2011 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2012 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროგრამულობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებულია
”სხვა ხარჯების” მოცულობა 973 მილიონ ლარამდე გაიზარდა2012 წლის 3 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დარეგისტრირდა. რეგლამენტის თანახმად, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განსახილველად პარლამენტში ოქტომბერში აგზავნის.
ბიუჯეტის ახალი კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად შეტანისთანავე სახელისუფლებო წრეები და მმართველი პარტიის წევრები აქტიურად ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ საქართველო უპრეცედენტო პროგრამაზე გადადის და ისტორიაში პირველად, ქვეყნის ბიუჯეტის პროგრამული დაგეგმარება მოხდება. თუმცა, საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს, როგორც გასული, ისე წინა წლების ბიუჯეტის პროექტი მთავრობის მხრიდან პროგრამულ ბიუჯეტად იქნა მონათლული და ამის იდეის აქტიურ ტირაჟირებასაც ახდენდა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დავუშვათ, რომ 2012 წლიდან მართლაც პროგრამულ და კონკრეტულად გაწერილ ბიუჯეტზე გადავდივართ. თუმცა, ამის დაშვებაც და, მითუმეტეს, დაჯერებაც საკმაოდ ძნელია, თუ ჩავხედავთ ბიუჯეტის ახალ პროექტს. იგი არაფრით განსხვავდება მიმდინარე წლის ბიუჯეტისგან. თუ არ ჩავთვლით განსხვავებას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ანუ ცალკეული მუხლების დაფინანსების ცვლილებას, 2012 და 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტები თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან და აბსოლუტურად იდენტურებია.
მოგეხსენებათ, პირველი განხილვის შემდეგ პარლამენტმა ბიუჯეტის კანონპროექტი შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნა. რამდენიმე დღის წინ მთავრობამ შესწორებული ბიუჯეტი მეორე განხილვისთვის შეიტანა პარლამენტში. თუმცა, მთელი რიგი მუხლების მიხედვით, სიტუაცია არათუ გამოსწორდა, არამედ პირიქით, საკმაოდ დამძიმდა.
მაგალითად მარტო ის კმარა, რომ `სხვა ხარჯების~ მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2011 წელს სხვა ხარჯებისთვის გამოყოფილი იყო 887 004.1 მილიონი ლარი, მთავრობის მიერ პარლამენტში პირველად შეტანილი დოკუმენტის მიხედვით 2012 წელს ეს მაჩვენებელი 836 482.4 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, რაც მთლიანი ხარჯების 12,8% გამოდიოდა. ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტში კი `სხვა ხარჯების~ მაჩვენებელი 973 მილიონ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი ხარჯების 15.7% შეადგინა.
ესეც თქვენი პროგრამულობის მაღალი დონის მყარი არგუმენტი!
ბიუჯეტის პროგრამულობაზე ნათლად მეტყველებს ასიგნებების სტრუქტურა. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორია საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯების სტრუქტურა:
საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები: ბიუჯეტი შეადგენს 40 მილიონს, საიდანაც 21 მილიონი ხელფასებზე დაიხარჯება, 7 მილიონი არაფინანსური აქტივების ზრდაზე, რაში დაიხარჯება დარჩენილი 12 მილიონი არსად არის მითითებული.
ფინანსთა სამინისტრო: დაფინანსება 111 მილიონი ლარი, რომლიდანაც 64 მილიონი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება, 29 მილიონი კი – არაფინანსური აქტივების ზრდას. 18 მილიონი ლარის ბედი გაურკვეველია.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური: დაფინანსება 47 მილიონი ლარი, აქედან 31 მილიონი ლარი ხელფასებზეა გამოყოფილი, 5 მილიონი არაფინანსური აქტივების ზრდაზე, 11 მილიონი ლარი გაწერილი არ არის.
მოკლედ რომ შევაფასოთ, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაწერილია მხოლოდ შრომის ანაზღაურების და არაფინანსური აქტივების (რომელიც ასევე ჩაშლილი უნდა იყოს) დონეზე.
ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში.
შეიძლება თუ არა ამგვარ ბიუჯეტს ეწოდოს პროგრამული, ამის შეფასება მკითხველისთვის მიგვინდვია.
გიორგი კაპანაძე