ნანახია: 835
მინისტრი კვეზერელი ტელეკამერებთან პოზიორობს, მის შესახებ ხომ დოკუმენტურ ფილმს იღებენ სოფლის მეურნეობის უმძიმესი მდგომარეობა კი ღრმავდება
პასუხები ვერც საპარლამენტო კომიტეტში გაგვცეს. ბ-ნი გეგენავა ეტყობა თავისი ბიზნესითაა დაკავებული, შესაბამისი უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები კი შეკითხვების სირთულეზე მიუთითებენ. ფაქტი კი ისაა, მათზე პასუხები ამ ბატონებს - ნორჩ მინისტრს და ბიზნესიდან პოლიტიკაში რეკრუტირებულ საქმოსანს, უბრალოდ არა აქვთ. მიხეილ სააკაშვილი კი ამაოდ დასტირის დუშეთის რაიონში მოუხნავ და დაუმუშავებელ მიწებს. არაკომპეტენტური და უსუსური პიროვნებები ჩვენს დაქცეულ სოფლის მეურნეობას ნამდვილად ვერ ააღორძინებენ. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სოფლად თითო ოჯახზე 50 კგ. მინერალური სასუქის დარიგებას ითვალისწინებს, ცალსახად სასიამოვნო ფაქტია გლეხების წახალისების და საერთოდ, სოფლის ხელშეწყობის თვალსაზრისით. თაბაშირის კონცენტრანტის შემცველ გვარჯილას, რომელიც ყველაზე დაბალხარისხიანი სასუქია, მთელი სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონებში ერთდროულად არიგებს და ამ `დიდი~ საქმით დაკავებულებს დრო აღარ რჩებათ, რომ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს პასუხი გასცენ. კითხვებს, რომელიც ჩვენს სოფლებში მცხოვრებ გლეხებს აწუხებთ და ჩვენი საშუალებით პასუხების მიღებას სოფლის მეურნეობის მინისტრისგან ელოდებიან. უკვე მესამე კვირაა ველით, რადგან არც პარლამენტში აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გეგენავა და არც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი კითხვებზე პასუხს ვერ გვცემენ. პარლამენტში ბატონ არჩილ გეგენავას თანაშემწემ, ქალბატონმა ნინომ განგვიცხადა, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ვერ უპასუხებენ, რადგან სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტები, რომელთა თაობაზეც ჩვენ კითხვებს ვსვამთ, გეგენავას აგრარური კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე დაიწყო?! დღეს ბატონი არჩილი ისე კომპეტენტური ჯერ კიდევ არ არის, რომ სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებზე ისაუბროს. ამიტომ ქალბატონმა ნინომ გვირჩია, რომ ჩვენი კითხვებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მიგვემართა. ჩვენც, რა თქმა უნდა, რჩევა გავითვალისწინეთ და პასუხებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს გიორგი ჩადუნელს დავუკავშირდით. რამდენიმე დღის ლოდინის შემდეგ გვითხრეს, რომ გიორგი ჩადუნელი გვარჯილის დარიგებითაა დაკავებული და ჩვენს "რთულ" კითხვებს ვერ უპასუხებს. ჩვენს მიერ მომზადებული კითხვები კი, რომლებიც გლეხების ინტერესებიდან გამომდინარე გვინდოდა დაგვესვა, შემდეგია: - რა მოცულობით დააფინანსა აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტმა; კონკრეტულად ვინ (რა უწყება) ახორციელებს გლეხებისთვის სასუქის განაწილებას და რამდენ კომლზეა გათვლილი 1 ტომარა გვარჯილის დარიგება; მოსახლეობის თქმით, ერთი ტომარა გვარჯილა 50 კილოგრამზე ნაკლებია, თქვენი ინფორმაციით, არის თუ არა ერთი ტომარა გვარჯილა ნამდვილად 50 კგ; გლეხები ამბობენ იმასაც, რომ სასუქი, რომელიც ახლა რიგდება 35%-იანი კონცენტრაციისაა, მაშინ, როცა, საჭიროა 70%-იანი კონცენტრაციის მქონე სასუქი, ანუ ის სასუქი, რომელიც ბაზარზეა. თქვენი ინფორმაციით, არის თუ არა განსხვავება ბაზარზე არსებულ გვარჯილასა და სახელმწიფოს მიერ გლეხებისთვის დასარიგებელ გვარჯილას შორის? - მარცვლოვანი კულტურის მოსაყვანად გლეხებს სასუქის გამოყენებამდე მიწის დახვნა სჭირდებათ. დასრულდა თუ არა პროგრამა, რომელიც ყველა სოფლისთვის თითო ტრაქტორის გადაცემას