მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ყოველ გაცემულ 1 ლარზე საშუალოდ 50 თეთრ მოგებას ნახულობენ

საქართველოში მიკროსაფინანსო სფერო ტენდენციებით ხასიათდება. ამის მიზეზი არამარტო სპეციფიკური, ზოგადად, ამ სფეროსთვის დამახასიათებელი ფაქტორებია, არამედ სხვა მაკროფაქტორებიც, ისეთი როგორიცაა: ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, ზოგადად ფინანსური ბაზრის მდგომარეობა, რაშიც იგულისხმება კრედიტების ხელმისაწვდომობა. მოგეხსენებათ, ფინანსური კრიზისის შემდეგ ბანკები კრედიტების დაუბრუნებლობის პრობლემის წინაშე დადგნენ, რის გამოც:
1) ბანკებმა საგრძნობლად შეზღუდეს სესხების გაცემა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელი გახდა კრედიტი;
2) კრედიტების დაუბრუნებლობის გამო ბანკის კლიენტების დიდი ნაწილი "კრედიტინფოს" შავ სიაში მოხვდა, რითაც დაკარგა ბანკთან შემდგომი ურთიერთობის საშუალება. შეგახსენებთ, "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ჩანაწერთა საერთო რაოდენობა აღნიშნული პერიოდისათვის 2 142 816 შეადგენს. პოზიტიურ სესხებში დაფარული სესხების ხვედრითი წილი - 56.06%, ვადაგადაცილებულ სესხებში დაფარული სესხების ხვედრითი წილი - 41.74% აღნიშნული პერიოდისთვის მონაცემთა ბაზაში ძებნადია 805 000 ფიზიკური პირი და 11 500 კომპანია.ხსენებული მიზეზების გამო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებაზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. გარდა ამისა, ჯერ 2008 წლის აგვისტოს ომმა, შემდეგ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ბოლო თვეების განმავლობაში კი მაღალმა ინფლაციამ ქვეყანაში ფინანსური პრობლემები შექმნა. ბანკების კლიენტებს ვალის დაფარვა ყოველთვიურად უწევთ, ვალის გადავადებასა თუ რესტრუქტურიზაციაზე ბანკები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ. ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო აქტუალური და მოთხოვნადი გახდა, ვინაიდან მათ მიერ შემოთავაზებული, რომელსაც მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში ბანკის სესხის გადასაფარად მიმართავს, უფრო ხელმისაწვდომია, თუმცა, ეს საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა და სუბიექტებს მისი მიღება ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთის სანაცვლოდ უხდებათ.
გარდა ბანკების მიერ საკრედიტო პოლიტიკის შეზღუდვისა და ე.წ. "გაშავებული" კლიენტებისა, მიკროფინანსების სფეროს ზრდას ფინანსური ბაზრების განვითარების დაბალი დონე განაპირობებს, რის გამოც მოსახლეობა ვერ იღებს მრავალფეროვან ფინანსურ მომსახურებას, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია შესაძლებელი და იძულებულია მაღალ ფასად ისესხოს ფინანსური საშუალებები.
მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, გაცილებით მსუბუქად რეგულირდება, მათი პასუხისმგებლობის დონე და მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ვალდებულების ხარისხი გაცილებით დაბალია.
ყველა ხსენებული ფაქტორი ამ ბაზარს სხვადასხვა სუბიექტებისთვის სულ უფრო მიმზიდველს ხდის და სფეროც არნახული ზრდის ტემპებით ხასიათდება. მიკროსაფინანსო სფერო თითქმის ერთადერთია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებს და დარგებს შორის, რომელიც 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და ფინანსური კრიზისის ფონზე გაიზარდა, თანაც საკმაოდ დიდი მასშტაბებით.
საინტერესოა, შესაბამისი სტატისტიკის განხილვა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები მხოლოდ 2011 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით 10%-ით გაიზარდა და 359 988 570 ლარი შეადგინა, ხოლო აქტივების წლიური ზრდის ტემპი 47%-ს აღემატება. რაც შეეხება საკრედიტო პორტფელის მოცულობას, იგი ოფიციალური სტატისტიკით, მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 56,2%-ით გაიზარდა. 2011 წლის ივნისის ბოლოს, ორგანიზაციებში მთლიანი სესხების მოცულობამ 271 981 443 ლარი შეადგინა.
2011 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე ფუნქციონირება 4-მა ახალმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაიწყო. ამ დროისთვის ბაზარზე 57 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.
2008 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 2011 წლის მეორე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივების მოცულობა 3,5-ჯერ არის გაზრდილი.
სხვადასხვა მაკროფაქტორების გამო, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი, მიკროსაფინანსო ბაზარი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. თუმცა, რამდენად განაპირობა ეს თამაშის სამართლიანმა, მორალურ-ეთიკურმა წესებმა და საბაზრო ტენდენციებმა, ვფიქრობთ, სადაო საკითხია. აქ იგულისხმება ის ფაქტი, რომ მიკროსაფინანსოების დიდმა ნაწილმა ისარგებლა იმ ფაქტორებით, რაზეც სტატიის დასაწყისში იყო საუბარი, ანუ ის გარემოება, რომ საბანკო კრედიტები მოსახლეობისთვის სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდებოდა, მიკროსაფინანსოებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც სხვა გზა აღარ ჰქონდათ ფინანსური რესურსის მისაღებად, იძულებული გახდნენ დეფიციტური ფულადი სახსრები მიკროსაფინანსოებისგან მიეღოთ კაბალური პირობებით. ანუ ადგილი ჰქონდა კლიენტების რაოდენობის მკვეთრ ზრდას, რამაც განაპირობა სწორედ მიკროსაფინანსო სექტორის ზრდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ ცალკეულმა ბანკებმა თვითონვე შექმნეს ეს დაწესებულებები, რომლებსაც თავადვე აკრედიტებდნენ და კრედიტად მიღებულ თანხებს ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გაცილებით მაღალ პროცენტად გასცემდნენ და გასცემენ მოსახლეობაზე. ციფრი, ალბათ, სადაო არ არის, რომ საკმაოდ მაღალია. დღეისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 36%-დან იწყება და 60%-მდე ადის, ანუ საშუალოდ წლიური 48%.
ეჭვს იმის შესახებ, რომ ბანკები თვითონ ქმნიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და მათზე შეღავათიანი პირობებით გაცემულ კრედიტებს შემდგომ უკვე მიკროსაფინანსოების საშუალებით მაღალ პროცენტში გასცემენ სესხად ის ფაქტი ამყარებს, რომ 2008 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების მოცულობა და მათ მიერ კრედიტის სახით მოზიდული თანხები თითქმის ერთნაირი სიდიდით გაიზარდა. არსებობს ყველა სხვა ოფიციალური წყაროს რაოდენობრივი გამოხატულება, საიდანაც მიკროსაფინანსოები კრედიტად გასაცემი თანხის აკუმულირებას ახდენენ თითქმის უცვლელია. 2008 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 2011 წლის მეორე კვარტალში მიკროსაფინანსო სექტორში მთლიანი სესხების მოცულობა 339%-ით გაიზარდა, ნასესხები სახსრები კი 330%-ით.
საშუალო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით გაცემული სესხების მოცულობაზე დაყრდნობით (271 981 443 ლარი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ პროცენტის სახით ამოღებული თანხების მოცულობა დაახლოებით 130.6 მილიონი ლარია.