"საქართველოში არის ორი ტიპის საფინანსო კომპანია: პირველი კატეგორია ძირითადად ბიზნესს აფინანსებს, მეორე მხოლოდ სამომხმარებლო, გირავნობით უზრუნველყოფილ სესხებს გასცემს", - "ალიანს ჯგუფი"ბოლო დროს ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ძალიან მაღალი და შეუსაბამო საპროცენტო განაკვეთებია ისეთ სესხებზე, რომლებიც ისედაც მყარი უზრუნველყოფით გაიცემა. ანალიტიკოსების პოზიციით, მსო ბაზრის ზრდა ბანკებისგან გაპრობლემებული სესხების გამოტანამ განაპირობა. ამასთან, უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ძალიან მაღალი ჯარიმებია ვადაგადაცილებაზე. ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური წარმომავლობის შესახებაც ინფორმაცია ფაქტიურად მიუწვდომელია. არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი ფინანსურ რესურსებს ისევ საქართველოში არსებული კომერციული ბანკებისგან იზიდავენ და, შესაბამისად, ამიტომაც არის ამხელა საპროცენტო განაკვეთები.
სწორედ ამ საკითხების ირგვლივ გვინდოდა გაგვეგო საქართველოში არსებული მიკროსაფინანსოების პოზიცია. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით, მათ შორის - „რიკო კრედიტს“, „ქართულ კრედიტს“, „ალფა კრედიტს“, „ფინკა საქართველოს“ და „თბილბიზნესს“. თუმცა, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი გაგვცა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალიანს ჯგუფი“ აღმოჩნდა.
გთავაზობთ ინტერვიუს „ალაინს ჯგუფის“ საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მერაბ კოკაიასთან.
- ბატონო მერაბ, რა წილი უჭირავს თქვენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას საქართველოს ბაზარზე, როგორია ორგანიზაციის განვითარების სტრატეგია, რომელია თქვენი სამიზნე სეგმენტი და რა რის ორგანიზაციის პრიორიტეტი ამ ეტაპზე?- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ალიანს ჯგუფი" წარმოადგენს საფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ემსახურება მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში, მომხმარებლებისთვის ბიზნეს, სამომხმარებლო და აგრო სესხების შეთავაზების გზით.
კომპანია 2005 წელს ქართველი, ევროპელი და ამერიკელი აქციონერების მიერ დაფუძნდა და "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ჰოლდინგის ძირითადი მიზანია საქართველოში განვითარებისთვის გრძელვადიანი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კონკრეტული ბიზნესის განვითარებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ძირითადად ორიენტირებულია მცირე მეწარმეების დაფინანსებაზე საქართველოს რეგიონებში, რომლებიც საქმიანობენ მცირე და საშუალო ბიზნესში, აგრო, მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორში. კომპანია აფინანსებს როგორც დამწყებ ბიზნესებს, აგრეთვე არსებულ ბიზნესებს, რომელთაც განვითარების პოტენციალი გააჩნიათ. კომპანიის საქმიანობის მხოლოდ 5% არის კონცენტრირებული თბილისში. ძირითადი აქცენტი კი სწორედ რეგიონებზე კეთდება. კომპანიის ფილიალები განლაგებულია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და წალკაში.
2011 წლის I კვარტლის მონაცემებით, პორტფელის მიხედვით, ჩვენ მიკროსაფინანსო ბაზარზე 14-ე ადგილს ვიკავებთ და ბაზრის მხოლოდ 1% ვფლობთ. თუმცა, ორგანიზაციის სამომავლო განვითარების სტრატეგია სწორედ პორტფელის გაზრდას, ახალი რესურსების მოძიებას და ხარისხიანი, ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს. 2011 წლის სექტემბერში, კომპანიამ ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი IშO 9001 მიიღო, რომელიც დაგვეხმარება მუდმივად ვიზრუნოთ კლიენტთა მომსახურების და მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაზე და რაც მთავარია, ხელს შეგვიწყობს მოვიზიდოთ დამატებითი საერთაშორისო რესურსი. კომპანიის მოკლევადიანი გეგმაა გააფართოვოს ფილიალების ქსელი (2012 წელს, იგეგმება ფილიალების გახსნა თელავში, გურჯაანში, გორსა და ასპინძაში), შესთავაზოს მომხმარებელს ახალი პროდუქტები, გავზარდოთ კლიენტთა რაოდენობა, მინიმუმ, ხუთჯერ და მოვახდინოთ არსებული სასესხო პორტფელის ოპტიმიზაცია.
