ნანახია: 915
ვახტანგ ბუცხრიკიძე: "ბანკები, რომლებიც პრობლემებს დროულად არ აფიქსირებენ, ამ პრობლემებს 2009 წლის ბალანსში მიიღებენ"
"აპრილის ბოლომდე "თიბისი ბანკი" 185 მილიონ დოლარს მიიღებს"
"თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორთან, ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ფინჯანი ყავის თანხლებით გულდინჯი საუბარი ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა. "ბანკები და ფინანსებმა" ამჯერადაც გადაწყვიტა აღიარებული ბანკირისთვის ექსკლუზიური ინტერვიუ ეთხოვა. ბუნებრივია, საუბარი ბევრ თემას შეეხო, კრიზისის გავლენას, აგვისტოს ომის ნეგატიურ შედეგებს, შემცირებულ აქტივებს, უეცრად შეწყვეტილ "საკრედიტო ბუმს", ვადაგადაცილებული და უიმედო სესხების პრობლემას და სხვა აქტუალურ თემებს. თუმცა, ჩვენი შეხვედრა უფრო პირადი შინაარსის კითხვით დავიწყე. საქმე ისაა, რომ ვახტანგ ბუცხრიკიძემ ამ რამდენიმე თვის წინ (აგვისტოს ომამდე) ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2-3 წლის შემდეგ, 40 წლის ასაკში, საბანკო სფეროს და აქტიურ მენეჯერულ საქმიანობას ჩამოცილდებოდა და საკუთარ ძალებს ბიზნესის სხვა სექტორში მოსინჯავდა. ვკითხე ბატონ ვახტანგს, - ხომ არ შეგეცვალათ გეგმები-თქო. გეგმები მკვეთრად შემეცვალაო, მომიგო ღიმილით. ასე რომ, როგორც ხედავთ, მსოფლიო კრიზისს კორექტივები წამყვანი საბანკო ინსტიტუტების ტოპ-მენეჯერების გათვლებშიც შეაქვს. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევას საბანკო სექტორისთვის დადებითი ასპექტი მეტი აქვს, რამდენადაც ვახტანგ ბუცხრიკიძე კიდევ კარგა ხანს აპირებს საბანკო მენეჯერულ საქმიანობას. ახლა ჩვენს საუბარს შემოგთავაზებთ. - ბატონო ვახტანგ, ბოლო პერიოდში ქართულ საბანკო ბაზარზე გააქტიურდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. მალე EBRD თითქმის ყველა წამყვანი ბანკის მოწილე გახდება. ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში მონოპოლიის შექმნის საფრთხე დადგება, მეორე ნაწილის აზრით, ევრობანკის შესვლა ბანკებში მენეჯმენტს გააუმჯობესებს და რისკების დივერსიფიცირებასაც შეუწყობს ხელს. საბოლოო ჯამში კი რახან მთავრობა არ ეხმარება ბანკებს, მსოფლიო კრიზისის უარყოფითი ზეგავლენა ამ გზითაც უნდა იქნას დაძლეული. რით აიხსნება "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, EBღD-თან განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე. როგორ აფასებთ ევრობანკის ამ დოზით შემოსვლას ქართულ საფინანსო ბაზარზე? - თქვენეული კლასიფიკაციის მიხედვით, მეორე ჯგუფს მივაკუთვნებ თავს და გეტყვით, რომ სწორედ ახლა, როცა მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია და როცა ქართული ეკონომიკაც, მათ შორის, ცხადია, საბანკო სექტორიც, გარკვეულ სიძნელეებს განიცდის, EBRD-ის გააქტიურება ქართულ საფინანსო ბაზარზე ცალსახად დადებით მოვლენად მიმაჩნია. თუნდაც მხოლოდ "თიბისი ბანკის" მაგალითზე რომ განვიხილოთ, უკვე მიღწეულია რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგი. - მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება "ევრობანკის" მიერ, რომელმაც ორიოდე დღის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ გამოყოფს 75 მილიონს და შეიძენს "თიბისი ბანკის" აქციათა 