მოდელირებული ქრონიკა
როგორ ხურავენ გაზეთებს საქართველოშიბიძინა ივანიშვილიოთხი წელია, საქართველოში საბანკო-საფინანსო და ეკონომიკური გაზეთი ყოველკვირეული რეჟიმით გამოდის, ყოველთვიური ბიულეტინის სახით კი მას მკითხველი 1995 წლიდან იღებს. გაზეთი ყოველთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი იყო, რის გამოც არაერთგზის დაუმსახურებია ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მკაცრი გაფრთხილება და საყვედური, მათ შორის, ორჯერ მთავრობის სხდომაზე. გაზეთს ემუქრებოდნენ მთავრობის წევრები, მაფიოზები, ფინანსური პირამიდების შემქმნელები... "ოქროს თასის" დამფუძნებლების მხრიდან `ბანკები და ფინანსების~ ჟურნალისტები ფიზიკურ ანგარიშწორებას ძლივს გადაურჩნენ.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ერთხანს, თითქოს, დაწყნარდა სიტუაცია, მაგრამ როგორც კი გაზეთის გავლენა და ავტორიტეტი გაიზარდა, ჩამოყალიბდა ვებ-გვერდი, მისი პუბლიკაციები რეზონანსული გახდა, ხელისუფლების ზედა ეშელონებში შეშინდნენ. განსაკუთრებით ღელავდნენ, როგორც ყოველთვის, ეროვნული ბანკის მესვეურები, აგრეთვე, გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი.
ირაკლი ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მოსვლას გაზეთი მიესალმა და მისი პირველი და დღემდე ერთადერთი საფუძვლიანი ინტერვიუც, როგორც მერე გავიგეთ, სებ-ის თანამშრომელთა კოლექტიური შემოქმედების შედეგი, სწორედ "ბანკები და ფინანსებში" დაიბეჭდა. იქ, ბატონი ქადაგიძე ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე დებდა ფიცს. თუმცა, გამოხდა ხანი და ქადაგიძემ პირიქით, ეროვნული ბანკის დასუსტებას მიჰყო ხელი. ბუნებრივია, შეიცვალა გაზეთის ავტორების დამოკიდებულებაც ეროვნული ბანკისა და მისი მესვეურებისადმი.
.... მიდი- მოდიან ეროვნული ბანკის ტალანებში მაღალანაზღაურებადი სუბიექტები. ეჰ, წავიდა ის ნეტარი დრო, 3%-იან სესხს, რომ იღებდნენ, ოფიციალური 9%-იანი ინფლაციის პირობებში. სამაგიეროდ, ახლა კურსი ავა 100$/170 ლარზე, შემდეგ კვირაში კი ჩამოვა 100$/162 ლარამდე, . . რატომ, რისთვის, ვისთვის, მხოლოდ რამოდენიმე კაცმა იცის, ისიც წინასწარ და მათ შეუძლიათ ამ აწევა-დაწევაზე მილიონების გაკეთება. რა მცურავი, თავისუფალი კურსი, რა ატამი, რის ტყემალი?! თუ კარგ ხასიათზე გაიღვიძა ბენდომ, ზევით წავა კურსი, თუ კეზერამ მოიწყინა, ქვევით.
ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ რამდენიმე კრიტიკული წერილის დაბეჭდვას სებ-ის ხელმძღვანელების აგრესია მოჰყვა. სებ-ის აპარატის უფროსმა ქალბატონმა ახალკაცმა "საქმე გაურჩია" გაზეთის მთავარ რედაქტორს ზურაბ კუკულაძეს და არც მუქარები დაიშურა.
მოვლენები თანამიმდევრულად განვითარდა. ერთ მშვენიერ დღეს, გაზეთს, რომელიც ბეჭდვის და ოფისის ხარჯებს ბანკების ყოველკვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების ბეჭდვით ფარავდა, ბანკებმა უარი განუცხადეს გაზეთში ბალანსების განთავსებაზე. არადა, მანამდე, 19 მოქმედი ბანკიდან 17 კანონით გათვალისწინებული ანგარიშების გამოქვეყნებას საბანკო გაზეთში ამჯობინებდა.
გაზეთის მენეჯერი, ბუნებრივია, დაინტერესდა, რა მოხდა. 17 ბანკიდან 12-მა დაადასტურა, რომ მათ ჰქონდათ მითითება ეროვნული ბანკიდან კონკრეტულ გაზეთში - "ბანკები და ფინანსებში", არ გამოექვეყნებინათ ფინანსური ანგარიშები. რამდენიმე მათგანმა ისიც კი თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საჯაროდ დაადასტურებდა ასეთი მითითების არსებობას.
"იფიქრე ახლა ამ მჯღაბნელებზე, არადა, ისტებლიშმენტშიც ავრცელებენ გაზეთს, ავტორიტეტული საიტებიც გადაბეჭდავენ ხოლმე მაგათ მასალებს, ოპოზიციაც შეიარაღდება დროდადრო იქ დაბეჭდილი ექსპერტების მოსაზრებებით და არის ერთი რია-რია”. "აუ, რა დიდხანს გრძელდება ეს დღევანდელი სხდომა, ერთი ოქრიაშვილს დავურეკო, კიდევ ერთი "კანალი" გადავუკეტო ამ ნაბიჭვარ გაზეთს",- შუბლშეჭმუხვნილი ჩაფიქრებულა ირაკლი ქადაგიძე
გაზეთი რის ვაი-ვაგლახით მაინც აგრძელებდა არსებობას. თუმცა, ეროვნული ბანკის ქმედებების შესახებ საჯაროდ გააცხადა. მაშინ ეროვნული ბანკიდან შემოთვალეს, – არ დაგავიწყდეთ, ჩვენ პროკურატურაში ვართ ნამუშევარი, ამიტომ, ფრთხილად იყავითო. მაშინ, გაზეთის წარმომადგენლებმა ჩვენს სახელმწიფოში კანონიერების მესვეურებს და ქვეყნის პირველ პირებს - გიგა ბოკერიას, ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს ღია წერილი მისწერეს, თან იკითხეს, კი, მაგრამ, როდის იყო, კანონმორჩილ ადამიანებს პროკურატურაში ნამუშევარი ბანკირების უნდა შეშინებოდათ და რატომო. მოცემულმა ბატონებმა გაზეთს არ უპასუხეს.
