ნანახია: 843
რატომ ამახინჯებენ ქართველი ნეოლიბერალები ამ თეორიის არსს
კახა ბენდუქიძის მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველო ჩიხში შეიყვანა. ახლა ყველაფრის გადაბრალებას აგვისტოს მოვლენებსა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე ცდილობენ. თუმცა, ქართველი ექსპერტები და ქართული მედია ფხიზლად ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას და დაშვებული შეცდომებიც პუნქტუალურად არის აღნუსხული. "ბ&ფ" ქართული ნეოლიბერალების სულიერ "მამებს" ("დედებსაც") ხშირად გაცნობთ. ჩვენს ერთგულ მკითხველს ალბათ ახსოვს წერილები სანკტ-პეტერბურგიდან ამერიკაში გადასახლებულ აინ რენდზე (იმავე ალისა როზენბაუმზე), რომელიც ამ მიმართულების ერთ-ერთი თვალსაჩინო იდეოლოგია. ნეოლიბერალები თავიანთი თეორიის პოპულარიზაციაზეც ზრუნავენ. ამ თვალსაზრისით, საქართველოში `ახალი ეკონომიკური სკოლა~ გამოირჩევა, რომელსაც კახა ბენდუქიძე გულშემატკივრობს. სწორედ ამ არასამთავრობოს ინიციატივით ჩატარებულ სემინარზე გაჟღერდა ასეთი აზრები - "ობამა არასწორია, როცა 800 მილიარდს მოითხოვს ამერიკული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად", "ჩვენი უცხოელი მეგობრები ცდებიან, როცა ოთხნახევარი მილიარდი გამოუყვეს საქართველოს კრიზისის შედეგების დასაძლევად", "თუ შეუძლია, საქართველომ თვითონ უნდა უშველოს თავისთავს, ან დაიღუპოს", "ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს ყველაფერი". ეს "ბ&ფ" -ს რედაქტორმა მერაბ ჯანიაშვილმა უამბო მკითხველს, რომელიც ამ სემინარს ესწრებოდა, ერთ-ერთ წინა ნომერში. მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალურმა პრინციპებმა სერიოზული მარცხი განიცადა ამ კრიზისის გაჩენით და მასშტაბებით, თავგადაკლული ნეოლიბერალები იხტიბარს არ იტეხენ. დასავლეთში ზოგიერთი მეცნიერი ამ თეორიის კრახზე საუბრობს, ისე როგორც კომუნისტური თეორიისაზე. ლიბერტარიანელები კი გულმოდგინედ ერთგულებენ თავიანთ პრინციპებს და თვით გურუს - ლუდვიგ ფონ მიზესს. მიზესის ლიბერტარიანული თეორია ეკონომიკაში მაქსიმალურ ჩაურევლობას გულისხმობს. ამ დროს, ბენდუქიძის ფაქტობრივი პრემიერობის პერიოდში ქართული სახელმწიფო უხეშად ერეოდა ეკონომიკაში. ბაზარი კი კლანების სათარეშოდ იქცა. იქნებ ამიტომაც არ მოიტანა არანაირი პოზიტივი "ბენდუნომიკამ". იქნებ ამიტომაც მარეგულირებლების გაუქმებას და სახელმწიფო ორგანოების შემცირებას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ხოლო ბენდუქიძის ზღაპრები ეკონომიკურ ზრდაზე, უბრალოდ ზღაპრებია, რადგან ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურა - სტატისტიკის დეპარტამენტი მთავრობისთვის სასურველ ციფრებს ხატავდა ბოლო წლებში. ამიტომ ის სიმახინჯეც კი, რაც საქართველოში ეკონომიკის სახით გვაქვს, ლიბერტარიანული თეორიის ნიმუშიც კი არ არის. ჩვენ საინტერესოდ მივიჩნიეთ ნეოლიბერალური თეორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ბენდუქიძე-შეშელიძე-ჯანდიერის ერთ-ერთი გურუს ლუდვიგ ფონ მიზესის შეხედულებებზე მასალის შემოთავაზება.