17%-ს. გარდა ამისა, მარტ-აპრილში დასრულდება მოლაპარაკებები IFC-სთან (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია), FMO-სთან (ჰოლანდიის სახელმწიფო ბანკი) DEG-თან (გერმანიის სახელმწიფო ბანკი), ჯამში 110 მილიონის გამოყოფის შესახებ. ყველა შემთხვევაში, ეს პროცესი ბანკის გაძლიერებას უწყობს ხელს, რამდენადაც ამ კონკრეტულ თანხებთან ერთად საქართველოში შემოდის წამყვანი დასავლური ინსტიტუტების "ნოუ ჰაუ", მათი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კრიზისულ პერიოდში. ამ 185 მილიონიანი სავალუტო შემოდინების ფარგლებში 45 მილიონი აშშ დოლარით გაიზრდება "თიბისი ბანკის" კაპიტალი, დარჩენილი 140 მილიონი კი გამოიყოფა, ერთი მხრივ, როგორც სუბორდინირებული სესხი და ასევე, როგორც ჩვეულებრივი საკრედიტო რესურსი. - დღევანდელი გადასახედიდან, როგორ მიგაჩნიათ, რამდენად გამართლებული იყო წამყვანი ქართული ბანკების აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ 2005 წლიდან მოყოლებული დეპოზიტების შეფარდება საკრედიტო პორტფელთან მიმართებაში ნეგატივისკენ იხრებოდა და ამასთან ერთად მცირდებოდა ლიკვიდური აქტივების წილი მთლიან აქტივებში. - საერთოდ, უკანა რიცხვით, ყოველთვის იოლია ხოლმე ანალიზის კეთება. დღევანდელი გადასახედიდან, ცხადია, სისტემისთვის არ იყო აუცილებელი ასეთი ტემპის აკრეფა, ასეთი სწრაფი ზრდა და აქტიურობა საკრედიტო კუთხით. ჩვენ ვაანალიზებდით და ვხედავდით, რომ კრიზისის ნიშნები სახეზე იყო ჯერ კიდევ 2007 წლის მეორე ნახევრიდან. ვიღებდით შესაბამის ზომებსაც, - თუ გაიხსენებთ, "თიბისი ბანკმა" უკვე 2008 წლის დასაწყისიდანვე შეანელა საკრედიტო აქტივობა და გაამკაცრა პირობები. ცხადია, იყო ნეგატიური პროგნოზები, მაგრამ ომს და მის დამანგრეველ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, გავლენას ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, ვერავინ წარმოიდგენდა და ვერც გაითვალისწინებდა. თუმცა, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ წამყვანი ბანკების მხრიდან განხორციელებულ საკრედიტო აქტივობას რაიმე კატასტროფულ შედეგამდე არ მიუყვანია სისტემა. თავად ბანკები, ეროვნული ბანკი და ზედამხედველობის სააგენტო ამ პროცესს აკონტროლებდა. უბრალოდ, იმ პერიოდში რისკები სხვა კლასიფიკატორებით ფასდებოდა, და ეს არ იყო შეცდომა. კრიზისმა და ომის გავლენამ ეს კლასიფიკატორები გაამკაცრა. მოკლედ, მოხდა ის, რაც მოხდა, აგვისტოს ომს ვგულისხმობ, რის შემდეგაც ჩვენ მოკლე დროში მოგვიხდა არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, რაც, ბუნებრივია, საკმაოდ რთული იყო, მაგრამ აუცილებელი. ჩვენ დროულად დავაფიქსირეთ პრობლემა და შევიმუშავეთ მასთან ბრძოლის გეგმა. ნაწილობრივ შევამცირეთ საკრედიტო პორთფელი, გავზარდეთ ლიკვიდობა, შევინარჩუნეთ მდგრადობა და დღეს, ფქტობრივად, ის რესურსი, რაც მოდის, 185 მილიონი, ის ფულია, რომელიც საკრედიტო აქტივობას მოხმარდება და ეკონომიკაში წავა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ისიც, რომ დიდი მოცულობით უცხოური ვალუტა ქვეყანაში შემოდინება ლარის სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს. - ბატონო ვახტანგ, არსებობს თუ არა ანტიკრიზისულ ღონისძიებათა გეგმა `თიბისი ბანკში~ და თუ არსებობს, რაში მდგომარეობს