ინტერვიუ "თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან- რა მთავარი კრიტერიუმების საფუძველზე მიიღო "თიბისი ბანკმა" Financial Times Group-ისა და ჟურნალ The Banker-ის ჯილდო?- ეს შეფასება ზოგადია და სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება - რამდენად წარმატებული იყო ბანკი კონკრეტულ წელს, რამდენად მომგებიანი იყო ბაზარზე და ა.შ. ეს შეფასებები კონკრეტული ქვეყნების მიხედვით იყო, "თიბისი ბანკი" საუკეთესო ბანკად დასახელდა საქართველოში.
- როგორ იყო ბანკისათვის 2011 წელი?
- 2011 წელი "თიბისი ბანკისათვის" წარმატებული იყო. ჩვენ შევძელით მიკრობიზნესის სფეროში შესვლა, გაზაფხულზე შევიძინეთ ბანკ "კონსტანტას" 80%, რაც ჩვენთვის სტრატეგიულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. გარდა ამისა, გავზარდეთ როგორც სასესხო, ისე სადეპოზიტო პორტფელი.
- დაკრედიტების კუთხით როგორი მაჩვენებელი გაქვთ?- 9 თვის მონაცემებით, "თიბისი ბანკმა" შეძლო საკრედიტო პორტფელის 30%-ზე მეტით გაზრდა, რაც 2010 წლის მაჩვენებელს უტოლდება. წელს, იმედი გვაქვს, შარშანდელთან შედარებით, მეტი ზრდა გვექნება. რაც შეეხება მომგებიანობას, იგი კრიზისის შემდეგ, ისტორიულ მაჩვენებელს დაუბრუნდა. წელს მოგება კაპიტალზე 23%-ის ფარგლებში იქნება.
შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო "თიბისი ბანკისთვის", არამედ მთელი საბანკო სექტორისათვის 2008-2009 წლის პრობლემები დახურულია. 2010 წლიდან სექტორის ზრდა იწყება. "თიბისი ბანკმა" შეძლო სექტორთან ერთად გაზრდილიყო. სწორედ ეს იყო Financial Times Group-ისა და ჟურნალ The Banker-ის მიერ ჩვენი ბანკის საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელების მიზეზი.
- 2011 წლის 1 ივნისიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი ამოქმედდა. შემოჰქონდათ თუ არა მომხმარებლებს საჩივრები?
- რა თქმა უნდა. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია პრობლემებზე აქცენტის გაკეთება. ამ კუთხით უამრავი სიახლე გვაქვს, ასეთი უკმაყოფილების მომენტები შემცირებულია. 2012 წელს ბანკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება სწორედ მაღალი ხარისხის მომსახურება იქნება.
- რა იგულისხმება მომსახურების მაღალ ხარისხში? - ამ საკითხზე საუბრისას ორი მომენტი უნდა გამოვყოთ: "თიბისი ბანკის" ყველა მომხმარებელი მეორე კვარტლიდან უკვე იგრძნობს, რომ პროცედურები და პროდუქტები მარტივი გახდება და აპრილიდან ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები გვექნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტერნეტ ბანკინგი, რომელიც სრულიად განსხვავებულია არა მარტო ქართულ საბანკო სფეროში არსებული მსგავსი პროდუქტისაგან, არამედ კონკურენციას გაუწევს ნებისმიერი დასავლური ბანკების ინტერნეტ ბანკინგს. მისი მოხმარება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებით.
მომავალ წელს ერთ-ერთი სიახლე იქნება ისიც, რომ გაცილებით დიდ აქცენტს გაყიდვებზე გავაკეთებთ. დღეს ქართული ბანკები, ძირითადად, ერთმანეთს კონკურენციას ფასებით უწევენ. "თიბისი ბანკი" ყოველთვის ცდილობდა, საფასო კონკურენციიდან ამოვარდნილი ყოფილიყო. ძირითად აქცენტს 2012 წელსაც ამაზე გავაკეთებთ. მომხმარებელს შევთავაზებთ გაყიდვის არატრადიციულ არხებს. დღეს ყველა ბანკი კლიენტს ძირითად პროდუქტებს ფილიალებში სთავაზობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით და ვეცდებით, არატრადიციული საშუალებებით გავზარდოთ ჩვენი გაყიდვები.
