
საქართველოს მთავრობა 2011 წელს 1 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას მოელის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განუცხადა. „ინვესტიციებს პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში ველით და განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, სადაც მომავალ წელს გაცილებით მეტი ინვესტიციების შემოდინება არის მოსალოდნელი", - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ინვესტიციები ასევე შემოვა ტურიზმის სფეროში, ბევრი სამუშაოები ჩატარდა რეგიონალური განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. გარდა ამისა, საინვესტიციო სააგენტო აქტიურად მუშაობს ტექსტილის წარმოების განვითარების ხელშეწყობაზე და ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს თურქულ და სხვა ქვეყნების კომპანიებთან. მომავალ წელს ამ სფეროშიც დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმება.
თუმცა განსხვავებულ პროგნოზზ აკეთებს რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD). მათი პროგნოზით 2011 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 750 მლნ აშშ დოლარი იქნება.
ამის შესახებ EBRD-ის კავკასიის, მოლდოვის და ბელორუსის რეგიონალურმა დირექტორმა პოლ ჰენრი ფორესტიერმა ხუთშაბათს, გამოცემის „ეკონომისტი" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უცნაურია, რომ ქვეყანა, რომელმაც ამდენი რეფორმა გაატარა, კვლავ ინვესტიციების ნაკლებობას უჩივის. 2011 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 2-ჯერ ნაკლებია 2008 წლის მონაცემთან შედარებით", - განაცხადა ევრობანკის მაღალჩინოსანმა.
ოფიციალური სტატისტიკით, 2008 წელს საქართველოში 1,564 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2010 წელს 814 მლნ, როგორც ჩანს 2011 წელი ინვესტიციების მხრივ უფრო ნეგატიური დინამიკით იქნება გამორჩეული.
მოამზადა:
გიორგი კაპანაძემ