”აუდიტორული კომპანია უნდა ცდილობდეს თითოეული დამკვეთისგან 10 %-ზე მეტი შემოსავალი არ ქონდეს, რათა მისი ფინანსური ბიუჯეტი ერთ რომელიმე მსხვილ კომპანიაზე არ იყოს დამოკიდებული”.2011 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ფინანსურ კანონმდებლობაში ახალი რეფორმა შევიდა ძალაში, საპილოტე პერიოდი რამდენიმე თვეს გასტანს და სულ ცოტა ხანში საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ბიზნეს სექტორი შემოწმების მექანიზმი თავად შეარჩევს. კომპანიებს შემდეგი ალტერნატივა ესახებათ : შემოსავლების სამსახური ან კერძო აუდიტორი. გადაწყვეტილება მხოლოდ მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული. სწორედ ამ ინიციატივაზე დაყრდნობით, ბიზნეს სექტორის წარმომამდგენლის მიერ არჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნას აღიარებს შემოსავლების სამსახურიც, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანოებს მისი თავიდან შემოწმება აღარ მოუწევთ. გაზარდა თუ არა ამ რეფორმამ აუდიტორულ კომპანიებზე მოთხოვნა? როგორია დღესდღეობით ქართულ აუდიტორულ კომპანიათა ბაზარი და რა პერსპექტივები ესახებათ ქართველ აუდოტორებს მომავალში? ამ და სხვა თემებზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფის“ დამფუძნებელს დავით ლომსაძეს ვესაუბრეთ.
- რას გვეტყვით თქვენი კომპანიის შესახებ. როგორც ცნობილია „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“ 2004 წლიდან არსებობს. როგორ მოახერხეთ რომ 7 წლის მანძილზე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სტაბილურობას ინარჩუნებთ? - „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“ 2004 წლიდან არსებობს. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, რომელიც 2008 წელს დაიწყო, ჩვენი კომპანია აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მით უფრო, რომ სწორედ კრიზისის პირობებში უფრო გამძაფრდა „ფინანსური შემოწმებების“ ნაკადი. ჩვენი კომპანიის სტაბილურად მუშაობის მთავარი კომპონენტი, კომპანიის მომსახურების ხარისხია, რომელსაც ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ. FSG ყველანაირი ლოიალური ხერხებით ცდილობდა კლიენტის შენარჩუნებას, ამ პერიოდში მომსახურების ფასებს, ფაქტობრივად, კლიენტი აწესებდა და ჩვენც მათ პირობებს ვითვალისწინებდით. მოქნილმა ფასებმა და კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომის სტრატეგიამ შედეგი ნამდვილად გამოიღო. კლიენტის კმაყოფილებამ განაპირობა მათი ნდობის გაღრმავება და წლების მაძილზე კომპანია ყოველგვარი მარკეტინგული სტიმულირების გარეშე ქართულ აუდიტორულ ბაზარზე პოზიციებს ინარჩუნებს.
- მუშაობის როგორ სტრატეგიას მიყვება „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“ ? - ჩვენი მთავარი მიზანია კლიენტი ბოლომდე კმაყოფილი დარჩეს. კომპანიაში არსებობს მუშაობის სტანდარტები, როლის გათვალისწინებითაც ჩვენ არ ვაწარმოებთ შერჩევით აუდიტს, FSG-ს აუდიტორები დამკვეთის პირველად საგადასახადო დოკუმენტაციას თავიდან ბოლომდე ეცნობიან, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნაში ყველა უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი დეტალია გათვალისწინებული.
ჩვენი პრიორიტეტებია საგადასახადო აუდიტი, ფინანსური კონსულტაციები და ბუღალტრული პროექტები, რასაც ხარისხიანი მომსახურების, სანდოობისა და კადრების ყოველწლიური გადამზადების ხარჯზე ვახორციელებთ. მიმაჩნია, რომ კლიენტების რიცხვის ზრდასთან ერთად არ უნდა ეცემოდეს მომსახურების ხარისხი, ეს FSG- ის ყველა თანამშრომელს კარგად აქვს გააზრებული და კომპანიის მიერ დასახულ სტრატეგიას ბოლომდე მიყვება.
