ნანახია: 1945
ფინანსური კრიზისის გამო უმუშევრობა არა მარტო განვითარებად ქვეყნებს, არამედ დასავლეთის რესპექტაბელურ ქვეყნებსაც უტევს. დიდ ბრიტანეთში ამ წლის მაისიდან უმუშევართა რაოდენობა 164 ათასი ადამიანით გაიზარდა. ამერიკაშიც არასახარბიელო მდგომარეობაა. ექსპერტების აზრით, პრობლემას ცალკეული ქვეყნები მარტო ვერ გაუმკლავდებიან. საჭიროა ერთიანი ძალისხმევა ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ფირმა Capital Economics--ის ანგარიშის თანახმად, დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის დონემ 5,7% შეადგინა და ამ დროისთვის 1,8 მლნ. ადამიანია უმუშევარი. ამასთან ფინანსურმა კრიზისმა იმდენად შეუტია წამყვან საწარმოებსა და ფერმებს, რომ ხელისუფლების მხრიდან გატარებული ვერანაირი ღონისძიება სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, მიიჩნევენ ანგარიშის შემქმნელები. ამასთან, მათი ვარაუდით, 2010 წლისთვის უმუშევრების რაოდენობა 3 მლნ-ს მიაღწევს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. თუმცა, ექსპერტებს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების რეალობად ქცევაში ეჭვი ეპარებათ, რადგან მიაჩნიათ, რომ ბატონ ბრაუნს ასეთი თვითდაჯერებული განცხადების გაკეთების საფუძველი არ გააჩნია.
ამერიკაში უმუშევრობის ოფიციალური მონაცემები ამ წელს არ გამოქვეყნებულა. თუმცა წინა კვირას ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მოხსენება ამ საკითხს ირიბად, მაგრამ მაინც ეხება. მონაცემები საკმაოდ არასახარბიელოა. ეკონომიკური ზრდა სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, მოსალოდნელი 0,7%-ის ნაცვლად, 1,2%-ით შემცირდა. ეს დინამიკა ეკონომიკის კრიზისის გაღრმავებაზე მიუთითებს. უმუშევრობის ზრდა, რომელსაც მოქალაქეების შემოსავლების შემცირება მოსდევს, ლოგიკურად მათ მიერ მოხმარებული პროდუქციის შემცირებასაც იწვევს. "იქმნება მოჯადოებული წრე: შემცირებული მოხმარება იწვევს წარმოების შემცირებას, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის უმუშევრობას", _ ამბობს Dresblner Klinwort Group-ის მთავარი მენეჯერი დევიდ ოუენი.
რაც შეეხება მსოფლიოს დანარჩენ და კერძოდ, ევროპის სხვა ქვეყნებს, აქ შედარებით წარმატებით ებრძვიან საყოველთაო კრიზისს. მაგალითად, სექტემბრის ბოლოს გერმანიაში, უმუშევართა რიცხვი 115 ათასი ადამიანით შემცირდა კიდეც და აგვისტოს თვესთან შედარებით კლებამ 0,2% შეადგინა. გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საერთო ეკონომიკური კონიუნქტურის გაუარესებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია შრომის ბაზარზე. თუმცა, Chartered Institute of Personnel and Development-ის წარმომადგენელი ჰერვარდ დევისი მიიჩნევს, რომ გერმანიასაც მალე შემოუტევს საერთო ეკონომიკური კრიზისი, რადგანაც გერმანია მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურად დასავლეთის ქვეყნებთან. "რა თქმა უნდა, გერმანიის მთავრობა შეეცდება რაც შეიძლება დიდხანს შეეწინააღმდეგოს ამ პროცესს, მაგრამ თუ არ შეიცვალა მდგომარეობა მსოფლიოში, გერმანიის მშრომელებიც ცუდ დღეში აღმოჩნდებიან", - მიიჩნევს ბატონი ჰერვარდ დევისი.
