსიფიკაციასთან ბრძოლის ეფექტური გზა იყო?! ახლა ნებისმიერს შეუძლია იყიდოს ცოტა ალექსანდროული და ჩამოასხას ტონობით "ხვანჭკარა". ამის გაკონტროლება შეუძლებელია. კანონის ამ პუნქტის არსებობის და მკაცრი ადმინისტრირების პირობებში ეს შესაძლებელი იქნებოდა. ესეც რომ არა, გლეხს კახეთშიც და რაჭაშიც გაყიდვები შეუმცირდა, ფაქტობრივად აღარ იყიდება ყურძენი. წლევანდელი შემოდგომის მეშინია, რადგან ღვინომასალებით სავსეა ყველა შესაძლო ჭურჭელი. იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ალტერნატივად რაიმე ადეკვატური ბაზარი მოძიებულია?! სამწუხაროდ, ასე არ არის. იგივე რუსეთის ბაზარი ხვალვე რომ გაიხსნას, არც იქ იქნება ძველებურად, არც რუსეთი მიიღებს ნებისმიერ ხარისხის ღვინოს თუ ღვინოს მიმსგავსებულ სითხეს. ამ პრობლემებზე ფიქრია საჭირო და შესაბამისი სახელმწიფოებრივი მიდგომების ჩამოყალიბება. - ახლა მინდა ისეთი კითხვა დაგისვათ, რასაც ყველა თავს არიდებს. რუსული თემა. რა უნდა ვქნათ, გავწყვიტოთ ყოველგვარი ურთიერთობა რუსეთთან განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიკური, ვიდრე ისინი არ გაიყვანენ ბაზებს სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან თუ უნდა დავიწყოთ დიალოგი სხვადასხვა დონეზე და აღვადგინოთ, პირველ რიგში, ეკონომიკური ურთიერთობა, რომელი გზა უფრო მისაღებია ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით? - დიალოგს ალტერნატივა არც ერთ შემთხვევაში არ გააჩნია. ჩვენ რომ ომები გვქონია თურქეთთან და ირანთან... მაგრამ ურთიერთობები დროთა განმავლობაში აღსდგა და თურქეთი დღეს ჩვენი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. მოხდა ეს ძალიან ცუდი ამბავი, ცხადია, დრო დასჭირდება ურთიერთობების დარეგულირებას, შეიძლება დიდი დროც, მაგრამ დიალოგი უალტერნატივოა. - როგორია ჩვენი კანონმდებლობა ბიზნესთან მიმართებაში რამდენად ხელსაყრელია ქართული ბიზნესგარემო, ფაქტები უამრავია საკუთრების უფლების ხელყოფის შესახებ, კიდევ რა საგადასახადო შეღავათები სჭირდება ბიზნესს კრიზისის გათვალისწინებით? - საკუთრების უფლების ხელყოფას გამართლება არ გააჩნია. რაც შეეხება საგადასახადო პოლიტიკას და ადმინისტრირებას, ბევრი რაღაც გაკეთდა და გამარტივდა, მაგრამ ახლა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში მეტია საჭირო. ძალიან ფრთხილი, მოზომილი და ამავდროულად სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების დროა ბიზნესთან მიმართებაში. შესაძლებელია ეს დროებითი ნაბიჯებიც იყოს. ახლა ყველა რთულ მდგომარეობაშია და მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდება. ლაპარაკია საგადასახადო და მსგავსი ხასიათის შეღავათებზე. ეს რთული პრობლემაა და მთავარია დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში მთავრობამ მოიცალოს და შეცვალოს რაიმე ბიზნესის საკეთილდღეოდ. იგივე სოფლის მეურნეობასთან მიმართებით, - მას, ვინც ახლა აგრარულ სექტორში გააკეთებს ინვესტირებას, მას სპეციალური ხელშემწყობი პირობები უნდა შეექმნას. - არ შემიძლია არ გკითხოთ, როგორც გამოცდილ ადამიანს, - როგორ უყურებთ 9 აპრილის აქციას და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს პოლიტიკური პროცესების აქტივიზაციამ ეკონომიკაზე, რა უნდა გაკეთდეს უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზაციისათვის და საერთოდ, თქვენი პროგნოზი - როგორ განვითარდება მოვლენები? - 9 აპრილთან დაკავშირებით ძალიან დიდი და სხვადასხვაგვარი მოლოდინია. ასეა თუ ისე, ოპოზიციამ შეძლო და პოლიტიკური ტემპერატურა ასწია. ახლა ყველა მხრიდან კეთილგონიერების მოხმობის დროა. ძალადობრივი მიდგომა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. არაფერი არაფრად მიღირს, თუ თუნდაც ერთ ადამიანს საფრთხე დაემუქრება ან შეექმნება. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესები კალაპოტიდან არ ამოვარდეს. ახლა ბიზნესიც და შემორჩენილი თუ პოტენციური ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან. საერთოდ, ყველაზე მთავარია, მივეჩვიოთ არჩევნების ნორმალურად ჩატარებას ანუ სამართლიანად. არასწორი ნაბიჯების გადადგმის უფლება ნამდვილად არავის აქვს. - ბოლო დროს არ ჩანხართ სარბიელზე, რას მოღვაწეობს ნიკო ლეკიშვილი. თქვენ ხომ იმ ასაკში ხართ, როცა ამერიკაში და საფრანგეთში, ზოგადად განვითარებულ ქვეყნებში დიდ საქმეებს იწყებენ. ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში პოლიტიკაში დაბრუნებას? - დღეს მე ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ საინვესიტიციო კომპანიისა "ნიბა ინვესტი". მთავარი პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ და რომლის პირველი ეტაპიც 2010 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს არის მასშტაბური მშენებლობა მსოფლიოს ათეულში შემავალი არქიტექტორის - ფუქსასის პროექტით. ეს პროექტი გულისხმობს დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ცათამბჯენის აგებას. ძალიან საინტერესო და მასშტაბური პროექტია, რომელშიც ქართულ მხარესთან, ანუ ჩვენთან, ასევე "სახალხო ბანკთან" ერთად წარმოდგენილნი არიან თურქები და იტალიელები. კრიზისმა ოდნავ შეგვაფერხა, მაგრამ დათქმულ ვადებში ვეტევით. ჩვენი კომპანია სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც ახორციელებს მცირე მასშტაბის პროექტებს. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, - მე ყოველთვის მაჟორიტარი, ანუ დამოუკიდებელი დეპუტატი ვიყავი. ბოლო არჩევნებში ეს სისტემა შეიცვალა და აუცილებლად რომელიმე პარტიას უნდა წარედგინა მაჟორიტარობის კანდიდატი. მე პოლიტიკური ტაიმ-აუტი ავიღე. მაგრამ, ისე მოხდა, რომ ამ 8-10 წლის მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობა ამომრჩეველთან და რაჭის მოსახლეობასთან დღესაც გრძელდება. ვიზიარებ მათ პრობლემასა თუ სატკივარს. სამწუხაროდ, ისეთი დროა, კარგი ამბით იშვიათად მოდიან. შეძლებისდაგვარად ვეხმარები, რჩევით მაინც. მომავალ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა მაჟორიტარების არჩევის წესი, კენჭისყრას ისევ ვაპირებ.
ესაუბრა გიორგი გიორგაძე
|