გლობალური ფინანსური კრიზისის ახალი ტალღის აგორების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა გაცილებით ძლიერ დარტყმას მიიღებს, ვიდრე 2008-2009 წლებში- მსოფლიო ახალი ფინანსური კრიზისის რეალური საფრთხის წინაშე დგას. განსაკუთრებული პრობლემებია ევროზონაში, თუ რამდენიმე თვის წინ მხოლოდ საბერძნეთი იგდა დეფოლტის საფრთხის წინაშე დღეს უკვე პრობლემები გაცილებით მასშტაბურია და საფრთხეს ევროპის ვალუტას უქმნის. ამ ფონზე, საინტერესო განცხადება გააკეთა ცნობილმა ამერიკელმა ინვესტორმა ჯიმ როჯერსმა, რომელიც ევროს მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებს და ისიც კი განაცხადა, რომ თავად ფსონს აუცილებლად ევროზე გააკეთებს. თქვენ როგორ ხედავთ ევროზონის მომავალს? - დღევანდელი გადასახედიდან ძნელია ევროსთან მიმართებაში პოზიტიური პროგნოზის გაკეთება, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში. იმისთვის, რომ გაირკვეს ევროს მომავალი სულ ცოტა ოთხ კითხვას მაინც უნდა გაეცეს პასუხი და გატარდეს ადექვატური ღონისძიებები.
პირველი კითხვა: ევროზონის რომელი ქვეყანაა გადახდისუუნარო და რომელი განიცდის ლიკვიდობის ანუ მიმდინარე ფულადი ნაკადების ნაკლებობას? Uუკვე ნათელია, რომ საბერძნეთი ფაქტობრივად დეფოლტის მდგომარეობაშია, ხოლო იტალია და ესპანეთი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ლიკვიდობის დეფიციტს განიცდიან, თუმცა, საბერძნეთის მოვლენების ფონზე, ინვესტორებს ამის ნაკლებად სჯერათ.
როგორც ჩანს, საბერძნეთის ვალის ერთი ნაწილი ჩამოწერება, დანარჩენი კი ძირითადად ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდიდან დაფინანსდება, რომელიც მეტწილად ევროკავშირის ორი წამყვანი ქვეყნის გერმანიისა და საფრანგეთის შენატანებით ივსება (მათი ერთობლივი წილი ამ ფონდში თითქმის 50%-ს აღწევს). გარდა ამისა,U ფინანსურ ოპერაციებზე დაწესდება გადასახადი, რაც ერთი მხრივ დააოკებს ფინანსური ბაზრის სპეკულანტებს, ხოლო მეორე მხრივ საერთო ევროპულ სარეზერვო ფონდებს შეავსებს.
არანაკლებ რთულია მეორე შეკითხვა: რამდენად შესაძლებელია ევროპული ბანკების გადარჩენა სავალო კრიზისის პირობებში? ცნობილი გახდა მაგალითად, რომ ფრანგული ბანკები, რომელთა პორტფელი სამხრეთ ევროპის ქვეყნების სავალო ინსტრუმენტების ერთობ მსხვილ პაკეტებს შეიცავს, საბერძნეთის დეფოლტის გამო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ და საკმაოდ მასშტაბურ რეკაპიტალიზაციას საჭიროებენ. როგორც ჩანს, ევროკავშირისა (იგივე ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის ხარჯზე) და ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან ქმედითი დახმარების გარეშე ისინი ამ პრობლემებს თავს ვერ გაართმევენ.
მესამე შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ევროზონის ქვეყნების, განსაკუთრებით ფინანსური სიძნელების მქონე სახელმწიფოების, მიერ ბიუჯეტის ხარჯების ტოტალური შემცირება და იმავდროულად გადასახადების გაზრდა? ცხადია, მარტოოდენ ~ქამრების შემოჭერა” საქმეს ვერ უშველის, მან შეიძლება ისედაც დასუსტებული ევროპული ეკონომიკები ახალ, ადრინდელზე ბევრად უფრო ღრმა რეცესიაში შეიყვანოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ევროზონის ქვეყნების მთავრობებმა პრიორიტეტი ეკონომიკურ ზრდას უნდა მიანიჭონ, რაც ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის დებიუროკრატიზაციას, მისი ცალკეული სექტორების ლიბერალიზაციას, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას და სოციალური პროგრამების ოპტიმიზაციას უნდა დაეყრდნოს.
ბოლო შეკითხვა შეეხება იმას, თუ რამდენად შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნები ფინანსური სტაბილურობის ახალი ქმედითი სისტემის შექმნას, რომელიც მათ მომავალში ამგვარი რეციდივებისგან დაიცავს. ასეთი სისტემის შექმნა შეუძლებელია ფისკალური სუვერენიტეტის დათმობის გარეშე, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მონეტარული სუვერენიტეტის დათმობა საკმარისი არ არის ევროზონაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისა და თანმიმდევრული ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. გასაკვირი არ არის, რომ უკვე საუბრობენ საერთო ევროპული ხაზინის და სრულიად ევროპის ეკონომიკური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე, რომელთაც სათავე უნდა დაუდონ ევროკავშირის ქვეყნების ეფექტიან ფისკალურ კონსოლიდაციას.
