
"ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, პარლამენტმა მთავრობის პოზიციის გათვალისწინებით დაამტკიცა.
აქამდე, ლატარიის ორგანიზატორი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 20% -ს იხდიდა.
გასულ თვეს, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ეს ციფრი 10%-მდე უნდა შემცირებულიყო. თუმცა, კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა, მთავრობის პოზიციის გამო, დროებით შეაჩერა. დეპუტატები ვარაუდობდნენ, რომ კონსულტაციების შემდეგ ლატარიის ორგანიზატორის მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა, იგივე დაჩებოდა.
თუმცა, პროექტის მესამე მოსმენისას, კანონმდებლობიდან კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლის საერთოდ ამოღება გადაწყვიტეს.
პროექტის უკვე დამტკიცებულ ვარიანტში, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება, ჩაიწერა, რომ ლატარიის ორგანიზატორი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაიხდის ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტს, რომლის ოდენობასაც მთავრობა დაადგენს.