- რა მიმართულებით განვითარდება 2012 წელს ბანკი "კონსტანტა"? - ჩვენ "კონსტანტა ბანკთან" ერთად ახალი ბიზნეს გეგმა შევიმუშავეთ. გვექნება საკმაოდ ამბიციური ზრდა. დაგეგმილი გვაქვს "კონსტანტა ბანკის" 25-30 ახალი ფილიალის გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი 25-30 ახალ ქალაქში შევა და ეს მისი ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება.
- როგორი პოზიცია უკავია "თიბისი ბანკს" ქართულ ბაზარზე?- "თიბისი ბანკი" არის უდიდესი ბანკი ფიზიკური პირების დეპოზიტების მხრივ, ჩვენ გვაქვს ბაზრის 33%-ზე მეტი. მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით, 1/3. სესხების კუთხით მეორე ბანკი ვართ, ბაზრის წილი 25%, მაგრამ "კონსტანტას" შეძენით ბაზრის წილი გავზარდეთ. ბოლო წლებში ამ მიმართულებით საკმაოდ სწრაფი ზრდა გვაქვს. ჩვენი სტრატეგიული ხედვით, ბაზრის წილი 25-30%-ის ფარგლებში უნდა გვქონდეს. ამაზე მეტი წილი უკვე სხვა პასუხისმგებლობებს გულისხმობს.
- დღეს, საქართველოში, ძირითადად, რამდენიმე ბანკი დომინირებთ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე არ არის დიდი კონკურენცია?- საქართველოში, რომლის მოსახლეობა 4,5 მლნ.-ია, ბანკი არ შეიძლება იყოს ნიშური, ანუ ყველა ძირითადი ბანკი უნივერსალურია. მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, ხანგრძლივად წარმატებული ბანკი მაშინ შეიძლება იყოს, თუ მისი ბაზრის წილი მინიმუმ 10-15 %-ია. დღეს საქართველოში 18 ბანკია. რაოდენობა საკმაოდ დიდია. ჩვენი მოლოდინია, რომ 3-5 წლის პერსპექტივაში ბანკების შერწყმა-კონსოლიდაცია მოხდება და მათი რაოდენობა შემცირდება.
- როდისთვის აპირებთ ლონდონისა და ვარშავის ბირჟებზე ბანკის ფასიანი ქაღალდების განთავსებას? - ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ხედვა, რომ ბანკმა მოახდინოს თავისი აქციების განთავსება, მაგრამ აქ რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, საფონდო ბაზრების მდგომარეობა. წელს ბაზრები საკმაოდ დოლატილურია და ძნელია თქმა, სიტუაცია როდის გამოსწორდება. როგორც კი ბაზრები დაუბრუნდება ზრდის მაჩვენებელს და ჩვენთვის საინტერესო გახდება, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
- აისახა თუ არა ევროზონაში არსებული სიტუაცია ქართულ საბანკო სექტორზე ან საერთაშორისო ბაზრებზე არსებული კრიზისი მომავალ წელს ხომ არ გაიძულებთ სესხების გაცემის აქტივობა შეამციროთ?- ამ სიტუაციას ჩვენზე ნაკლები ზეგავლენა აქვს, რადგან ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი იმ რაოდენობის არ არის, რომ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს, თუმცა, ამ მოვლენებს ირიბი ზეგავლენა აქვთ. დღეს ქართულმა ბანკებმა ევროპის ბანკებიდან რომ რესურსები წამოიღონ, იმდენად არის გაზრდილი რისკები და საპროცენტო განაკვეთები, მათ ღირებულება არ ექნებათ.
აქედან გამომდინარე, სანამ არ მოხდება ევროპულ ბაზრებზე სიტუაციის დარეგულირება, ქართული ბანკების ზრდა ადგილობრივი დეპოზიტების ზრდასა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდულ რესურსებზე იქნება დამოკიდებული. 2010-2011 წწ. სექტორში ზრდა 25-30% იყო. თუ ბაზრებზე სიტუაცია არ დარეგულირდა, ჩვენი მოლოდინია, რომ ზრდა 20%-ის ფარგლებში იქნება.
commersant.ge