- როგორ შეაფასებთ საქართველოში აუდიტორულ კომპანიათა ბაზარს და როგორ ფიქრობთ აუდიტორულ კომპანიას კონკურენციის პირობებში რა კრიტერიუმები ესაჭიროება სტაბილურობის გასამყარებლად?- დღესდღეობით თბილისში 250 - მდე აუდიტორული კომპანიაა. არსებობენ კომპანიები, რომლებიც წლების მანძილზე იხსნებიან და იხურებიან, ვინაიდან, ისინი ბაზარზე არსებულ კონკურენციას ვერ უძლებენ. როდესაც საკონსულტაციო და აუდიტორულ საქმიანობას ეწევი კარგად უნდა გქონდეს გააზრებული, რომ კომპანია ერთ ან რამდენიმე მსხვილ კლიენტზე არ იყოს დამოკიდებული. ასეთი პრეცენდენტი აუდიტორული კომპანიის ამუშავების მხოლოდ პირველ წლებშია დასაშვები. შემდგომში კომპანია უნდა ცდილობდეს თითოეული დამკვეთისგან 10 %-ზე მეტი შემოსავალი არ ქონდეს, რათა მისი ფინანსური ბიუჯეტი ერთ რომელიმე მსხვილ კომპანიაზე არ იყოს დამოკიდებული. დღესაც ბევრი აუდიტორული კომპანია მხოლოდ რამოდენიმე მსხვილ დამკვეთზეა ორიენტირებული, რაც იმთავითვე შეცდომაა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ბიზნესსექტორი მზარდი ბაზარია, ის ყოველწლიურად იზრდება მინიმუმ 10 %-ით მაინც, ამიტომ დღეს აუდიტორულ კომპანიათა არსებობისთვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია, მათ სტაბილურობასა და წარმატებას კი კლიენტების სიმრავლე და მომსახურების მაღალი ხარისხი განაპირობებს.
- 2011 წლიდან საგადასახადო რეფორმების კუთხით სიახლეებია. რას ფიქრობთ ალტერნატიულ აუდიტზე, რომლის მიხედვითაც ბიზნეს სექტორი მაკონტროლებელ ორგანოს თავად ირჩევს და კომპანიებს შემდეგი ალტერნატივა ესახებათ : შემოსავლების სამსახური ან კერძო აუდიტორი? - ალტერნატიულ აუდიტს ორი მხარე აქვს, მას შემდეგ რაც აუდიტორული კომპანია შეამოწმებს ბიზნეს კომპანიას, სწორედ აუდიტორის დასკვნის საფუძველზე მოხდება გადასახადების აღიარება და გადახდა, რაზეც ხშირ შემთხვევაში შემოწმებულ კომპანიას ჯარიმები არ დაერიცხება. ეს რეფორმა ამავდროულად აუდიტორული კომპანიების რისკებს მრავალჯერ ზრდის და ყოველგვარ პასუხისმგებლობას არა ბიზნეს ორგანიზაციას, არამედ აუდიტორულ კომპანიას აკისრებს. ვინაიდან სახელმწიფოს (საგადასახადო) მიერ აუდიტორული კომპანიების შემოწმება 2-3 წელიწადში ერთხელ იგეგმება, იმ შემთხვევაში თუ კორუფციულ გარიგებას ექნება ადგილი, სწორედ აუდიტორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და ჯარიმის გადახდაც მას დაეკირება. რაც შეეხება „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფს“, ის ყოველგვარ სიახლეებსა და რეფორმებს მიესალმება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში გააგრძელებს მუშაობას.
- რა სიახლეებს გეგმავთ და როგორ აპირებთ მომავალში ქართულ აუდიტორულ ბაზარზე პოზიციონირებას? - კომპანიის სამომავლო გეგმებში მაქსიმალურად მოქნილი პაკეტების შემუშავება შედის, რაც კლიენტის მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების გარანტიაა გარდა ამისა, სახელმწიფო რეფორმის შესაბამისად, კომპანია ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი უახლოეს მომავალში ალტერნატიული აუდიტის საპილოტე პროგრამის მონაწილეც გახდება.
FSG პოზიციონირება არ შეცვლილა და ყოველთვის იქნება მაღალკვალიფიციური, ინოვაციური და მოქნილი, რაც ჩვენი პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიას მიმიზიდველ და სანდო პარტნიორად ტოვებს.
ესაუბრა მაკა კევლიშვილი