იგი? - ცხადია, არსებობს. ეს გეგმა კრიზისის ნიშნების გაჩენისთანავე შემუშავდა და მისი განხორციელებაც მაშინვე დაიწყო. ამაზე, ოდნავ ზევით ვისაუბრეთ კიდეც. ანტიკრიზისული ღონისძიებები, ცხადია, დაამძიმა ომმა, მაგრამ, მთლიანობაში ჩვენმა მზაობამ ეს სიმძიმეც დაგვაძლევინა. ჩვენ გასულ წელს 191 მილიონი ლარის მოცულობით შევქმენით რეზერვები. ესეც რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენ 2009 წლის არასახარბიელო მოლოდინიდან გამომდინარე, თავიდანვე დავაფიქსირეთ კომპანიების პრობლემები და მათთან ერთად ყოველდღიურად დავიწყეთ მუშაობა გამოსავლის მოსაძებნად. ანუ, განსხვავებით სხვა ბანკებისგან, რომლებიც შეეცადნენ არ დაეფიქსირებინათ პრობლემები და სავარაუდოდ, ისინი ამ პრობლემებს 2009 წელს მიიღებენ ბალანსში, ჩვენ ეს მტკივნეული ეტაპი უკვე გავიარეთ და ეს მენეჯმენტის წარმატებად მიმაჩნია. - რამდენიმე წამყვან ბანკს, მათ შორის "თიბისის" 2009 წელს უდგება საერთაშორისო ფინანსური ვალდებულებების დაფარვის პერიოდი. რა მოცულობისა წლეულს თქვენს მიერ დასაფარი საერთაშორისო ვალდებულებები, როგორ ახერხებს ბანკი ამ ვალდებულებების გასტუმრებას და რამდენად იმოქმედებს ეს "თიბისი ბანკის" მდგომარეობაზე? - წელს დასაფარი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს. იანვარ-მარტში მოხერხდა 2/3-ის მობილიზება და უკვე გასტუმრებულია 150 მილიონი დოლარი. ანუ, წლის განმავლობაში დასაფარი გვრჩება მხოლოდ 50 მილიონი დოლარი. როგორც გითხარით, მარტო მარტის თვეში 185 მილიონ დოლარს ველოდებით. აპრილ-მაისში დამატებით 50 მილიონის მოზიდვას ვგეგმავთ, ანუ მომდევნო ორ თვეში ველოდებით 235 მილიონი დოლარის შემოდინებას, წლის დარჩენილ პერიოდში კი მხოლოდ 50 მილიონი დოლარი გვრჩება გასასტუმრებელი. ეს ვალდებულებები უცხოეთიდან მოზიდული მოკლევადიანი რესურსები გახლავთ და ჩვენ მათი გასტუმრების პრობლემა არ გაგვაჩნია. 2010 წელში, ამ კუთხით, მხოლოდ 10 მილიონი დოლარი გვრჩება დასაფარი, რაც, უკვე სიმბოლურ მნიშვნელობასღა ატარებს. ასე რომ, "თიბისი ბანკისთვის" აღებული ვალდებულებების მომსახურება არც ამ კრიზისულ პერიოდშია პრობლემატური თემა. - დიდი და ფართო ქსელის მქონე ბანკები, პირველ რიგში, ცხადია, "თიბისიზე" და "საქართველოს ბანკზეა" საუბარი, მიმდინარე კრიზისისას იძულებული გახდნენ სერიოზულად შეემცირებინათ კადრები. რამდენად მტკივნეულად განვითარდა ეს პროცესი თქვენს ბანკთან მიმართებაში და საერთო ჯამში, დღემდე რამდენი ადამიანის შემცირება მოგიხდათ? - ჩვენ შევამცირეთ 300 ადამიანი და ეს არის მთელი კონტიგენტის 10%. გამომდინარე ბანკის პრინციპიდან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ ღია და ობიექტური, ეს პროცესიც მენეჯმენტის მხრიდან მაქსიმალური ყურადღების ქვეშ განხორციელდა. პირველ რიგში, დავემშვიდობეთ იმ თანამშრომლებს, რომელთაც ატესტაციაზე დაბალი შედეგი აჩვენეს, ასევე მოგვიხდა იმ მიმართულებებით კადრების შემცირება, რომლებიც 2009 წელს აღარ იქნებოდა ბანკისთვის პრიორიტეტული. რა თქმა უნდა, დასანანი პროცესია, რამდენადაც ეს ადამიანები არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები, გავლილი აქვთ სტაჟირების კურსი, არიან უამრავი სემინარის მონაწილენი, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე