ნანახია: 236
EBRD-ის წარმომადგენელი: უცნაურია, რომ ქვეყანა, რომელმაც ამდენი რეფორმა გაატარა, ინვესტიციების ნაკლებობას უჩივის
საქართველოში მიმდინარე წელს მოსალოდნელ ინვესტიციებზე მთავრობის და EBRD-ის პროგნოზები განსხვავებულია. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა 2011 წელს მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ელოდება. ვერა ქობალიას თქმით, ინვესტიციები პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაშია მოსალოდნელი.
ქობალიას განცხადებით, ინვესტიციები ასევე შემოვა ტურიზმის სფეროში, ბევრი სამუშაო ჩატარდა რეგიონალური განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. მისივე თქმით, საინვესტიციო სააგენტო აქტიურად მუშაობს ტექსტილის წარმოების ხელშეწყობაზე.
მთავრობისგან განსხვავებით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი წელს ქვეყანაში მხოლოდ 750–მილიონიანი ინვესტიციის შემოსვლას პროგნოზირებს.
EBRD-ის წარმომადგენელი ჰენრი ფორესტიერი ღიად აცხადებს, რომ მისთვის უცნაურია, რომ ქვეყანა, რომელმაც ამდენი რეფორმა გაატარა, კვლავ ინვესტიციების ნაკლებობას უჩივის. მისი თქმით, 2011 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 2-ჯერ ნაკლებია 2008 წლის მონაცემთან შედარებით. ოფიციალური სტატისტიკით 2008 წელს საქართველოში მილიარდ 654 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო 2010 წელს 814 მილიონი.
commersant.ge
|