
2011 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 129,841 მლნ. აშშ დოლარის კაპიტალი გავიდა. ყველაზე მეტი გადინება – 78,498 მლნ. დოლარი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.მეორე ადგილზე აშშ–ია, სადაც გასულმა კაპიტალმა 21,916 აშშ მლნ. დოლარი შეადგინა.
სოლიდური კაპიტალი გავიდა ბრიტანეთის ვირჯინიაში – 15,447 მლნ. დოლარი, ლიხტენშტაინში – 10,189 მლნ აშშ დოლარი და ესპანეთში – 3,360 მლნ. დოლარი.
ცნობისთვის: 2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 53 მლნ. დოლარის, მე–2 კვარტალში კი 32 მლნ. დოლარის პირდაპირი ინვესტიცია გავიდა. ინვესტიციების გადინება 2009 წლიდან მზარდი დინამიკით ხასიათდება - აცხადებს სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალის (BPI.ge) ,,ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაითის“ პარტნიორი ირაკლი ლექვინაძე.
„1-2 კვარტალში კაპიტალის გადინებამ მთლიანობაში 85 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე კვარტალში კი 130 მილიონს მიაღწია. ყველაზე დიდი წილი არაბეთში გავიდა, რაც გამოწვეულია არაბული ინვესტიციის ჩანაცვლებით, კერძოდ არაბულმა „რაკიამ“ ფოთის პორტის აქტივები გაყიდა და ის დანიურმა „APM ტერმინალსმა“ შეიძინა,“ - აცხადებს ლექვინაძე.
მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში კაპიტალის გამტანები შესაძლოა იყვნენ კომპანიები, რომლებიც საქართველოში გასულ წლებში შემოვიდნენ, და ახლა გადაწყვიტეს ქვეყნიდან გასვლა, ან ქართულმა კომპანიებმა გაიტანეს ფული ოფშორებში, რათა სხვა ქვეყნებში შევიდნენ ინვესტორებად.
„აქედან ჩანს, რომ, მიუხედავად საქართველოს კარგი პოზიციებისა სხვადასხვა რეიტინგში, უცხოური კაპიტალი აქ თავს მშვიდად მაინც ვერ გრძნობს. მიზეზი კი შიდა ბაზარზე საკუთრების უფლების არამყარი მდგომარეობა და კონკურენციის შეზღუდულობაა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ჩაკეტილი რუსული ბაზარი, რომლის გახსნაც ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნებოდა,“ - ამბობს ლექვინაძე. ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, ექსპერტი დადებით ტენდენციებს შორის ასახელებს ევროკავშირთან დაწყებულ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს, მისი თქმით, განსაკუთრებით აზიურ კაპიტალს დააინტერესებს.
comerrsant.ge