
ქართული პროდუქციის ექსპორტზე ახალი სახელმწიფო სტრუქტურა იზრუნებს.
ახალი სააგენტოს - „ქართული ექსპორტის სააგენტო" ჩამოყალიბებისა და ეფექტიანი ფუნციონირებისთვის, პარლამენტი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განხილვას იწყებს.
კანონპროექტის მიხედვით, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ქართული ექსპორტის სააგენტო", რომელიც კომპანიებს საექსპორტო პროექტების შექმნაში დაეხმარება. სააგენტო დამოუკიდებელი იქნება, თუმცა კანონის მიხედვით, ის ანგარიშვალდებულია მთავრობასთან.
ექსპორტის სააგენტოს ფუნქციებში შედის: ევროკავშირის მოთხოვნებისა და სტანდარტების თანახმად ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების რეორგანიზაციისთვის მეწარმეებისთვის კონსულტაციების გაწევა.
ასევე, ქართულ პროდუქციაზე საერთაშორისო პატენტების აღების წინადადებების მომზადება და საექსპორტო პროდუქტის შექმნისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით, წინადადებების მომზადება.
ექსპორტის სააგენტო ანგარიშებს მოამზადებს საექსპორტო პროგრამების დაფინანსებაზეც.
კანონპროექტის მიხედვით, სააგენტო დაფინანსდება: სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე უცხოური გრანტებით და დახმარებებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლებით.
„მსოფლიო კრიზისის ფონზე, პროექტის განხორციელება რეალურად შესაძლებელს გახდის, რომ საქართველო გახდეს მწარმოებელი, ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა. რაც ერთდროულად მოემსახურება ეკონომიკური თავდაცვის საკითხებს და განმუხტავს შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას" - მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორები.
კანონპროექტის ავტორები ეკონომისტი და ბიზნესმენი ალექსანდრე ქესაური და პარლამენტის წევრი ემზარ გელაშვილი არიან.
ალექსანდრე ქესაური კომპანიის „ქესაური" დამფუძნებელია, რომელიც თავის მხრივ კომპანიის RITEK-ი ოფიციალური დისტრიბუტორია სამხრეთ კავკასიაში. კომპანია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში RITEK-ის ბრენდების - TRAXDATA-ს და RIDATA-ს, პროდუქციის მარკეტინგსა და დისტრიბუციას აწარმოებს.