დახარჯულია გარკვეული რესურსი, აქვთ გავლილი სხვადასხვა სასწავლო პროცესი. უნდა გითხრათ, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩვენივე რეკომენდაციით, უკვე დასაქმდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. მაგალითად, "გაერთიანებულ ტელეკომში", სადაც კმაყოფილნი არიან და გვთხოვენ თავიანთი სხვა თანამშრომლებისთვისაც იმ ტრენინგების ჩატარებას, რაც ჩვენს კადრებს აქვთ გავლილი. ის რომ ეს ადამიანები "თიბისი ბანკის" თანამშრომლები იყვნენ, უდაოდ მათი უპირატესობაა დღევანდელ შრომის ბაზარზე და დარწმუნებული ვარ, სხვებთან შედარებით გაცილებით ადვილად დასაქმდებიან. შემცირებული თანამშრომლების გარკვეული ნაწილი ბოლო 2 თვის განმავლობაში უკან დავაბრუნეთ, როგორც კი ამის საჭიროება და შესაძლებლობა გაჩნდა, და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. - ბატონო ვახტანგ, პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილი გამოდის ინიციატივით, რომ უიმედო და ხანგრძლივი ვადაგადაცილების სესხები სახელმწიფომ გადაიწეროს და ამ ფორმით დაეხმაროს, ერთის მხრივ, კრიზისისა და ომის შედეგად შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ვეღარ ახერხებს სესხების მომსახურებას და მეორეს მხრივ, თავად ბანკებს. საბანკო ექსპერტების უმრავლესობა ამგვარ მიდგომას არამართებულად და საფრთხის შემცველად მიიჩნევს. თქვენი, როგორც წამყვანი საბანკო ინსტიტუტის გენერალური დირექტორის, პოზიცია როგორია? - ეს პრობლემის არარეალურ გადაწყვეტად მიმაჩნია და ერთგვარ სოციალისტურ მიდგომას წააგავს, გათანაბრების ელემენტს ვგულისხმობ, რაზეც ხშირად საუბრობენ. ანუ, თითქოს, გამოსაყოფი თანხა თანაბარი მოცულობით უნდა გადანაწილდეს ყველა ვადაგადაცილებულ და ჩამოწერილ სესხზე. ერთი შეხედვით, წარმოდგენილი ვერსია კომერციული ბანკისთვის იდეალურია, რამდენადაც, როგორც თქვენ მეუბნებით, ამ ვერსიის მიხედვით სახელმწიფო ცუდ მსესხებლებს გამოუყოფს, ვთქვათ, 100 მილიონს, რომელიც იქვე მიიმართება კომერციულ ბანკებში ჩამოწერილი, უიმედო, შესაბამისად უკვე სრულად დარეზერვებული სესხების დასაფარად, ანუ ამ თანხას ბანკები მომენტალურად აიღებენ შემოსავალში და პრობლემური სესხების საკითხი მოგვარდება. თითქოს იდეალურია, მაგრამ არარეალური და, ამასთან, ვფიქრობ, არასწორიცაა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან გამომდინარე. ასეთი სქემით გამოვა, რომ სახელმწიფოს დახმარებით ერთნაირად ისარგებლებს, როგორც შეძლებული, ისე გაჭირვებული მსესხებელიც. ამას აჯობებს, თუ ასეთი რესურსის გამოყოფა საერთოდ მოხდა, ინდივიდუალური მიდგომით განხორციელდეს ადამიანების დახმარება და ვისაც მართლა არ შეუძლია სესხების გადახდა, მათი დაფინანსება მოხდეს. ესეც რთულად განსახორციელებლად მეჩვენება, თუმცა, ჩემი აზრით, გათანაბრების პოლიტიკას სჯობს. თუ სახელმწიფო საამისო რესურსს გამონახავს, აჯობებს ინდივიდუალურ რეჟიმში, პირდაპირი დახმარების მიცემის გზით გაიხარჯოს იგი, თუმცა არ მგონია, ახლა ამის საშუალება რეალურად არსებობდეს. - დღეს ითვლება, რომ სახელმწიფო ბანკებთან მიმართებაში ლიბერალურ საზედამხედველო პოლიტიკას ახორციელებს. მართალია, ერთის მხრივ, ამით კომერციულ ბანკებს თავისუფლების ხარისხი გაეზარდათ, მაგრამ, მეორეს მხრივ, გაიზარდა