- არანაკლები პრობლემებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელთა მასშტაბზე, ისიც მეტყველებს, რომ ცნობილი მილიარდერი უორენ ბაფეტი ბევრისთვის მართლაც გასაკვირი ინიციატივით გამოვიდა და პრეზიდენტ ობამას მდიდრებისთვის გადასახადების ზრდისკენ მოუწოდა. ამავე პერიოდში ცნობილმა სარეიტინგო კომპანიებმა აშშ-ს საკრედიტო რეიტინგი შეამცირეს. თქვენი აზრით, რა ხდება ამერიკის ეკონომიკაში და როგორ უნდა ველოდოთ მოვლენების განვითარებას?- ამერიკის ეკონომიკას თავისი სატკივარი აქვს: ეკონომიკური ზრდის ტემპი კვლავ დაბალია, უმუშევრობის დონე კი მაღალი. Fფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ ბენ ბერნანკემ აღიარა კიდეც, რომ უმუშევრობის შემცირება აშშ-ი ჯერ ვერ მოხერხდა. შინამეურნეობათა ხარჯები, რომელიც სამომხმარებლო მოთხოვნის გენერატორია, უმნიშვნელოდ გაიზარდა, უძრავი ქონების ბაზარი კვლავ სირთულეებს განიცდის. მართალია, მორიგ რეცესიაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ მომხმარებლისა და ინვესტორის ნდობა იმდენად შემცირდა, რომ ერთ მასშტაბურ ნეგატიურ მოვლენასაც კი, ვთქვათ საბერძნეთის დეფოლტის ოფიციალურ აღიარებას, შეუძლია ბიძგი მისცეს ახალ რეცესიას.
რაც შეეხება აშშ-ს საკრედიტო რეიტინგის დაწევას, ეს უფრო პოლიტიკური ინტრიგის შედეგია, ვიდრე ქვეყნის კოლოსალური სუვერენული ვალის პრობლემის და ზოგადად ეკონომიკაში არსებული ვითარების უშუალო შედეგი. ამ ვალის ლიმიტი წარსულში არაერთხელ აწეულა, მაგრამ ამას ეგოდენ დიდი ვნებათაღელვა არ გამოუწვევია. Aამჯერად, როგორც ჩანს, პოლიტიკოსებმა თავისი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენეს, რითაც მას დიდი ზიანი მიაყენეს. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო ვალის ლიმიტის საკითხზე კონსენსუსის მიღწევის შემდეგ პრეზიდენტი ობამა კვლავ გამოვიდა მდიდრების დაბეგვრის ინიციატივით, რასაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსიის დროს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მისი ოპონენტები რესპუბლიკური პარტიიდან. Nნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ს კონგრესი, მისი დღევანდელი შემადგენლობით, დაეთანხმოს ამ წინადადებას.
- ფინანსური კრიზისი, ბუნებრივია, შეამცირებს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას და შეზღუდავს ინვესტორების შესაძლებლობებს. ამ ფონზე, რამდენად სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას ქართულ ეკონომიკას? - გლობალური რეცესიისა და ფინანსური კრიზისის ახალი ტალღის აგორების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა გაცილებით ძლიერ დარტყმას მიიღებს ვიდრე 2008-2009 წლებში. თუ წინა გლობალური კრიზის უარყოფითი ეფექტი მნიშვნელოვანწილად დონორების მიერ აგვისტოს ომის შემდგომ გამოყოფილმა უზარმაზარმა ფინანსურმა დახმარებამ გაანეიტრალა, ახლა ამის საშუალება არც ამერიკას აქვს და არც ევროპას. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი და სხვა) შესაძლებლობები კი დღეისათვის მკვეთრად შეზღუდულია.
- ცალკე ვისაუბროთ ქართულ საფინანსო ინსტიტუტებზე, რამდენად არის დამოკიდებული ჩვენი საბანკო სისტემა უცხოური საფინანსო ინსტიტუტების ფინანსურ რესურსებზე?- ქართული ბანკების უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებზე, უწინარეს ყოვლისა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტების საკრედიტო რესურსებზე დამოკიდებულების ხარისხი კვლავ მაღალია, თუმცა ბოლო ერთ წელიწადში იგი ფაქტობრივად არ გაზრდილა. ქართული ბანკების სადეპოზიტო ბაზა კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ გლობალური ფინანსური კრიზისის განახლების შემთხვევაში უცხოური საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა ქართული ბანკებისთვის მკვეთრად შეიზღუდა, საჭირო გახდება კიდევ უფრო მეტი დეპოზიტების მობილიზება, რასაც შესაძლოა საპროცენტო განაკვეთების მატება მოჰყვეს.
ესაუბრა გიორგი კაპანაძე