
სს „პროგრეს ბანკის" აქციების შესყიდვაზე ირანელ ბიზნესმენებთან პრინციპული შეთანხმება მიღწეულია.
აღნიშნულის შესახებ განაცხადა საქართველოდან ირანში ცხვრის ექსპორტით დაკავებული კომპანიის შპს „ფასტ-პლიუსი" დამფუძნებელმა ნაზი ალასანიამ, რომლის ინფორმაციით, პოტენციურ მყიდველებზე გასვლა მისი ირანელი პარტნიორების და მეწილეების, გჰოლამრეზა აფშარის და ჰასსან ტაიებიპოუერის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. აფშარი და ალასანია შპს „ფასტ-პლიუსის" თანაბარ წილებს 45-45%-ს ფლობენ, 10% კი ჰასსან ტაიებიპოუერს ეკუთვნის.
ირანულ კომპანიასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ „პროგრეს ბანკში" კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარისთვის ასევე ხელმიუწვდომელია ბანკის აქციონერი კახი კალაძე, რომელმაც 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბანკის აქციების გასხვისებაზე 2 სუბიექტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ ბანკთან და საფინანსო ჯგუფთან. კალაძემ აღნიშნა, რომ საკონტროლო პაკეტის შენარჩუნების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
2009-2010 წლებში კალაძე წილის გადაცემაზე იტალიურ „ინტესა სანპაოლოსთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რაც გარიგებით არ დასრულდა.
ქართველმა ლეგიონერმა „პროგრეს ბანკი" 2008 წელს დააფუძნა. 2011 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბანკი 0,1 მლნ ლარის მოგებით მომგებიანი ბანკებს შორის მე-16 პოზიციაზეა. "პროგრეს ბანკის" აქტივები პირველი სექტემბრისთვის 13,8 მლნ ლარია (01/07/11- 14,5 მლნ ლარი) და საბაზრო წილი ამ მაჩვენებლის მიხედვით 0,1%-ით განისაზღვრება.
ბანკისთვის გამოყოფილი სუბორდინირებული სესხის კატიპალში კონვერტირებით, მიმდინარე წლის მაისში, ბანკის საწესდებო კაპიტალი 1 680 000 ლარით გაიზარდა. შედეგად, განაღდებულმა საწესდებო ფონდმა 13 680 000 მლნ ლარი შეადგინა.