ნანახია: 544
დაიწყება თუ არა საბიუჯეტო კრიზისი?
საქართველოს 2009 წლის გასული ორი თვის საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლებს ასწრებს. იანვარ-თებერვალში ხარჯებმა შემოსავლებს 47 მილიონი ლარით გადააჭარბა. ექსპერტების განცხადებით, წლეულს საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება საკმაოდ რთული იქნება, ამიტომ არ არის გამორიცხული ბიუჯეტის სეკვესტრიც მოხდეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში 713,8 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა, საპროგნოზო მაჩვენებლი კი 687,9 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამავე პერიოდში ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვამ 760,7 მილიონი ლარი შეადგინა. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ 226,4 მილიონი ლარი დახარჯა: სახელმწიფო პენსიები, კომპენსაციები და აკადემიური სტიპენდიები - 142,4 მილიონი ლარი, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები - 38 მილიონი ლარი, სოციალური შეღავათების მონეტიზაციის პროგრამა - 3,7 მილიონი ლარი, სოციალური დახმარებების პროგრამა - 24,6 მილიონი ლარი, ლტოლვილთა და დევნილთა შემწეობები - 10,9 მილიონი ლარი, სხვა ხარჯები 6,8 მილიონი ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან - 12,1 მილიონი ლარი გამოიყო. განათლება 58,4 მილიონი ლარით დაფინანსდა. კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო - 9,8 მილიონი ლარით. იუსტიციის სამინისტრო - 12,7 მილიონი ლარით. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფინანსური კრიზისისა და ეკონომიკური აქტივობის შენელების გამო, შესაძლოა, წლის განმავლობაში საბიუჯეტო სეკვესტრი განხორციელდეს. ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ ფინანსთა სამინისტროში, როგორც მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა, 2009 წლის ბიუჯეტში გარღვევა არ არის და დაგეგმილი პრიორიტეტები წლის ბოლომდე 100%-ით შესრულდება. მისივე მტკიცებით, ბიუჯეტში ხარჯების შემცირება არ იგეგმება და შესაბამისად, სეკვესტრის ალბათობაზე საუბარიც აბსურდულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლის ბიუჯეტის მიღებისას პარლამენტმა რამდენჯერმე დაიწუნა ბიუჯეტის პროექტი და საკანონმდებლო ორგანოსთვის მისაღები ვარიანტის შესაქმნელად ფინანსთა სამინისტრომ საკმაოდ დიდი შრომა გასწი, წესით, იგი, ასე თუ ისე, ნორმალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა აშკარა ხდება, რომ შესაძლოა ბიუჯეტის სეკვესტრი გახდეს საჭირო. გასული წლის საბიუჯეტო კრახის შემდეგ, როცა წლის ბოლოს პროფიციტის ნაცვლად, 532 მილიონი ლარის დეფიციტი მივიღეთ, წელს არ იქნება გასაკვირი, თუ ბიუჯეტში კვლავ მნიშვნელოვანი დეფიციტი იქნება. ზოგადად, გაუმჭვირვალობა ქართული ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაკლია. ამ საფინანსო დოკუმენტის მოცულობა სულ 200 გვერდია, მაშინ, როცა იგი სულ მცირე, ამაზე 100-ჯერ მეტი უნდა იყოს. სადაც გარკვევით უნდა იყოს აღნიშნული, თუ სად და როგორ დაიხარჯება თითოეული თეთრი. როცა ფინანსთა სამინისტროში 2009 წლის ბიუჯეტს აკოწიწებდნენ, მაშინდელი მინისტრის ნიკა გილაურის მეთაურობით, საქართველოს მთავრობამ ამოსავალ წერტილად მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, სიღარიბის დაძლევა და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდა მიიჩნია. ერთია, თუ რას ამბობდნენ და მეორე რას აკეთებენ. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური ვითარებაა და პრეზიდენტი კი მთავრობას "ქამრების შემოჭერისკენ" და ხარჯების მაქსიმალურად შემცირებისკენ მოუწოდებს, პარლამენტი თავის დაფინანსებას 7 მილიონით ზრდის. ალბათ, უკეთესი იქნებოდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის გაზრდის ნაცვლად, ეს თანხა სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად მიმართულიყო. "ქამრების შემოჭერის" დროსაც კი რეგიონებში ჩინოვნიკებს ხელფასები გაეზარდათ და მათი ჯამაგირები "ჭამს" რეგიონალური ბიუჯეტების თითქმის 30%-ს. კიდევ ერთი ფაქტი, რაც ნამდვილად აღსანიშნავია და რაც მთელ მსოფლიოში, ალბათ, მარტო საქართველოში ხდება. ჩვენი უკუღმართი საგადასახადო პოლიტიკის თანახმად, ადგილობრივ ბიუჯეტებს განსაკარგავად მხოლოდ საშემოსავლო გადასახადები დაუტოვეს, დანარჩენი კი ცენტრალური ბიუჯეტისკენ გადატყორცნეს. შედეგად რაიონებისა და რეგიონების ხელმძღვანელები, ისედაც ამ ხელისუფლებისადმი მორჩილნი, ფინანსურ საკითხში უკვე ბატონ-ყმურ დამოკიდებულებაში აღმოჩნდნენ თბილისის მიმართ. ის, თუ რა რაოდენობის ტრანსფერს გიწყალობებენ ცენტრალური ბიუჯეტიდან, ეს შენი მთავრობისადმი ერთგულებაზე, გავლენაზე, მარიფათზე და უმაღლეს ხელისუფალთა შორის არსებულ მწყალობელთა არსებობაზეა დამოკიდებული და არა რაიონის პრობლემებზე და საჭიროებაზე.
შოთა ბუჩუკური
|