ითვალისწინებდა? არის რეგიონები, სადაც ტრაქტორების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია და მოსახლეობა მიწის დასამუშავებლად ვერ იყენებს. ხოლო იმ სოფლებში, სადაც უკვე გლეხებს, სახელმწიფოს მიერ გადაცემული ტრაქტორის დაქირავება შეუძლიათ, ქირის მაღალი ფასის გამო, ამ ტექნიკით ხშირად ვერ სარგებლობს, რადგან 1 ჰა მიწის დასახნავად გლეხს 120 ლარის გადახდა უწევს. ეს კი კერძო მფლობელობაში მყოფ ტრაქტორის დაქირავების ფასთან შედარებით უფრო ძვირია. რა შეღავათებით უნდა ესარგებლათ გლეხებს სახელმწიფოს მიერ დარიგებული ტრაქტორებით და რატომ ვერ სარგებლობს დღეს ამ დეკლარირებული სიკეთით ყველა სოფელი? - გლეხებს მიწის დასამუშავებლად გადასახადებიც აბრკოლებს და ყველა გლეხი ვერ ახერხებს ხვნა-თესვას. (დღეს ძირითადად ერთ ჰექტარ ურწყავი მიწის ნაკვეთზე გადასახადი 35 ლარია, სარწყავ მიწის ნაკვეთზე კი 78 ლარი.) სხვადასხვა სოფლებში და რეგიონებში კი მიწის ხარისხის მიხედვით გადასახადი ცვალებადია. გლეხები აცხადებენ, რომ მათი მიწის ნაკვეთების ხარისხი რეალურად არ არის შეფასებული შესაბამისი სამსახურიდან და მიწის გადასახადებს არასწორი შეფასების მიხედვით იხდიან. ხომ არ იგეგმება უახლოეს მომავალში მიწაზე გადასახადების შემცირება სოფლის მეურნეობის დასახმარებლად. - სადღეისოდ, უშვებს თუ არა კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გასხვისებას? - რას ითვალისწინებდა ვაზის გაჩეხვის პროგრამა კახეთში, რომელიც დედოფლისწყაროს სამსა და ყვარლის რაიონის ერთ სოფელზე ვრცელდებოდა? სულ რამდენი ჰექტარი ვენახი გაიჩეხა ამ პროგრამის ფარგლებში და სურდათ თუ არა სოფლებში გლეხებს ამ პროგრამის გაგრძელება? რამ გამოიწვია დღეს ამ პროგრამის შეჩერება, და საერთოდ, გაგრძელდება თუ არა ვაზის გაჩეხვის პროგრამა საქართველოში? ამ პროგრამით გლეხებს ერთ ჰექტარ გაჩეხილ ვენახზე 2 000 ლარის კომპენსაცია უნდა მიეღოთ. კახეთში, გლეხების თქმით, ისინი ამ მოცულობის კომპენსაციას 5 ჰექტარ გაჩეხილ ვენახზე იღებდნენ. რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ აღნიშნულთან დაკავშირებით? - გაჩეხილ ფართობებზე, ძირითადად, ქინძმარაულის ჯიშის ვენახის განაშენიანება მიმდინარეობს. თქვენი აზრით, რატომ არის პერსპექტიული გაჩეხილი ვენახების ადგილზე ქინძმარაულის ჯიშის ვაზის განაშენიანება? - თქვენი ინფორმაციით, მოსახლეობის რა ნაწილია დღეს დასაქმებული სოფლის მეურნეობაში მთლიანად. რა (რომელი უწყებების) მონაცემებს ეყრდნობით ამა თუ იმ ციფრის დასახელებისას, როცა სოფლად დასაქმებულთა რაოდენობაზე საუბრობთ. კანონმდებლობის თანახმად, ვინ ითვლება სოფლად დასაქმებულად და თავად თუ ეთანხმებით კანონის დღევანდელ განსაზღვრებას ამ კუთხით? ამ კითხვებს ჩვენ ამჯერად "გრინბერგის ჯგუფს" ვუგზავნით, რომელიც პრეზიდენტს "აპიარებს", იმედი გვაქვს პასუხებსაც მივიღებთ, რომელიმე სამთავრობო ტელეარხის ეთერიდან, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ჩვენ პასუხი ამ ჩინოვნიკებისგან გვინდოდა, თორემ საქმეთა სავალალო მდგომარეობის შესახებ თავადაც მშვენივრად ვუწყით. სამწუხაროა, რომ სამი კვირის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ვერ მოახერხა ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. ჩვენ კი მკითხველს არსებული პრობლემების შესახებ პასუხები ვერ მივაწოდეთ. თუმცა, დღეს გლეხები არც მინისტრის იმედით და არც მხოლოდ მთავრობის უმნიშვნელო დახმარებებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არ ეწევიან. ისინი ჩვეულებისამებრ, ძველებურად, მამა-პაპისეულად აბამენ ხარებს გუთანში და ხნავენ მიწას-ერთადერთ საიმედო მარჩენალს, ისევ ნამგლით მკიან ხორბალს და ისევ მუხლდაჩოქილი, დიდის რუდუნებით უვლიან ვაზს.
ადა ექიზაშვილი
|