ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან, ირაკლი იაშვილთან
Lusero для загараმომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში დეფიციტი დიდია,
თუ გარედან ფული ვერ მივიღეთ, შეგვექმნება სერიოზული პრობლემები, ანუ საერთაშორისო პრობლემა პირდაპირ გადმოვა ჩვენზე
- ბატონო ირაკლი, როგორც ეკონომისტს, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების რა პერსპექტივას გიჩვენებთ?- ბიუჯეტი რეალურად ასახავს მთავრობის მიდგომას სახარჯო პოლიტიკასთან. ეკონომიკის მდგომარეობას ასახავს მისი დეფიციტის ოდენობა. ბიუჯეტში დეფიციტი დიდია, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ვერ გამოიმუშავებს შესაბამისი რაოდენობის თანხას, რომ ის ხარჯი, რაც მთავრობას მიაჩნია რომ გასაწევია, გაწიოს.
აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ისევ ხდება მოზიდულ სახსრებზე აპელირება. საქართველო ბოლო წლებში ძალიან არის დამოკიდებული მოზიდულ სახსრებზე, ინვესტიციებზე, კრედიტებზე და ასე შემდეგ. ეს ტენდეცია, სამწუხაროდ, გრძელდება და დეფიციტური ბიუჯეტი ისევ ნიშნავს მაკროეკონომიკურ პრობლემებს, ისევ ნიშნავს უძრავ მდგენელს მაკროეკონომიკაში. წლიდან-წლამდე ჩვენ ამ პრობლემას ვერ გავურბივართ, ვერ მივდივართ დეფიციტის მინიმიზაციის გზით.
ამბობენ, რომ სუბსიდიები სადღაც უნდა გაიზარდოს, სადღაც უნდა შემცირდეს, საერთოდ, სუფსიდირების თემას მე ძალიან ფრთხილად ვუყურებ, არ ვარ მაინცდამაინც მომხრე სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევით ეკონომიკაში. მე უფრო ირიბი, არაპირდაპირი მეთოდებით სახელმწიფოს მონაწილეობის მომხრე ვარ ეკონომიკაში. პირდაპირ ჩარევა ეკონომიკაში ეს ნიშნავს, რომ რომელიმე ჩინოვნიკმა თავისით განსაზღვროს, რა ჯობია ეკონომიკისთვის. ეს ასე არ ხდება. ჩინოვნიკი ასეთ რამეს ვერ განსაზღვრავს ვერასოდეს. ამას განსაზღვრავს საბაზრო ეკონომიკა, თუ ის არსებობს ქვეყანაში. ამ სფეროში ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ასე რომ, ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში თავის მთავარ პრობლემას ვერ გაექცა და ვერც წლევანდელი ბიუჯეტი ვერ გაურბის თავის მთავარ პრობლემას-მაღალ დეფიციტურობას.
- საინტერესო მოვლენები ხდება ევროზონაში, ასევე აშშ-ში, ანალიტიკოსები საფინანსო კრიზისის განმეორებას პროგნოზირებენ. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაზე?- ეს მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დიდი არეულობაა, ყოველდღიურად იცვლება მონაცემები, როგორც საფონდო ბაზრებზე, ისე ე.წ კომოდის ბაზრებზე, ნავთობის ბაზრებზე, სასაქონლო ბაზრებზე. ვალუტების ურთიერთდამოკიდებულებაც ყოველდღიურად ცვალებადია, ევროს აშშ დოლართან მიმართებაში და ა.შ.
საქმეს ის არის, რომ ბოლო 2008 წლის კრიზისმა საკმაოდ სერიოზული დაღი დაასვა მსოფლიო ეკონომიკას, ამერიკის ეკონომიკა მის მერე სულ გასაჭირშია. მას ძალიან დიდი ვალები აქვს. იყო ტენდენცია დოლარის გაუფასურების. შესაბამისად, ხდებოდა ევროზონის ვალუტის გამყარება. ახლა კი პირიქით პროცესს ვხედავთ, როდესაც სავალო კრიზისი წარმოიქმნა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მაღალი დეფიციტური ბიუჯეტის გამო. ამის მთავარი მაგალითი საბერძნეთია, თუმცა, არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში იმყოფება ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, სადაც საკმაოდ ჯანსაღი ეკონომიკა იყო. ანუ, ზოგადად, მთელს ევროპაში არის ძალიან ცუდი ეკონომიკური მგომარეობა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაზე ჰკიდია დღეს ევროვალუტა. ეს არის გერმანია, ავსტრია, შვედეთი, ჰოლანდია და რამდენიმე ქვეყანა. დანარჩენი ქვეყანები იმყოფება უარყოფით ზონაში, სადაც საკმაოდ მაღალ რისკიანი მდგომარეობაა.
ასეთი არასტაბილური სიტუაცია მსოფლიო საერთაშორისო ბაზარზე ჩვენთვის არის ძალიან და უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ეკონომიკა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც მოხმარებაზე ორიენტირებული ეკონომიკა. ანუ ჩვენ თუ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, მთლიანი შიდა პროდუქტის მდგენელების მიხედვით, დავინახავთ, რომ ის ეკონომიკა, რაც იქმნება, იმის 90%-ზე მეტს ჩვენ მოვიხმართ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი. იყო პერიოდი, როცა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 92%-იც კი იყო ერთ-ერთ დროს მოხმარების დონე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის შემოსავლებზე ორიენტირებული, პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვერ ვაწარმოებთ. ამიტომმოხმარების ზრდამ გამოიწვია სექტორული ეკონომიკის ზრდის სტიმულირება. ჩვენ ვართ იმპორტზე ორიენტირებულები, ჩვენმა გაზრდილმა მოხმარებამ კი გაზარდა იმპორტი.
შესაბამისად, როდესაც მაღალი მოხმარება გვაქვს ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არა გაქვს დანაზოგები, ქვეყანაში არ იქმნება საინვესტიციო რესურსი. აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებსაც ანალოგიური მდგომარეობა აქვს, რომლებიც ასევე შემოსავლებზე ორიენტირებულები არიან, მაგალითად ნავთობის ქვეყნები, არაეკონომიკური შემოსავლებით ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, მათ აქვთ რეზერვების საშუალება, ისინი ქმნიან რეზერვებს, ნავთობის დოლარებს ისინი არ ხარჯავენ ეკონომიკაში. ჩვენ ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია, ჩვენ ვხარჯავთ ყველაფერს, რასაც ვქმნით. ფულს ასევე ვსესხულობთ და სესხებით ვაბალანსებთ პრობლემებს.
როდესაც გარეთ ბაზარზე იქმნება პრობლემები, სესხების, ინვესტიციების მოზიდვის ალბათობა მკვეთრად იკლებს. ეს ნიშნავს, რომ მაშინვე წარმოგვექმნება პრობლემები. ისედაც მძიმე მდგომარეობა გვაქვს და თუ საკრედიტო რესურსი შეგვიმცირდა, თუ გარეთ დაიწყო პრობლემები, ყველა ეს ფაქტორი საქართველოსნაირი ეკონომიკისთვის ცუდია. ჩვენ ვერ გავხდით მწარმოებლური ქვეყანა და თუ გარედან ფული ვერ მივიღეთ, შეგვექმნება სერიოზული პრობლემები, ანუ საერთაშორისო პრობლემა პირდაპირ გადმოდის ჩვენზე.
ესაუბრა მაგდა ლორთქიფანიძე