"გაზპრომის" აქციათა ფასი დაეცა
გასულ კვირას "გაზპრომის" კაპიტალიზაცია 100 მლრდ. დოლარით დაეცა. ბაზარზე გაზის მონოპოლისტი კომპანიის აქციები მაისის თვესთან შედარებით სამჯერ გაიაფდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ "გაზპრომის" აქციები კიდევ გაიაფდება, თუმცა დასაშვებ ზღვარს არ გადასცდება და უახლოეს ორ წელიწადში შესაძლებელია 2-2,5-ჯერაც გაიზარდოს.
წინა კვირას "გაზპრომის" აქციებზე ფასმა 13,3%-ით დაიწია და ერთ აქციაზე 105,7 რუბლი შეადგინა. მიუხედავად ამისა, "გაზპრომი" კვლავინდებურად რჩება ლიდერი კომპანია საბაზრო ღირებულების მხრივ. მეორე ადგილს იკავებს "როსნეფტი", მესამეს კი "ლუკოილი". მაისის თვეში კი "გაზპრომს" კაპიტალის მოცულობის მხრივ მესამე ადგილი ეჭირა მსოფლიოში. პირველ ადგილს ამერიკული Exxonmobil-ი ისაკუთრებდა, მეორეს კი ჩინური Petrochina.. "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი მიიჩნევს, რომ დაახლოებით 10 წელში კომპანიის კაპიტალი 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს და მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია იქნება.
ფინანსურმა კრიზისმა Harley-Davidson-იც შეაწუხა
მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ამერიკის ერთ-ერთ სიმბოლოს Harley-Davidson-საც შეუტია. ლეგენდარული კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნილება დღითიდღე მცირდება და სულ უფრო ნაკლები რაოდენობით იყიდება. წინა კვირას კომპანიამ მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, კომპანიის სუფთა მოგება 37,7%-ითაა შემცირებული (265 მლნ. დოლარიდან 166,5 მლრ დოლარამდე). მესამე კვარტალში სულ 74 704 მოტოციკლეტია გაყიდული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,7%-ით ნაკლებია. თუმცა, აზიის ქვეყნებში მოტოციკლეტების გაყიდვა 17,5%-ით გაიზარდა, ხოლო ლათინოამერიკულ ქვეყნებში 611,6%-ით. საერთო ჯამში, 2008 წელს Harley-Davidson-ის მოტოციკლეტების გაყიდვა მთელს მსოფლიოში 6%-ით შემცირდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კომპანიის პრობლემები მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება, რაც გლობალური ეკონომიკური პრობლემებითაა გამოწვეული. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიის მიერ გაყიდული მოტოციკლეტების 75% კრედიტითაა გაყიდული.
ამერიკული Luxury Institute-ის წარმომადგენელი მილტონ პედრაზა მიიჩნევს, რომ Hარლეყ-ის ბრენდი სხვა ძვირფასი ბრენდების მსგავსად კრიზისს გაუძლებს, თუმცა, ამერიკაში ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულ ოჯახთა 76%, რომელთა ფინანსური მდგომარეობა 1 მილიონიდან 10 მილიონამდეა შეფასებული, ფუფუნებით ცხოვრებაზე და შესაბამისად ასეთი ცხოვრებისთვის საჭირო საგნების შეძენაზე უარს ამბობენ.
