ნანახია: 645
"თიბისი ბანკის" საგამოფენო დარბაზში ოთარ იოსელიანის წიგნის, "ლუის" პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია, დარბაზშივე გამოფენილმა, რეჟისორის მიერ შესრულებულმა ნახატებმა განუმეორებელი გახადა. ოთარ იოსელიანის მიერ შესრულებული კადრირების ხილვის შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას პირველად მიეცა. კადრირება ხელით შესრულებული ნახატებია, რომელზეც იოსელიანის ფილმების გადაღების პროცესია აღბეჭდილი. პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ აღიარებული ქართველი რეჟისორი ამიერიდან კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მფლობელი იქნება. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის გოგი მარგველაშვილის განცხადებით, ბატონი ოთარის საპატიო დოქტორობა, პირველ რიგში, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისთვისაა დიდი პატივი
ლელა ოჩიაური, კინომცოდნე, პროფესორი: "წიგნი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ეს არის პირველი წიგნი ქართულ სინამდვილეში, შეიძლება, არა მარტო ქართულში, რომელიც ეხება კადრირებებას. მოგეხსენებათ, კადრირება ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტაილ, დეტალი კი არა და საფუძველი ფილმის შექმნისა".
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: "ოთარი დიდი ოსტატია სწორედ წინასწარ, ზუსტად ფილმის დანახვის, გაანგარიშებისა და მომზადების. საერთოდ, მის ფილმებს თუ დააკვირდებით, ნათლად დაინახავთ, რომ მთავარი აქცენტი სახვითზე და ხმოვანებაშია გადატანილი. მას სიტყვით ინფორმაციის გადმოცემა არ უყვარს და ძალიან იშვიათად იყენებს ამას. მისი ფილმები შეიძლება ნახო და ყველაფერი გაიგო, შეიძლება არც კი დაგჭირდეს სიტყვა".
"მე ღრმად მჯერა და მთლად უიმედოდ არა ვარ, რადგან, რახან ჩვენ ყველანი ვცოცხლობთ და რახან ჩვენ შთამომავლები ვართ იმ პლეადისა, რომელმაც დააფუძნა და შექმნა ქართული კინემატოგრაფიის სკოლა, ალბათ, ის თაობა, რომელიც იზრდება, როდესმე მოესწრება კიდეც ამ სკოლის აღორძინებას", - განაცხადა დიდმა რეჟისორმა საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე.
"თიბისი ბანკი" გამოირჩევა ქართული კულტურის ქომაგობით. ბოლო წლებში მისი საგამოფენო დარბაზი უამრავი საინტერესო კულტურული სიახლის წარმოჩენის ადგილადაა ქცეული.
|