რადიო "თავისუფლება" » ბანკები და ფინანსები

რადიო "თავისუფლება"

მთავარიფინანსები 25.03.2009

მოსალოდნელი დაპირისპირება მიმდინარე კვირას დაიწყო. მშენებლებმა და ბანკირებმა ურთიერთბრალდებების კორიანტელი დააყენეს. ქვეყნის უმსხვილესი დეველოპერის "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა სამშენებლო სფეროს ჩამოქცევაში არა ომი თუ ადგილობრივი და მსოფლიო კრიზისი, არამედ, პირველ რიგში, საბანკო სექტორი დაადანაშაულა. მაია რჩეულიშვილის მტკიცებით, დღევანდელი საბანკო პოლიტიკა სამშენებლოსთან ერთად სხვა ბიზნესების კიდევ უფრო ჩავარდნას გამოიწვევს და ამ აზრს დღეს სამშენებლო ბიზნესი სრულად იზიარებს. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი ბანკებს მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხალხის გაკოტრებაში დიდი წვლილი არა ფინანსურ კრიზისს, არამედ სწორედ ბანკებს მიუძრვით.
საბანკო სექტორმა მშენებლების პრეტენზიები უპასუხოდ არ დატოვა. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას, შეფასებით, არასოდეს არცერთ სამშენებლო კომპანიას რეალური ფასწარმოქმნა არ გაუკეთებია და პირამიდა, რომელსაც ისინი აშენებდნენ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაინგრეოდა. მშენებლებს მოგება თვითღირებულებაზე წარმოუდგენლად მეტი ჰქონდათ და არარეალური ფასების პირობებშიც კი სამშენებლო კომპანიებმა არათუ არ, არამედ ვერ დააკლეს ფასები, რადგან ერთი ასაშენებელი სახლის ფასით ცხრა სახლი საძირკველი იყო გათხრილი.
ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ ამაია რჩეულიშვილმა ამ თემის დეკლარირება მოახდინა. "რას ნიშნავს ეს? ნუთუ "ცენტრ პოინტსაც" დაუდგა პრობლემა? აქამდე ის ყოველთვის აკეთებდა განცხადებას, რომ საბანკო სექტორისგან პრობლემები არ შექმნია, " - რიტორიკულად იკითხა დავის ბოლოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ასეა თუ ისე, ბანკთაშორისმა კონფლიქტმა უკვე საჯარო სახე მიიღო და, სავარაუდოდ, ქვეყანაში ეკონომიკური ფონის დამძიმების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტადაც გამწვავდება.
ეკონომიკური ფონი კი სულ უფრო მძიმე რომ ხდება, ამას მუდმივად ოპტიმისტურად განწყობილი ოფიციალური სტატისტიკაც აღარ მალავს. საქართველოში 2008 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2007 წელთან შედარებით მთელი 721 მლნ. დოლარით შემცირდა. 2008 წელს ქვეყანაში 1.294.000.000 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, როცა 2007 წელს ეს მაჩვენებელი ორ მილიარდს აჭარბებდა. ინვესტიციების კლება შარშანდელი მეოთხე კვარტლიდან დაიწყო, როცა ქვეყანაში მხოლოდ 130.000.000 დოლარი შემოვიდა და ისიც არცთუ გამჭვირვალე ვირჯინიის კუნძულებიდან. მიმდინარე წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შეიძლება შემცირდეს.
რაც უკვე დადასტურებულად შემცირებულია, ფულადი ტრანსფერების ნაკადებია. საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 52.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 13 მილიონი დოლარით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოს ეროვნულ ბანკში გზავნილების ნაკადის შემცირებას ძირითადად რუსეთიდან ფულადი გზავნილების 12.000.000 ანუ 31%-ით კლებით ხსნიან. ამერიკიდან გზავნილების მოცულობამ 3.800.000 დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელზე ასევე ორჯერ ნაკლებია. ტრანსფერების კლებაა სხვა იმპორტიორი ქვეყნებიდანაც.
სამაგიეროდ, იზრდება საარსებო მინიმუმის მოცულობა. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009წლის იანვარში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 134 ლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11 ლარით აღემატება. ამავე ცნობით, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 119, ორსულიანის 190, სამსულიანის 213, ოთხსულიანის 237, ხუთსულიანის 267, ექვსი და მეტწევრიანი ოჯახის კი 315 ლარია. მოკლედ, საარსებო მინიმუმის მატება ოფიციალურ სტატისტიკაშიც კი აშკარაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მონაცემები აშკარად ზედმეტად ოპტიმისტურს ჰგავს.
მნიშვნელოვანი სიახლეა გაზის შიდა ბაზარზეც. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველი დანიშნა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი დიდი რაოდენობით კრედიტორული დავალიანება გახდა, რომელიც "ყაზტრანსგაზ თბილისს" დაუგროვდა. კომპანიას 80.000.000 ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება ერიცხება, მათ შორის 69.000.000 ლარი მიღებული ბუნებრივი გაზისთვის სახელმწიფოს კუთვნილი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა მართებს.
დავალიანების გადახდის შესახებ მოლაპარაკებები ყაზახურ მხარესთან რამდენჯერმე გაიმართა. თებერვალში ასტანაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორები იმყოფებოდნენ, მაგრამ მოლაპარაკებებმა შედეგები არ გამოიღო. შექმნილი მდგომარეობის გამო თბილისის უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ "ყაზტრანსგაზ თბილისში" მმართველი სწორედ ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან დანიშნა. სპეციალური მმართველი კომპანიაში ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაზე და მიწოდებული გაზის საფასურის ანაზღაურებაზე იმუშავებს.
საწყის ეტაპზე ეს ვადა 2010 წლის 1 მაისამდე განისაზღვრა. იგივე პიროვნება განახორციელებს კომპანიის მხოლოდ დროებით მენეჯმენტს. "ყაზტრანსგაზ თბილისის" აქციათა პაკეტი და უძრავი აქტივები ამ ეტაპზე კომპანიის მფლობელის - ყაზახური სახელმწიფო "ყაზტრანსგაზის" საკუთრებაში დარჩება. თუმცა რამდენად დიდხანს შენარჩუნდება სტატუს-კვო, ჯერჯერობით უცნობია.
რუსული მედია უკვე აქტიურად ალაპარაკდა იმაზე, რომ "ყაზტრანსგაზ თბილისის" აქციების ერთ ნაწილს უახლოეს მომავალში სომხური-რუსული კომპანია "არმროსგაზპრომი" შეიძენს, რომელიც სომხეთის ბაზარზე რუსული აირის განაწილებაში მონოპოლიურ უფლებებს ფლობს. "არმროსგაზპრომის" აქციონერები, სომხეთის მთავრობასთან ერთად, საკონტროლო პაკეტის რუსული სახელმწიფო ენერგომონოპოლია "გაზპრომი", მცირე აქციონერის სტატუსით კი ასევე რუსული "იტერა" არიან, ანუ ის ორი რუსული კომპანია, რომელიც საქართველოს გაზის ბაზარზე ისედაც საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ. შესაბამისად, მათი პრეტენზია და ინტერესი "ყაზტრანსგაზ თბილისის" დაუფლებაზე სავსებით ლოგიკურად გამოიყურება.

რეზო საყევარიშვილი

რადიო "თავისუფლება"


{custom category="2,4,5,15" template="shortstory_2" aviable="global" from="0" limit="10" cache="no"}