
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 155 ლარია, საშუალო მომხმარებლის – 137 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის – 260 ლარი. საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. არსებულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტს
იოსებ არჩვაძეს მივმართეთ.
- პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, თუ რას გულისხმობს საარსებო მინიმუმი და როგორ ხდება მისი დადგენა? - ”საქსტატის” ვებგვერდზე განთავსებულია შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის დადგენის მეთოდიკა. საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის განსაზღვრა ხდება პროდუქტებზე არსებული სეზონური ფასების და ადამიანის მოთხოვნილების აუცილებელი დღიური ნორმის მიხედვით. დადგენილი დღიური ნორმა 2300 კილოკალორიის მიღებას გულისხმობს, რასაც 40 სახეობის სხვადასხვა საკვები პროდუქტი ადგენს. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია სასაქონლო ნომენკლატურის გაზრდა რიგი საქონლისა, თუ მომსახურების დამატებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის არამარტო ფიზიკური არსებობისთვის, არამედ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების და უნარების განვითარებისთვის.
საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0.7-ზე. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 30%-ით, რომელშიც შედის ყველაფერი საკვების გარდა, ტრანსპორტი, კომუნალური ხარჯი, დაზღვევა და ა.შ. მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის.
- რამდენად ოპტიმალურია საარსებო მინიმუმის დათვლის ფორმულა?- 70/30 პროპორცია სასურსათო და არასასურსათო პროდუქციას შორის მოძველდა და განახლებას საჭიროებს, რადგან ცივილიზებულ ქვეყნებში ადამიანი არსებობისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი გაცილებით ფართოა. გარდა ამისა, სურსათის მოხმარება ყველა სოციალური ჯგუფის მიხედვით მცირდება. ყველაზე დაბალშემოსავლიან მოსახლეობაში სურსათის ხარჯი 63%-ია, მაღალშემოსავლიანში კი - 18%.
- შეგიძლიათ თუ არა საქართველოში არსებული საარსებო მინიმუმი და ფასების დონე შეადაროთ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში არსებულ ანალოგიურ მონაცემებს?
- მაგალითისათვის, თუ ავიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ საარსებო მინიმუმი ერთ სულზე წელიწადში 10.830 ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო ოთხსულიან ოჯახზე - 22.050 ამერიკულ დოლარს - ანუ დაახლოებით 3091 ლარი თვეში, როცა საქართველოში ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმ 260 ლარით განისაზღვრება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის თანაფარდობა ამერიკულთან შედარებით, დაახლოებით 8%-ია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში ამერიკასთან შედარებით საერთო შეწონილი ფასების დონე 55%-ია, ხოლო `ბიგმაკის~ ინდექსის თანახმად 85%-ია. ჩვენთან ფასები, მაგალითად, ბენზინზე 40%-ით უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში, მაღალია ფასი ფრინველის ხორცზე 30%-ით, ბანანზე 70%-ით, ასევე 25%-ით ძვირია ხორცი და რიგი სხვა პროდუქტები. გამოდის, რომ ჩვენთან საარსებო მინიმუმი ნამდვილად არ უნდა იყოს ასეთ დაბალ დონეზე, ამერიკულ საარსებო მინიმუმთან შედარებით.
- როგორ შეიძლება იმოქმედოს სურსათის წონამ ინფლაციაზე?- საქართველოში სურსათის წონა 4.5%-ია, ხოლო მაგალითად, ევროკავშირში ის 15%-ს შეადგენს, რაც განპირობებულია მაღალი შემოსავლებით. წინა წელს ინფლაციამ ორნიშნა ნიშნულს მიაღწია და 11.2% შეადგინა. ჩემი დაანგარიშებით, ჩვენ რომ სურსათზე იგივე წონა გვქონოდა, რაც აქვს ევროკავშირს, ინფლაცია იქნებოდა 7.4%, რაც ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის სავსებით მისაღებია. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე, მაგრამ თუ გვინდა, რომ ნაკლებად დამოკიდებულნი ვიყოთ მათზე, საჭიროა შემოსავლების გაზრდა ნომინალურ და რეალურ განზომილებაში და ხარჯების დივერსიფიცირება, რომ სურსათზე ხარჯების წილი რაც შეიძლება მცირე იყოს.
