ნანახია: 1037
ქართულ ეკონომიკას ინფლაციის პრობლემა მოეხსნა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული ეკონომიკის უმთავრეს პრობლემას მაღალი ინფლაცია წარმოადგენდა, რასაც ჩვენი ხელისუფლება არ აღიარებდა და ყოველ თვე სტატისტიკის დეპარტამენტის მეშვეობით რეკორდულად დაბალ მაჩვენებლებს გვაწვდიდა. თუკი მთავრობა ვერ ამჩნევდა ფასების ზრდის მაღალ ტემპს, უბრალო მოქალაქეები კარგად ხედავდნენ, რომ მათი ჯიბეები სულ უფრო სწრაფად ცარიელდებოდა და ქვეყანაში რეალურად საკმაოდ მაღალი ინფლაცია იყო. 2008 წლის დასაწყისში მთავრობამ წლიური ინფლაცია 8%-ით განსაზღვრა და პირობა მოგვცა საშუალო წლიური ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებლით იქნება გამოხატულიო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში სამომხმარებლო საქონელზე ფასები საკმაოდ მაღალი ტემპებით იზრდებოდა, ოფიციალური მაჩვენებლები კვლავ გვამშვიდებდა. მართალია წლის დასაწყისში ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებლით იყო გამოხატული, მაგრამ წლის ბოლოს იგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა და საბოლოოდ გასულ წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 10% შეადგინა. როდესაც ხელისუფლებამ შეატყო დაპირებას ვერ ასრულებდა, დეკემბერში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების საერთო მატება 5,5%-ით გამოხატა. ფასების შემცირებას, ბუნებრივია, ხელი შეუწყო როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში 2008 წელს განვითარებულმა მოვლენებმა. როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო და მსოფლიო ფინანსურ კრიზისს ერთი დადებითი ფაქტორი ახლავს თან, მან მრავალ პროდუქტზე ფასები შეამცირა, რაც მოთხოვნის მკვეთრი შემცირებითაა განპირობებული. რაც შეეხება 2009 წელს, წლიური ინფლაცია მთავრობამ 9%-ით განსაზღვრა და ეჭვი მაქვს, რომ ეს გეგემა დიდი გადაჭარბებით შესრულდება. ამაზე მიანიშნებს მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში დაფიქსირებული ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლები. იანვარში წლიურმა ინფლაციამ კიდევ 1,1%-ით დაიკლო და 4,4% შეადგინა, რაც ორ-ნახევარჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბოლო ხუთ წელიწადში, 4%-იან ნიშნულს ინფლაციის დონე მხოლოდ 2006 წელს მარტში მიუახლოვდა, მას შემდეგ ინფლაციის დონე შეუქცევადად იზრდებოდა და კლება შარშან სექტემბრიდან დაიწყო. თებერვალში კი წლიურმა ინფლაციამ 2,1% შეადგინა. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე კომენტარს აკეთებს ექსპერტი სოსო არჩვაძე: "ინფლაციის ასეთი მაჩვენებელი იმ პროდუქტებზე ფასების კლებამ გამოიწვია, რომელიც სამომხმარებლო კალათას ავსებს. კერძოდ, ასეთია ნავთობპროდუქტები, რომელთაც კალათაში შემავალი 282 დასახელების პროდუქციის 5% უკავია. თუმცა ძალიან დაბალი ინფლაცია არ არის კარგი. დაბალი ინფლაცია ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვერ ვითარდება, ზრდის ტემპი შენელებულია და იგი რეცესიაში შედის. წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3,5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც თუ გავითვალისწინებთ აქამდე არსებულ 12,5%-იან ზრდას, ძალიან დაბალია." "ჩვენ გვაქვს, ინფლაციის მთავრობის მიერ მოწოდებული მაჩვენებელი და რეალურად მისი რაოდენობა არ ვიცით. არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და უმუშევართა რაოდენობის ზრდის გამო, ბუნებრივია, მოხმარება მცირდება რაც ხელს უწყობს ფასების შემცირებას. ეს მაჩვენებელი, ერთი მხრივ, კარგია, რომ ქვეყანაში დაბალი ინფლაციაა, მეორე მხრივ, იგი ხელს არ უწყობს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს," - მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე. ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი იმდენად გათამამდა, რომ რეფინანსირების განაკვეთს თითქმის ყოველთვიურად ამცირებს. ამ ინსტრუმენტის ფარგლებში კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან 6,5%-იანი წლიური განაკვეთით ფულად სახსრებს 7 დღით სესხულობენ. უკანასკნელი ფაქტი …18 მარტს დაფიქსირდა, როცა მონეტარულმა კომიტეტმა, სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით შეამცირა და იგი 6,5%-ით განისაზღვრა. საქართველოში მიმდინარე წელს არსებულ დაბალ ინფლაციასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ექსპერტი დავით ნარმანია შემდეგ კომენტარს აკეთებს: "არსებობს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელმაც არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიწვია ფასების შემცირება. ყველაზე მთავარი მიზეზია ნავთობის ფასის შემცირება, რომელიც ავტომატურად იწვევს ბევრი საქონლის ღირებულების დაკლებას. ამავდროულად, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე მრავალ საქონელზე შემცირდა მოთხოვნა, რის გამოც მწარმოებლები იძულებულები არიან შეამცირონ ფასები, რათა მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია. ამ ფაქტორებმა საქართველოშიც გამოიწვიეს ფასების კლება. გარდა ამისა, საქართველოსთან მიმართებში არის კიდევ ერთი ფაქტორი, კერძოდ, ეროვნული ბანკი ატარებს სწორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას." როგორც ეროვნული ბანკის ადრე გაკეთებული პროგნოზები აჩვენებდა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო თვეების განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდება, არსებული პროგნოზებით ინფლაცია მომავალშიც დაბალი იქნება. და ბოლოს, დეპარტამენტი, რომელიც რეალურად ხელისუფლებისთვის სასურველ მაჩვენებლებს აქვეყნებდა, უახლოეს მომავალში ახალ, დამოუკიდებელ სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს. კანონპროექტი ამის შესახებ პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. თუმცა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ამ ორგანოს რეალური დამოუკიდებლობა საეჭვო ხდება. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, დამოუკიდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ისევ ხელისუფლება დანიშნავს. გარდა ამისა, დეპარტამენტი კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და რაც მთავარია, ისევ მთავრობისა და პრეზიდენტის წინაშე იქნება ვალდებული. ანუ შეგვიძლია იმედიანად ვიყოთ, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი არც მომავალში მოგვაკლებს საინტერესო და მოულოდნელ შედეგებს. ასე რომ, მთავრობამ შეასრულა პირობა და ინფლაცია მნიშვნელოვნად შეამცირა და მის ზრდას არც მომავალში უნდა ველოდოთ, ამავე დროს ქართული ეკონომიკის "აღმაშენებელი" ბატონი ბენდუქიძე ახალი ინიციატივით გამოდის და მონეტარული სისტემის რეფორმას გვირჩევს, რომლის მიხედვითაც ლართან ერთად თავისუფალ მიმოქცევაში დოლარი და ევრო უნდა ჩაეშვას. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ჩვენმა გაჭირვებულმა ეკონომიკამ უნდა ამოისუნთქოს და ქვეყანაც გადაარჩინოს. ჩვენ ხომ არც ინფლაცია გვაწუხებს და მალე თავისუფალ მიმოქცევაში თვით დოლარი და ევრო გვექნება.
შოთა ბუჩუკური
|