ნანახია: 1058
ბენდუქიძის ახალი სისულელე ქართულ სახელმწიფოებრიობას დაანგრევს
ევრო, დოლარი და ლარი ერთად იქნება მიმოქცევაში ამ ფანტაზიის დანერგვა ლარს დაასუსტებს, ხოლო საბანკო სისტემას გააცამტვერებს
სხვადასხვა დროს ნაირნაირი პოზიციების მქონე ექს-სახელმწიფო მოხელე კახა ბენდუქიძე, ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმადაც, საქართველოში მონეტარული სისტემის რეფორმა უნდა განხორციელდეს და ლართან ერთად თავისუფალ მიმოქცევაში დოლარი და ევრო უნდა იყოს. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ფაქტობრივი პრემიერი და ცვენი ეკონომიკის გამგებელი ისევ ისაა. ამიტომაც ზის კვლავ სახელმწიფო კანცელარიაში, თუმცა სულ ახლახანს შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. იქ მას სახელმწიფო დეპარტამენტში, ალათ, არავინ მიიღებს. უბრალოდ, ნეიტრალურ მოედანზე "არაბებს", "რუსებს" და სხვა ბიზნეს-პარტნიორებს შეხვდება, რომელთაც ქართული საწარმოები, მიწა და წყალი მიჰყიდა. თუმცა, ამ თემაზე საუბარი სამომავლოდ გადავდოთ და ამჯერად მისი ახალი კონგენიალური წინადადების შესახებ ვისაუბროთ. მონეტარული სისტემის რეფორმირების საჭიროებას ბენდუქიძე გლობალური კრიზისისგან საქართველოს ბაზრის დაცვით ხსნის. მისი განმარტებით, საქართველომ, როგორც პატარა ბაზრის მქონე ქვეყანამ, უნდა გამოიყენოს თავისი უპირატესობა და შეეცადოს ინვესტიციების მოზიდვას, სხვა წამყვან ქვეყნებზე ადრე. მისი აზრით, ჩვენი ქვეყნისთვის კრიზისისგან თავის დასაღწევად 2 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიცია საკმარისი იქნება. სწორედ ინვესტორების ინტერესების დაცვას ემსახურება მონეტარული სისტემის რეფორმირება. ბენდუქიძის მოსაზრებით, დოლარისა და ევროს თავისუფალ მიმოქცევაში ჩაშვება ინვესტორებს სავალუტო რისკებს შეუმცირებს, ვინაიდან არსებული მონეტარული სისტემის პირობებში ინვესტორებს კურსის პროგნოზირება უჭირთ. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, მსოფლიოში მრავალვალუტიანი სისტემა მხოლოდ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში გამოიყენება. არცერთი ქვეყანა 2, 3 და მეტ ვალუტას ქვეყნის მიმოქცევაში არ ხმარობს. თავისუფალ ეკონომიკური ზონებში კი, სადაც ეს რეჟიმი გამოიყენება, მრავალვალუტიანი სისტემა იქ მონაწილე სუბიექტებს სხვადასხვა ოპერაციებს უადვილებს. ასეთი ზონები, შეზღუდული ტერიტორიული სივრცეებია, სადაც უმეტესწილად "შავი ფულის" გათეთრება მიმდინარეობს. საქართველოში ამ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში ლარი ერთადერთი საგადამხდელო საშუალება აღარ იქნება, ევრო და დოლარი ზუსტად იგივე ფუნქციებით იქნება აღჭურვილი, როგორითაც დღეს ჩვენი ეროვნული ვალუტა სარგებლობს, რის შედეგადაც ქვეყანაში ფულადი მასების რეგულირება უბრალოდ შეუძლებელი გახდება. ბენდუქიძის აზრით, მონეტარული სისტემის ასეთი სახის რეფორმირება გრძელვადიან პერიოდში პოზიტიურ შედეგს მოიტანს. მიუხედავად ბენდუქიძის "მყარი" არგუმენტებისა მონეტარული სისტემის ასეთ რეფორმას ეროვნულ ბანკშიც არ მიესალმებიან. სებ-ის სავალუტო და მონეტარული ოპერაციების განყოფილების უფროსი ოთარ გორგოძე აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკისთვის, ძირითადი საქმიანობის ეფექტიანობისთვის უმჯობესია ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ეროვნული ვალუტა იყოს გამოყენებული. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია და აქვს იმის ბერკეტები, რომ მიმოქცევაში ფულის (ლარის) რაოდენობა განსაზღვროს და ამის მიხედვით უზრუნველყოს ინფლაციის რეგულირება. აშშ დოლარისა და ევროს თავისუფალ მიმოქცევაში ჩაშვების შემდეგ კი დოლარიზაცია გაიზრდება, სხვა ვალუტაში დენომინირებული ფულის მასების რეგულირება კი სებ-ს გაუჭირდება. თუ საქართველოში აღარ იქნება ერთადერთი საგადამხდელო საშუალება, ქვეყანას მაკროეკონომიკური რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი არ ექნება. გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში კი მაკროეკონომიკური რეგულირების ინსტიტუტის არქონა, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ყველა ნეგატიური პროცესის საქართველოში გადმოტანას გულისხმობს. ამ პირობებში ქვეყანაში არ იარსებებს ელემენტარული ინსტრუმენტიც კი, რომელიც ამ ზეგავლენას არათუ ააცილებს საქართველოს, არამედ შეასუსტებს მაინც მის შედეგებს. ეროვნულ ბანკს კი ამ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში შეუძლია "ბუზების დათვლით" დაკავდეს, რადგან მას ფაქტობრივად ფუნქცია აღარ ექნება. "თუ კი საქართველო ასეთ რამეს გააკეთებს, ეროვნული ბანკი აბსოლუტურად უფუნქციო იქნება. სხვათაშორის, ეს ბატონი ბენდუქიძის დიდი ხნის ოცნებაა, რომ ეროვნული ბანკი ფუნქციების გარეშე დატოვოს. დღეს სებ-ს კანონით ინფლაციაზე კონტროლის განხორციელების ფუნქცია აქვს განსაზღვრული და იგი ამას ეროვნული ვალუტის, ლარის, მიმოქცევაში არსებული რაოდენობის რეგულირებით ახორციელებს. თუკი პარალელურად მიმოქცევაში დოლარი და ევრო იქნება, შეიძლება ლარი საერთოდაც აღარ იყოს მიმოქცევაში, მაგრამ დოლარმა და ევრომ გამოიწვიოს ქვეყანაში ისეთი პროცესები, რომელსაც სებ-ი ვეღარ გააკონტროლებს. ანუ თავისთავად ისტიტუცია, როგორც ასეთი, ეროვნული ბანკი საჭირო აღარ იქნება. ანუ ამით საქართველო უარს აცხადებს განახორციელოს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა," - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ნოდარ ხადურმა. ბენდუქიძის ინიციატივამ ექსპერტულ წრეებში უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია. ექსპერტები ექს-სახელმწიფო ჩინოვნიკის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებენ და ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემებზე საერთოდ უკრძალავენ საუბარს. "ჯერ ერთი ავადმყოფი უნდა იყო კაცი, რომ ეს თქვა. მაშინ საერთოდ რატომ დოლარი, ბარემ იენიც შემოვიღოთ და საქართველო იყოს გაუგებარი ბალაგანი. ეს თუ მოხდა, ქვეყანას არ ექნება თავისი ვალუტა და რაღა უნდა აკონტროლოს ეროვნულმა ბანკმა, ამერიკული დოლარი? იქნებ კურსიც კი შეუცვალოს? ყველა ქვეყანა თავის ვალუტას აკონტროლებს, ხოლო თუ გინდა, რომ ევრო გქონდეს, მაშინ ევროზონაში უნდა შეხვიდე. როგორ შეიძლება ქვეყანას 3 ვალუტა ჰქონდეს, ერთს აქცევენ სათანადო ყურადღებას, რომ სამივეს მიხედონ? ეროვნული ბანკის ძირითადი სამიზნე ერთი ვალუტა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფულად მასას ვეღარ გააკონტროლებს და ინფლაცია არაპროგნოზირებადი გახდება. და საერთოდ ბენდუქიძე არ არის ის კაცი, რომლის ნალაპარაკევზე შეიძლება, რომ ნორმალურმა ადამიანმა იმსჯელოს," - აღნიშნა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის ექსპერტმა ნოდარ ჯავახიშვილმა. "ბენდუქიძისგან განსხვავებით, ჩემთვის ლიბერალიზაცია და დეგენერატიზაცია განსხვავებული ცნებებია. ბენდუქიძეს ურჩევნია ჯერ თავის ფავორიტ ვლადიმერ პუტინს, რუბლის პარალელურად, მონღოლური ტუგრიკი შემოაღებინოს და მერე ილპარაკოს, რა ფული შეიძლება საქართველოში ტრიალებდეს. ბენდუქიძე უკვე "არამკითხე მოამბეა" და "არამკითხე მოამბეს" რას უქადის ქართული ანდაზა, თვითონ თუ არ გაუგია, სხვები შეახსენებენ," - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, სოსო ცისკარიშვილმა. ასეა თუ ისე, ქართული საზოგადოება ბენდუქიძის მორიგი "გენიალური" აზროვნების ნაჟურის მოწმე გახდა. ნამდვილად მოხდება თუ არა საქართველოს მონეტარულ სისტემაში ასეთი რეფორმა, არავინ უწყის. ერთი კი ფაქტია, რომ კახა ბენდუქიძე, იმისდა მიუხედავად, რომ სახელმწიფო სამსახურში აღარ დგას, თავისი იდეების რეალიზებას ისევ აქტიურად ცდილობს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეროვნული ბანკი და მისი ახლად დანიშნული პრეზიდენტი ასეთი გაუთვიცნობიერებელი ექსპერიმენტების დანერგვაში მას ყველანაირად შეუშლიან ხელს.
მერაბ ჯანიაშვილი
|