
სს "პროგრეს ბანკის” აქციების შესყიდვაზე ირანელ ბიზნესმენებთან პრინციპული შეთანხმება მიღწეულია.
აღნიშნულის შესახებ განაცხადა საქართველოდან ირანში ცხვრის ექსპორტით დაკავებული კომპანიის შპს "ფასტ-პლიუსი” დამფუძნებელმა ნაზი ალასანიამ, რომლის ინფორმაციით, პოტენციურ მყიდველებზე გასვლა მისი ირანელი პარტნიორების და მეწილეების, გჰოლამრეზა აფშარის და ჰასსან ტაიებიპოუერის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. აფშარი და ალასანია შპს `ფასტ-პლიუსის” თანაბარ წილებს 45-45%-ს ფლობენ, 10% კი ჰასსან ტაიებიპოუერს ეკუთვნის.
ირანულ კომპანიასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ `პროგრეს ბანკში” კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარისთვის ასევე ხელმიუწვდომელია ბანკის აქციონერი კახი კალაძე, რომელმაც 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბანკის აქციების გასხვისებაზე 2 სუბიექტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ ბანკთან და საფინანსო ჯგუფთან. კალაძემ აღნიშნა, რომ საკონტროლო პაკეტის შენარჩუნების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
2009-2010 წლებში კალაძე წილის გადაცემაზე იტალიურ `ინტესა სანპაოლოსთან” აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რაც გარიგებით არ დასრულდა.
ქართველმა ლეგიონერმა `პროგრეს ბანკი” 2008 წელს დააფუძნა. 2011 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბანკი 0,1 მლნ ლარის მოგებით მომგებიანი ბანკებს შორის მე-16 პოზიციაზეა. ~პროგრეს ბანკის” აქტივები პირველი სექტემბრისთვის 13,8 მლნ ლარია (01/07/11- 14,5 მლნ ლარი) და საბაზრო წილი ამ მაჩვენებლის მიხედვით 0,1%-ით განისაზღვრება.
ბანკისთვის გამოყოფილი სუბორდინირებული სესხის კატიპალში კონვერტირებით, მიმდინარე წლის მაისში, ბანკის საწესდებო კაპიტალი 1 680 000 ლარით გაიზარდა. შედეგად, განაღდებულმა საწესდებო ფონდმა 13 680 000 მლნ ლარი შეადგინა.