პუტინმა ამერიკელები შუა აზიიდან გააძევა
ამერიკელების ცდა, გამოედევნათ რუსეთი ცენტრალური აზიის ენერგობაზრიდან, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამერიკელები ამას თავიანთი დიპლომატიის მარცხად მიიჩნევენ. მიუხედავად ამერიკელების დიდი ძალისხმევისა, რომ მოეპოვებინათ ალტერნატიული გაზსადენის მშენებლობის უფლება, რომელიც რუსეთს გვერდს აუვლიდა, მარცხით დამთავრდა. თავიანთ წარუმატებლობას ამერიკელები ვლადიმერ პუტინის "პირად დიპლომატიას" "უმადლიან", რომელიც განსხვავებით ამერიკელებისგან, წლის განმავლობაში რამდენჯერმე სტუმრობდა რეგიონის ქვეყნებს. "პრემიერ-მინისტრი პუტინი რეგიონს წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს, მისი პირადი დიპლომატია უმნიშვნელოვანესია რუსეთის წარმატებისთვის. ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები კი ამ რეგიონს სათანადო დროს არ უთმობენ, არ ხარჯავენ ენერგიასა და პოლიტიკურ კაპიტალს იმისათვის, რომ ამ რეგიონსა და დასავლეთს შორის გამყარდეს აუცილებელი ურთიერთობები", - აღნიშნა ვაშინგტონის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლისას სენატში საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რიჩარდ ლეგარმა. გავლენიანი რესპუბლიკელი მოუწოდებს როგორც ჯორჯ ბუშს, ისე მის მომავალ შემცვლელს, რომ მოინახულონ და ეწვიონ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს. გარდა ამისა, სენატორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ყაზახეთმა და თურქმენეთმა არც ისე დიდი ხანია, რაც მოსკოვთან ფართომასშტაბიანი შეთანხმება გააფორმეს ნავთობისა და გაზის ევროპის ბაზარზე გატანის შესახებ. ლეგარის აზრით, სწორედ ეს გარიგება გახდა დასავლეთსა და რეგიონის ქვეყნების ლიდერებს შორის ურთიერთგაგებისა და შეთანხმებების ჩაშლის მიზეზი. ლეგარის გამოსვლას გამოეხმაურა რუსეთის სასაზღვრო თანამშრომლობის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმარების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე სობინიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის წარმატებებში, რა თქმა უნდა, პუტინის პირადი დიპლომატია არსებით როლს თამაშობს, თუმცა ამას დიმიტრი მედვედევის ძალისხმევაც დაემატა, რომელმაც თავი სრულფასოვან პრეზიდენტად წარმოგვიდგინა. მით უფრო, რომ მედვედევი ნავთობისა და გაზის საკითხებში საკმაოდ გარკვეულია. რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობდა.
გერმანია ეკონომიკის რეცესიის ზღვარზე
გერმანიის ეკონომიკა 2009 წელს შესაძლებელია რეცესიის საფრთხის წინაშე დადგეს, ასეთ პროგნოზს აკეთებს გერმანიის ეკონომიკური ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტები. ისინი მიიჩნევენ, რომ წლის განმავლობაში მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 0,8%-ით შემცირდება. განსაკუთრებით შემცირდება ინვესტიციების მოცულობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოწყობაში. ექსპერტები შიდა მოთხოვნის 0,6%-ით შემცირებასაც ვარაუდობენ. მოსალოდნელია იმპორტის შემცირებაც. სიტუაციის გაუარესება შრომის ბაზარსაც შეეხება და 2009 წლისთვის უმუშევრობა 8,3%-მდე გაიზრდება, სამუშაო ადგილები კი თითქმის 400 ათასით შემცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები გერმანიის ეკონომიკის რეცესიას პროგნოზირებენ, სპეციალური სახელმწიფო პროგრამის მიღების იდეას, რომელიც გამოაცოცხლებს ქვეყნის ეკონომიკას, ისინი არ ეთანხმებიან, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ის პრაქტიკული ხასიათის მიზეზების გამო, წარმატებას ვერ მოიტანს. ასეთი პროგრამის მიღების ნაცვლად, ანალიტიკოსთა აზრით, უმჯობესია საგადასახადო სიმძიმის შემსუბუქება, რაც ეკონომიკის წინსვლას შეუწყობს ხელს. საჭიროა იმ გეგმიური ინვესტიციების დაჩქარებულად განხორციელება, რომლებიც განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში უნდა განხორციელდეს.
|