ბექა სავანელი
მე-20 საუკუნის ავსტრიელი ეკონომისტი, ავსტრიული ლიბერალური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მისი თვალსაჩინო წარმომადგენელი ლუდვიგ ფონ მიზესი ამბობდა: "რომ ყოფილიყო მხოლოდ იდეა, რომელიც ეფექტურად შეეწინააღმდეგებოდა სოციალიზმს, ეს იქნებოდა-ლიბერალიზმი". იგი ეკონომიკური კვლევის საკითხებში ოთხი უდიდესი შედევრის ავტორი გახლდათ. ესენია "ფულისა და კრედიტების თეორია", "სოციალიზმი", "კაცობრიობის შემოქმედება" და "თეორია და ისტორია". უნდა აღინიშნოს, რომ მიზესის "თეორია და ისტორიამ" სათანადო აღიარება ვერ მოიპოვა, როგორც ეს სხვა ნაშრომების შემთხვევაში მოხდა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჩვენს ეპოქაში არსებული ბრმა აკადემიური სპეციალიზაციის პოპულარობის ფონზე, თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება არ იწყნარებს არაფერს, რასაც ფილოსოფიური მსჯელობის ელფერი დაკრავს. მიზესი, დიდი ხნის განმავლობაში, მარტო ებრძოდა ეტატიზმს, თუმცა ეკონომისტთა რიგ წრეებში, მიზესის მეთოდოლოგიის მიმართ ბევრად უფრო დიდი წინააღმდეგობა არსებობდა. თავის ნაშრომში "თეორია და ისტორია" მიზესი თავის მთავარ მეთოდად პრაქსიოლოგიას ასახელებს, რომლის ძირითადი კონცეფცია არის მეთოდოლოგიური დუალიზმი, რაც, თავის მხრივ, მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის ფენომენის შესასწავლი ხერხები არსებითად უნდა განსხვავდებოდეს პლანეტების ან მოლეკულების გასაანალიზებელად გამოყენებული მეთოდებისგან. იგი თვლის, რომ ადამიანს აქვს განზრახვები და მიზნები, აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უნარი, რაც არ გააჩნიათ ატომებს. ამიტომ შესაძლებელია მათ ხელოვნურად შევუცვალოთ მოძრაობის ტრაექტორია, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია ადამიანთან, როგორც მოაზროვნე არსებასთან მიმართებაში. ეკონომისტები სასტიკად ეწინააღმდეგებიან მიზესის თეორიას. საქმე ისაა, რომ ეკონომიკური მეცნიერება, ისევე როგორც სხვა სოციალური მეცნიერებები, იმყოფებიან პოპულარული მითის ტყვეობაში, რომელსაც მიზესმა სციენტიზმი უწოდა. იგი განისაზღვრება, როგორც ადამიანის ფენომენის შემსწავლელი ერთადერთი მთავარი მეცნიერული მიდგომა, რომელიც სათავეს ფიზიკური მეცნიერების პრინციპებში იღებს. იმისათვის, რომ ეკონომიკური მეცნიერება გახდეს ისეთივე პოპულარული როგორც ფიზიკა და სხვა საბუნებისმეტყველო დარგები, საჭიროა, რომ მან გვერდი აუაროს ისეთ ცნებებს, როგორიცაა განზრახვა, მიზნები, სწავლება და არჩევანის უფლება, ანუ ის, რაც ადამიანობის განმსაზღვრელი, ძირითადი ფაქტორებია. ეკონომიკური საზოგადოების მთავარი დევიზი გახლავთ "მეცნიერება –როგორც წინასწარმეტყველება," სადაც არ უნდა იმსჯელონ ადამიანის განზრახვების და მიზნების შესაძლო ცვლილებებზე, უბრალოდ, აღიარებულ უნდა იქნას, რომ მოვლენები შეუქცევადია და წინასწარგანსაზღვრული. იმისთვის, რომ ეკონომიკური მეცნიერება გახდეს უფრო "მყარი" და "თანამედროვე", მიზესის თეორიის თანახმად, ადამიანი უნდა განიხილებოდეს არა როგორც ინდივიდუალური და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად უნიკალური, არამედ როგორც ერთგვაროვანი და აქედან გამომდინარე, განსაზღვრულობას დაქვემდებარებული ქმნილება. ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია წინააღმდეგობას ვერ უწევს ადამიანის განუმეორებლობის პრინციპებს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ ეგრეთწოდებული ეკონომიკური მეცნიერება უნდა ემყარებოდეს პოზიტივიზმის პრინციპებს. მიზესი აღიარებს, რომ კაცობრიობის ყოფიერების ღრმა არსი მდგომარეობს მისი გონებრივი შესაძლებლობის ანუ აზროვნების უნარსა და თავისუფალი არჩევანის განხორციელების უნარში. იგი აცნობიერებს, რომ მეცნიერული მისწრაფება დეტერმინიზმისა და განსაზღვრულობისადმი არის არარსებულის ძიება და ამიტომ იგი აბსოლუტურად არამეცნიერულია. მიზესის "თეორია და ისტორიის" საფუძვლიანი გაცნობა მოგვცემდა შესაძლებლობას გაგვეგო, რომ ჭეშმარიტი თეორია მოწყვეტილი არ არის რეალურ სამყაროს და რომ უარი უნდა ვუთხრათ მეცნიერულ მითებს. ამისათვის კი უნდა ვიხელმძღვანელოთ დედუქციის თეორიის პრინციპებით. იგი იმასაც დასძენს, რომ "პრაქსიოლოგიის გარეშე არავითარი ეკონომიკური თეორია არ იქნება ჭეშმარიტი და ვერ იქნება ჭეშმარიტად ჯანსაღი". პრაქსიოლოგია კი ეს არის ფილოსოფიაში, ეკონომიკურ მეცნიერებაში და სოციოლოგიაში ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი საერთო თეორია. მანამდე, სანამ არ იქნება გამოკვეთილი კავშირი ადამიანში იდეასა და ფიზიკურ ან ქიმიურ მოვლენებს შორის, ოპტიმისტების თეზისი, რომელიც ეყრდნობა მეტაფიზიკური მსოფლმხედველობის თეორიას, დარჩება მხოლოდ და მხოლოდ პოსტულატად. ეგრეთწოდებული "პოზიტივისტები" ამტკიცებენ, რომ ადრე თუ გვიან აღმოჩენილი იქნება ახალი მეცნიერული დისციპლინა, რომელიც შეძლებს დეტალურად აღწეროს ადამიანში მიმდინარე ყველა ფიზიკური და ფსიქიკური პროცესი. ბუნებაში რეგულირებადი პროცესების, ბუნებრივი მოვლენების ორმხრივი კავშირის საუკეთესო ახსნა სასწაულის კონცეფციის არსებობაში მდგომარეობს. სასწაული –ეს არის ის, რაც მოვლენების ლოგიკურად განვითარების პირობებში არ შეიძლება განიხილებოდეს. ასეთი მოვლენები ბუნების კანონების მიხედვით არ აიხსნება. როდესაც ხდება სასწაული, მას აქვს ორი ინტერპრეტაცია. ორივე მათგანი აღიარებს ბუნების კანონებს და სცნობს მას როგორც მოცემულობას. მორწმუნეები ამბობენ: "ეს შეუძლებელია მომხდარიყო ჩვეულებრივად კანონზომიერების ფარგლებში, ეს მოხდა იმიტომ, რომ ღმერთი შეუზღუდავია თავის მოქმედებაში და არ ექვემდებარება ბუნების კანონებს. ეს მოვლენა აუხსნელია, საიდუმლოა და სასწაულია". რაციონალისტები კი ამბობენ: "ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო, ამიტომ არც ყოფილა, ხოლო ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ ეგრეთწოდებული სასწაულის მომსწრენი გახდნენ, ან უბრალოდ ტყუიან და ან ილუზიების ტყვეობაში იმყოფებიან." ადამიანური ცოდნა მხოლოდ დროშია