კიდევ უფრო გასაოცარი იყო მედიის უფლებადამცველების დუმილი. კოლეგები "მაესტროდან", სააგენტოებიდან, გაზეთებიდან აქტიურად გამოეხმაურნენ გაზეთს, მაგრამ ქალბატონ ია ანთაძეს, ბ-ნ ზვიად ქორიძეს და სხვებს, რომლებიც ამისთვის, ალბათ, გრანტებს იღებენ, გაზეთის გასაჭირი არ მიუჩნევიათ ყურადღების ღირსად.
მოვლენები, ხილულ თუ უხილავ სივრცეში, კვლავ ვითარდება. ირაკლი ქადაგიძემ პარლამენტარ ვახტანგ ოქრიაშვილის, კომპანია "PCP"-ის მფლობელის პირით შემოითვალა, იქნებ გამიგო, ჩემგან რა უნდათო. უშუალოდ ამის გადმოცემა ბ-ნმა ოქრიაშვილმა არ იკადრა და შესაბამისი დავალება თავის თანაშემწეს ბორის მაშველიშვილს მისცა. გაზეთის მთავარმა რედაქტორმა უპასუხა: ჩვენი აზრით, თქვენ, ქვეყნისთვის საჭირო ინსტიტუტს ასუსტებთ და ანგრევთ, თქვენი კრიტიკაც ამით არის გამოწვეულიო.
ეს დეტალი ამით დასრულდებოდა, რომ არა ერთი მომენტიც. აქამდე "PCP" და "ავერპი" რეკლამებს ათავსებდნენ "ბანკები და ფინანსებში". ამ შემონათვალის შემდეგ კი თანამშრომლობაზე უარი თქვეს. ჩანს, სებ-ის გავლენიანი პრეზიდენტის დაინტერესებას, რჩევაც მოჰყვა - აღარ მიეცათ "ბანკები და ფინანსებისთვის" რეკლამა.
"ბანკები და ფინანსები" ერთი თვე აღარ გამოდიოდა. მაგრამ არიან ბიზნესმენები, რომლებმაც სხვანაირად განსაჯეს - სხვათა შორის, ნაციონალმა ბიზნესმენებმა - იმდენად არის მოწყურებული ხალხი მართალ ინფორმაციას ეკონომიკის და ფინანსების შესახებ, რომ გვითხრეს - ფულს მოგცემთ, რომ გაზეთი გამოსცეთ, ოღონდ რეკლამა არ დაბეჭდოთო. ასე გროვდება რამდენიმე ასეული ლარი იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის შესახებ ხალხმა სიმართლე გაიგოს.
გადაცემა "ანატომიის", ნანა ლეჟავას და სხვა ამდაგვარი პროგრამების თემები ბოლო ხუთი წელია სისტემატურად იბეჭდება ამ გაზეთში. ესეც აღაშფოთებდათ ნაციონალ-კორუმპირებულებს.
ეტყობა, ვეღარ გაუძლეს.
დამარცხებული კორუფციის ქვეყანაში კორუფციამ და ფარულმა მონოპოლიებმა წალეკა ყველაფერი.
ჩვენ კი მაინც გამოვდივართ!
და გამოვალთ მომავალშიც!
ხელისუფლების უფლებამოსილი პირებისგან კი მოვითხოვთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის - ქადაგიძის გადაყენებას დაკავებული თანამდებობიდან, მათ შორის თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობის გამო. ამ პასუხისმგებლობას, იმედია, გაზიარებს სებ-ის ფაქტობრივი ვიცე-პრეზიდენტი ქ-ნი ახალკაციც.
თუ, კანონიერი ქურდების მაგივრად, "ბეზპრედელს" ახლა ესენი აწვებიან?!
დღეს "მხედრიონელებს" აღარ აგზავნიან გაზეთების დასახურად. ახლა ფინანსურ წყაროებს უკეტავენ ტელევიზიებს, გაზეთებს და ჟურნალებს. ამ ყველაფერზე კი პასუხს გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი აგებენ.
მაგრამ როდის?
არადა, სად მეცალა ამ ყველაფერზე საფიქრელად, მაგრამ პირველი კაცი ვხდები ამ ქვეყანაში და ამაზეც ხომ უნდა ვიფიქრო?! დაფინანსებით კი "ბანკები და ფინანსებს" არ დავაფინანსებ, მაინც ეკონომიკური და საფინანსო გაზეთია, სჯობს ისევ `დარდუბალა~ დავაფინანსო, იხალისებს მაინც ხალხი.
"მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები".
*გვარები, სახელები, თანამდებობები, ავტორი და დიალოგები გამოგონილიამოდელირებული ქრონიკის - ჟანრის გამოყენება, წყალგაუვალი სიმართლის გადმოსაცემად, განაპირობა ჩვენმა სურვილმა, არ დავაყენოთ საფრთხის წინაშე ჩვენთვის მართალი ინფორმაციის მომწოდებლები."ბ&ფ"