- მთელ რიგ საქონელზე ფასები გაცილებით მეტადაა მომატებული. ბოლო წლებში კი სურსათზე ფასების ზრდა წინ უსწრებს ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს. ვინ შეიგრძნობს არსებულ სიტუაციას ყველაზე მწვავედ? - მაგალითად, უკანასკნელი 20 თვის მანძილზე (2011 წლის აგვისტოში 2009 წლის დეკემბერთან შედარებით) იმ 266 დასახელების საქონლიდან, რომელთა ფასებსაც აკვირდებიან ინფლაციის გასაანგარიშებლად, 74 დასახელების საქონელზე ფასები შემცირდა, 4 დასახელების საქონელზე - უცვლელი დარჩა, 188 დასახელების საქონელზე კი - გაიზარდა. 2-ჯერ და მეტად გაიაფდა ბადრიჯანი, პომიდორი, საზამთრო, მობილური ტელეფონები და მათზე გადასახადი გაიაფდა 20-20 პროცენტით, თვითმფრინავით მგზავრობა - 17.4%-ით, კომპიუტერი - 5%-ით და ა.შ.
მაგრამ 11.5-პროცენტიანი ინფლაციის პირობებში ნაგვის გადასახადი გაძვირდა - 76.0%-ით, ძროხის ხორცი - 53.9%-ით, მზესუმზირის ზეთი - 49.0%-ით, ქალაქში მგზავრობა ავტობუსით და მიკროავტობუსით - 26.8%-ით და ა.შ. ეს კი ყველაზე მეტად საგრძნობია დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის. რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ოჯახი, მით უფრო მაღალია მის შემოსავლებსა და ხარჯებში სურსათისთვის გათვალისწინებული ხარჯების წილი და ინფლაციის დონე. იმისდა მიხედვით, თუ რომელი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელზე ვისაუბრებთ, მათთვის ერთი და იმავე რაოდენობის კალორიების მიღების ღირებულება განსხვავებულია, თანაც დაბალშემოსავლიანი ოჯახის კვება შედარებით ნაკლებად დაბალანსებულია. მაგალითად, კალორიების ერთი და იმავე რაოდენობის მიღება ადამიანს შაქრიდან 9-ჯერ, ხოლო პურიდან - 7-ჯერ უფრო იაფი უჯდება, ვიდრე საქონლის ხორციდან. როდესაც არ არის საკმარისი თანხა საქონლის ხორცის შესაძენად, ადამიანი იძენს იმავე ენერგეტიკული ღირებულების, თუმცა ცილებითა და ცხიმებით გაცილებით ღარიბი შემცველობის საკვებ პროდუქტებს, რაც არ არის სასურველი.
- როგორც აღნიშნეთ, ხელფასები წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, შეუწყო თუ არა ამან ხელი სიღარიბის დაძლევის პრობლემას?- საარსებო მინიმუმზე უფრო მაღალი შემოსავლის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე დაძლეულია. სიღარიბის დასაძლევად საარსებო მინიმუმის ღირებულებითი მაჩვენებელი სამჯერ მაინც უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ ადამიანს ესაჭიროება არა მარტო კვების პრობლემის გადაწყვეტა, არამედ მან თავი უნდა იგრძნოს საზოგადოების აქტიურ წევრად, შეძლოს თავისი სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ხელფასები იზრდება მსყიდველუნარიანობაც იზრდება, მაგრამ კეთილდღეობის ზოგადი აგრეგირებული მაჩვენებელი ჯერ არაა საკმარისად მაღალი.
- რას იტყვით კომუნალურ ხარჯებზე? - მაგალითად, ევროკავშირში ოჯახის ყველა სახის კომუნალურ ხარჯებს, მთელი ხარჯის 8% უკავია, საქართველოში კი ოთხსულიანი ოჯახი, რომლის შემოსავალია 680 ლარი, კომუნალურ გადასახადებში იხდის 90 ლარს, რაც 13.2% უდრის.
- 2011 წლის ”სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწოფო პენსიებზე გამოყოფილია 932.3 მილიონი ლარი (ბიუჯეტის 13.1%). პენსია 100 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ საარსებო მინიმუმზე დაბალი რჩება, რას იტყვით ამაზე? - 2003 წლიდან პენსიის სიდიდე საქართველოში 7-ჯერ გაიზარდა - 14-დან 100 ლარამდე. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით, მოხუცებს, პენსიონერებს სამდურავი არც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ მიუხედავად ჯერადი ზრდისა, რიგითი, ანუ საშუალო პენსიონერის პენსია ფარავს საშუალო მომხმარებლის ოფიციალური საარსებო მინიმუმის მხოლოდ 70 პროცენტს. საარსებო მინიმუმამდე ამ 30-პროცენტიანი დეფიციტის შესავსებად თითოეულ პენსიონერს, წელზე გაანგარიშებით, დაახლოებით კიდევ 500 ლარი ესაჭიროება.
ასე რომ, მიუხედავად მატებისა, პენსიის სიდიდე ჯერ კიდევ თითქმის ისევე შორსაა საარსებო მინიმუმამდე, როგორც მანძილი ფერეიდნელი ქართველებისთვის - გურჯისტანამდე.
თამარ თარალაშვილი