- რა პროდუქტებს სთავაზობს თქვენი მსო მომხმარებელს?- ჩვენი კომპანია კლასიკურ მიკროსაფინანსო მომსახურებას სთავაზობს თავის კლიენტებს. შესაბამისად, დღეისთვის ჩვენ სამი ტიპის სასესხო პროდუქტი გვაქვს – ბიზნეს სესხი, სამომხმარებლო სესხი და აგრო სესხი. როგორც მოგახსენეთ, ორგანიზაცია ძირითადად აფინანსებს მცირე და საშუალო მეწარმეებს საქართველოს რეგიონებში. სესხის მოცულობა 300 ლარიდან 50 000 ლარამდეა. ჩვენი მიზანია, პოტენციალის მქონე მეწარმეებს მივცეთ შანსი განავითარონ თავიანთ ბიზნესიდეები, დავეხმაროთ მათ ჩამოყალიბდნენ გადამხდელუნარიან ბიზნესებად, რომლებთანაც თანამშრომლობაზე მომავალში არცერთი კომერციული ბანკი არ იტყვის უარს. სწორედ ეს განასხვავებს ჩვენს ორგანიზაციას სხვა კონკურენტი კომპანიებისგან. ჩვენი მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ კრედიტის გაცემით, არამედ ჰოლდინგის სხვა შვილობილ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს ყველა საფეხურზე ვთავაზობთ კონსულტაციას – თუ როგორ შეიმუშავოს სწორი ბიზნეს-გეგმა, მოიძიოს სანდო პარტნიორები, მოიზიდოს ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორები და სწორად განახორციელოს თავისი საქმიანობის დაგეგმარება.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არის საპროცენტო განაკვეთი ასეთი მაღალი ისეთ სესხებზე, რომელიც ძალიან მყარი უზრუნველყოფით გაიცემა? და თვლით თუ არა, რომ ასეთი მაღალი განაკვეთები კიდევ უფრო დაამძიმებს იმ სეგმენტის მდგომარეობას, რომელიც თქვენთან თანამშრომლობს?- ამ კითხვაზე რომ ვუპასუხოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში არის ორი ტიპის საფინანსო კომპანია: პირველი კატეგორია ძირითადად ბიზნესს აფინანსებს, მეორე მხოლოდ სამომხმარებლო, გირავნობით უზრუნველყოფილ სესხებს გასცემს. შესაბამისად, რისკი სარგებლის განაკვეთის პირდაპირპროპორციულია. პირველი ფაქტორი, რომელიც თვითონ საპროცენტო განაკვეთის დადგენას განსაზღვრავს, მოზიდული სახსრების ღირებულებაა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იმაზე ნაკლებად ვერ გასცემს სესხს, ვიდრე თვითონ აქვს მოზიდული. შესაბამისად, ის ფინანსური შუამავლის როლს კისრულობს, რომელმაც, ერთის მხრივ, უნდა დააკმაყოფილოს მოზიდული სახსრების გამცემი, გაითვალისწინოს თავისი საოპერაციო მარჟები, საპროცენტო რისკი და ამავდროულად, მოახერხოს მომხმარებელს შესთავაზოს ხელმისაწვდომი პროდუქტი.
როგორც მოგეხსენებათ, მიკროსაფინანსო სექტორი ძირითადად აფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესს, მათ შორის როგორც დამწყებებს, აგრეთვე არსებული ბიზნესის განვითარებას. ძირითადად ეს ის კლიენტებია, რომლებსაც დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მსხვილი კომერციული ბანკებიდან პრაქტიკულად არ აქვთ. რადგანაც ამ ტიპის კლიენტებთან საპროცენტო რისკის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იღებენ თავიანთ თავზე ამ რისკს, რაც, საერთო ჯამში, გავლენას ახდენს საპროცენტო განაკვეთზე.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს ყველაზე ოპტიმალური საპროცენტო განაკვეთი. ამ კუთხით, ბევრს ვმუშაობთ საერთაშორისო ფონდებთან, რათა მოვიძიოთ ყველაზე იაფი საკრედიტო რესურსი. რადგანაც ჩვენი ძირითადი სეგმენტი სწორედ რეგიონებში მოღვაწე მეწარმეები არიან, ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ მათ საქმიანობაზე მორგებულ აგროსესხსაც, რომლის საშეღავათო პერიოდი განისაზღვრება ინდივიდუალური სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების მიხედვით. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკი შევთავაზოთ ჩვენს კლიენტურას.