შეზღუდული, კიდევ არსებობენ ბუნების კანონები, რომელთა შემეცნება ადამიანებს შეუძლიათ ცოდნის დაგროვების კვალობაზე, მაგრამ არსებობს ის ბუნების კანონებიც, რომელთა შემეცნებაც მხოლოდ რწმენით, გრძნობით და ემოციურ დონეზე არის შესაძლებელი. ის თეოლოგები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ დანაშულის აღიარების გარეშე ადამიანი ვერ იქნებოდა თვითდაჯერებული, სიმართლეა, მიიჩნევს მიზესი. ადამიანის მეცნიერული კვლევები ვერ ახერხებენ გასცდნენ არსებულ საზღვრებს მისი გონების სიმწირისა და არასრულყოფილი გრძნობადი აღქმის გარეშე. ფილოსოფოსები და ეკონომისტები აღნიშნავენ ფაქტს, რომ ადამიანს ურჩევნია ჰქონდეს ის, რაც მას აბედნიერებს და არა ის, რაც არ იწვევს მასში იგივე განცდას. უარყოფილი არ უნდა იქნას დაახლოებით ორი ათასი წლის წინ ევდემონიზმის და უტილიტარიზმის წინააღმდეგ წამოყენებული არგუმენტები. ამ დოქტრინაში სუბიექტური და ფორმალური ხასიათის კონცეფციის განსაზღვრება "კმაყოფილება" და "ტკივილი" გამოიყენება. მიზესი თავის ნაშრომში ღირებულებათა განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ბედნიერება აზრის ფორმალური გაგებით ეს არის ადამიანის საბოლოო მიზანი, ხოლო ის სხვა სურვილები და მიზნები, რომელთა მიღწევასაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს, წარმოადგენს მხოლოდ საშუალებას და იარაღს საბოლოო მიზნის–ბედნიერების მისაღწევად. მიზნის დასახვა –ეს გონების საქმეა, ხოლო საბოლოო მიზნის მიღწევა კი თავისუფალი ნების და სულის. ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია სწორედ გარკვეული მიზნების მისაღწევად. ეკონომიკური კლასიკური სკოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია გახლავთ რიკარდოს ფასების შედარების თეორია, რომელიც საბაზრო ეკონომიკის და პროტექციონიზმის შედეგებზეა ორიენტირებული. იგი არ ამტკიცებს, რომ პირველი კარგია და მეორე ცუდი. ვინც ეკონომისტებს საკუთარი ეგოისტური მიზნების მიღწევის მცდელობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ გარკვეული ჯგუფები პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესებას საერთო საქმის გაფუჭების ხარჯზე ცდილობენ. მიზესი იქვე შენიშნავს, რომ საყოველთაო კეთილდღეობის იდეა, საზოგადოებაში ჰარმონიული ურთიერთობის დამყარების თვალსაზრისით, ზუსტად ამ ეკონომიკური სკოლის თანამედროვე იდეას წარმოადგენს. აქამდე კაცობრიობა ეთანხმებოდა აზრს, ადამიანთ ჯგუფებს შორის გადაუჭრელი კონფლიქტების არსებობის შესახებ. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის კეთილდღეობა მეორის ზარალის ხარჯზე ხდება. ამ თეორიის ფორმულირება პირველად მონტენმა მოახდინა. სწორედ ეს დოგმა განსაზღვრავდა მერკანტილური თეორიის არსს და კლასიკური სკოლის კრიტიკის საგანიც ზუსტად იგი გახდა. ისინი წინ აღუდგნენ მონტენის თეორიას ინტერესთა ჰარმონიის დოქტრინის შემოტანით. აღსანიშნავია ის, რომ არც ინტერვენციონისტები და არც სოციალისტები არ ეთანხმებიან აღნიშნულ თეორიას. ნაციონალისტების