იმის რისკიც, რომ ცალკეული ბანკები ვერ შეძლებენ `ცდუნებასთან~ გამკლავებას და მოუზომავი საკრედიტო პოლიტიკით მეტ ზიანს უფრო მიიღებენ თავადაც, მომხმარებელიც და რეალური ეკონომიკაც, ვიდრე სიკეთეს. რამდენად მისაღებია თქვენთვის, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ბანკის ხელმძღვანელისთვის, სუსტი ეროვნული ბანკი და ზედამხედველობის დანაწევრებული სისტემის არსებობა? - მე ამას ლიბერალურს ვერაფრით დავარქმევდი. ის პოლიტიკა რომელიც დღეს ეროვნულ ბანკსა და ზედამხედველობის სააგენტოს აქვს არჩეული არის სწორი და გამართლებული, ანუ იმ სიმკაცრემ, რომელიც არსებობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამ კრიზისულ მდგომარეობაში ხელი შეუწყო იმას, რომ ბანკები საკმაოდ მომზადებულები და კაპიტალიზირებულები შეხვდნენ ამ პროცესს. საერთოდაც, საქართველოში საბანკო სექტორის რეგულირება გაცილებით მკაცრია, ვიდრე თუნდაც ჩვენს სამეზობლოში. ხოლო რაც შეეხება კაპიტალის ადეკვატურობას, მე შესწავლილი მაქვს ეს საკითხი და ვერ ვიპოვე ვერცერთი ქვეყანა, სადაც ასეთი მკაცრია მოთხოვნა კაპიტალის ადეკვატურობაზე. სწორედ ამ სიმკაცრემ შეუწყო ხელი ჩვენი საბანკო სისტემის მდგრადობას კრიზისულ სიტუაციაში. რაც შეეხება ლიბერალურ მიდგომებს, ეს ყველაფერი რეგულირებისას მაშინაა საშიში და საფრთხილო, როცა ეკონომიკა არ იზრდება და ბანკები მაინც ჩართულები არიან ერთგვარ საკრედიტო დოღში და ამის გამო სესხებზე არარეალურად დაბალ განაკვეთებსაც კი აწესებენ. ასეთ კონკურენციას სჭირდება რეგულირება, თორემ ახლა, როცა ბანკები არსებული პორთფელის შენარჩუნებაზე ან მის მცირედით შემცირებაზე არიან ორიენტირებულნი, სწორედ ლიბერალური მიდგომებია უპრიანი. დღევანდელ ვითარებაში არცერთი ბანკი არ გადადგამს ოდნავ სარისკო ნაბიჯსაც კი. - საკრედიტო ბუმის პირობებზე მორგებულ ეკონომიკას, ომისა და გლობალური კრიზისის შედეგად, ერთგვარი, საკრედიტო შიმშილის პერიოდი დაუდგა. დღევანდელ სიტუაციაში, ყველა სახის კრედიტი, თუ ის ზემყარი გარანტიით არ იქნება უზრუნველყოფილი, ძალიან ძნელად ხელმისაწვდომია. შეიზღუდა დაკრედიტების მასშტაბები, შეიზღუდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შესაძლებლობები, თუნდაც იმის გამო, კრედიტის ვერმისაწვდომობის გამო ბიზნესის არათუ განვითარება, შენარჩუნებაც კი შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, "კრედიტ ინფოს" "შავ სიაში" მოხვედრილების სია დღითიდღე იზრდება. თქვენი აზრით, რა წინაპირობებია საჭირო და როდიდან შეიძლება ელოდოს ბაზარი ბიზნესის დაკრედიტების პირობების შემსუბუქებას. "თიბისი" ბანკი გეგმავს თუ არა უახლოეს მომავალში საკრედიტო პოლიტიკის? - რაც უნდა უსიამოვნო მოსასმენი იყოს, გეტყვით, რომ ამას 2009 წელს არ უნდა ველოდოთ. საკრედიტო აქტივობის ზრდა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. ბანკები კარგად დააკვირდებიან, თუ როგორი ვითარება იქნება წლის მეორე ნახევარში, მესამე-მეოთხე კვარტალში, და ამის მიხედვით გადახედავენ საკრედიტო პოლიტიკას. თუ პროგნოზები დადებითისკენ გადაიხარა, ვფიქრობ, 2010 წლიდან პირობები გარკვეულწილად შემსუბუქდება. მანმადე, ძნელად მესახება, რომ რომელიმე ბანკმა პირობების გამარტივება 2009 წლის განმავლობაში მოახერხოს.
ესაუბრა გიორგი გიორგაძე
|