საპროცენტო განაკვეთების სიდიდეს კარნახობს ბაზარი. მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენი საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, პირიქით, რიგ შემთხვევაში უფრო ნაკლებიც არის. საბანკო სექტორთან შედარებით მიკროსაფინანსო სექტორი უფრო მაღალრისკიანია, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც უფრო მაღალია. ვერ გავიხსენებ შემთხვევას, როდესაც სესხი გაპრობლემებულა მხოლოდ და მხოლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო. მსესხებლის გაკოტრება, როგორც წესი, გამოწვეულია სხვა, უფრო სერიოზული მიზეზებით, კერძოდ ბიზნესის არასწორი დაგეგმარებით, ბაზრის არასწორი შესწავლით, კონკურენციით და ა.შ. ჩვენ სექტორში ასევე გამოუცდელობით, პარტნიორების არასწორი შერჩევით, ფინანსური კულტურის ნაკლებობით, სამუშაოს დაკარგვით (სამომხმარებლო სესხები შემთხვევაში) და სხვა მიზეზებით.
- როგორია თქვენს საკრედიტო პორტფელში სესხების შესაძლო დანაკარგების კოეფიციენტი?- ჩვენს საკრედიტო პორტფელში სესხების შესაძლო დანაკარგების კოეფიციენტი რეგულარულად კონტროლდება. ყველაზე საიმედო პრევენცია, ამ მხრივ, რასაც ვახორციელებთ არის სესხის ხარისხიანი დამუშავება და რისკების სწორი განსაზღვრა. გვაქვს შემოღებული სასესხო განაცხადების დამტკიცების სამ საფეხურიანი სისტემა, რაც ვადაგადაცილებული სესხების რისკს ამცირებს. სესხების შესაძლო დანაკარგების კოეფიციენტი შეადგენს 3%-ს.
- ბოლო ტენდენციებითა და ანალიტიკოსებს პოზიციით, მიკროსაფინანსო ბაზრის ზრდა, ბანკებისაგან გაპრობლემებული სესხების გადმოტანამ განაპირობა. რამდენად მიზანშეწონილია მათთვის მხოლოდ მყარი გირაოს საფუძველზე კრედიტის მიცემა, ხომ არ არის ასეთი მიდგომა გირაოს საგნის ხელში ჩაგდების მცდელობა და შემდეგ მათი რეალიზაციიდან თანხის მიღება. რამდენად გამოიწვევს ეს ეკონომიკის გაჯანსაღებას?- ჩვენი კომპანიის პრაქტიკაში არ არის სესხების გაცემა მხოლოდ მყარი გირაოს საფუძველზე, მით უმეტეს სხვა ბანკებში გაპრობლემებული სესხების. ამას არც ადრე ვაკეთებდით და არც მომავალში ვაპირებთ. სესხის გაცემის მთავარი კრიტერიუმებია მსესხებლის გადახდისუნარიანობა, მისი ბიზნესის სიჯანსაღე, შემოსავლების სტაბილურობა, კარგი საკრედიტო ისტორია და სხვა ფაქტორები. გირაოს მნიშვნელობა მეორადია.
- ცნობილია, რომ მსო-ებში ძალიან მაღალი ჯარიმებია ვადაგადაცილებაზე, როგორ განისაზღვრება ჯარიმა თქვენს ორგანიზაციაში და რა ეკონომიკური საფუძვლები აქვს მას?- ჩვენთან ვადაგადაცილების ჯარიმა მერყეობს 0.1%–დან 0.5%–მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ეს მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი. ეკონომიკური საფუძველი ჯარიმას არა აქვს, ანუ ჯარიმა არ დგინდება მაღალი შემოსავლების მიღების მიზნით. ჯარიმას უფრო ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს მსესხებელზე.
- საინტერესოა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური რესურსების წარმომავლობა. როგორ იზიდავს თქვენი ორგანიზაცია ფინანსურ რესურსებს? იღებს თუ არა ქართული ბანკებიდან კრედიტებსა და რომელ ბანკებთან თანამშრომლობთ?- "ალიანს ჯგუფი" მიკროფინანსების ფინანსური რესურსების ფორმირება განხორციელდა მისი დამფუძნებლების მიერ. ქართულ ბანკებთან ჩვენ, ბუნებრივია, ვთანამშრომლობთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბანკები არც ისე დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტებას. ალბათ, ამ ორგანიზაციებში გარკვეულ ჭრილში კონკურენტებს ხედავენ. შესაბამისად, ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.
მოამზადა მაგდა ლორთქიფანიძემ