აზრით, შეუძლებელია სხვადასხვა ერების ინტერესები ემთხვეოდეს ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, არანაირ ჰარმონიაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. თვალსაჩინოა, რომ სხვადასხვა დოქტრინის ანტაგონიზმის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ ლოგიკური განსჯის პრინციპით დარეგულირდეს, თუმცა ჰარმონიის თეორიის ოპონენტები მზად არ არიან გამოცდის წინაშე დააყენონ თავიანთი დოქტრინები. მეცნიერება ჩვენ გვასწავლის იმას, რაც არის და არა იმას, თუ რა უნდა იყოს. დოქტრინები, რომლებიც მარადიული ღირებულებების არსებობას ადასტურებენ და მათი აღმოჩენა, ისევე როგროც ფიზიკური კანონების, ფილოსოფიის და მეცნიერების პრეროგატივაა, უარყოფენ მათ შორის სადემარკაციო ხაზის არსებობას. მათი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ არსებობს ღირებულებათა აბსოლუტური იერარქია და ცდილობენ მისი უმაღლესი საფეხურის განსაზღვრას. ისინი ცდილობენ გაარჩიონ კარგი ცუდისგან, ჭეშმარიტი მცდარისგან, სწორი არასწორისგან. ეთიკის ნორმატიული მეცნიერება ცდილობს წარმოაჩინოს ჭეშმარიტი ღირებულებები და ადამიანთა ქცევის სწორი ნორმები დაამკვიდროს. ამ ფილოსოფიის მიმდევართა აზრით, ჩვენი ეპოქის უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები აღარ აღიარებენ მარადიულ ღირებულებებს და აღარც მათით ხელმძღვანელობენ. ადრე, როცა დასავლური კულტურა ერთსულოვნად აღიარებდა ქრისტიანულ ღირებულებებს, კაცობრიობის საერთო მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო. და კვლავ მარადიული და აბსოლუტური ღირებულების აღმოჩენას შეეჭიდა "ბუნებრივი უფლების" დოქტრინა. ამ ტერმინით ხელმძღვანელობდნენ სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლებში და იურისპუდენციაში. ბუნებრივი უფლების თეორიის ქვეშ მოქცეული იყო უამრავი მცდარი თეზისი. ამიტომ, გასაკვირი არ არის, როცა ფილოსოფოსები სიფრთხილით ეკიდებიან აღნიშნულ თეორიას. თუმცა ეს თეორია თავის თავში საღ დამოკიდებულებებსაც შეიცავს. როგორიცაა იმის აღიარება, რომ კაცობრიობის მოღვაწეობის სფეროში არსებობენ დარეგულირების მექანიზმები და მოვლენათა თანმიმდევრობის პრინციპები. მათი მნიშვნელოვანი მიღწევა გახლდათ კანონიერი პოზიტივიზმის დოქტრინის უარყოფა, რომლის თანახმადაც დაწერილი კანონების ჭეშმარიტ წყაროდ კანონმდებლის სამხედრო ძალა სახელდებოდა. ბუნებრივი უფლების თეორია კი ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ დაწერილი კანონი შეიძლება იყოს ცუდი. ცუდი კანონები კი უნდა შეიცვალოს კარგით, რომელიც ღვთიური ან ბუნებრივი წარმოშობის შეიძლება იყოს. უამრავი თეორიისა და ფილოსოფიური მიმდინარეობების მიუხედავად, მიზესის აზრით, იკვეთება ერთი ჭეშმარიტი აზრი, რომ თავისუფალი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება არის ფუნქციონირების შესაძლებლობის არსებობა, მიუხედავად ამ საზოგადოებაში მყოფი ინდივიდების ღირებულებათა სხვადასხვაობისა.
მოამზადა ქეთი სიხუაშვილმა
|