
ინტერვიუ "ბიჯი კაპიტალის" ანალიტიკოსთან, აკაკი გელაშვილთან
- რას გვეტყვით მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე არსებულ სიტუაციაზე? - ფინანსურმა ბაზრებმა მეოთხე კვარტალი ნეგატიურ ნოტაზე დაიწყეს. მსოფლიოს ინდექსებმა განაგრძეს ვარდნა, რადგან ინვესტორები უარყოფითად აღიქვამენ საბერძნეთისა და მსოფლიოს ეკონომიკის ზრდის პრობლემებს. ფინანსურ ბაზრებზე არსებობს იმის შიში, რომ ევროპის ლოდერები ვერ შეძლებენ აღკვეთონ საბერძნეთის კრიზისის გლობალურ საბანკო კრიზისად გარდაქმნა. საბერძნეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა ვერ მიაღწევს დეფიციტის დათქმულ ნიშნულს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საბერძნეთს მიიღოს ფინანსური დახმარება.
- რა ზარალი ნახეს ინვესტორებმა მსოფლიოს საფინანსო კრიზისის გამო?- სხვადასხვა გათვლებით, აგვისტოს პირველ კვირაში მსოფლიო ინდექსების ვარდნის შედეგად, ინვესტორებმა დაახლოებით 4 ტრილიონი დოლარის ზარალი ნახეს.
- ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა, საბაზისო განაკვეთი 0,25 %-მდე დატოვა 2013 წლის შუა პერიოდამდე - რა შედეგს გამოიტანს მოცემული ნაბიჯი?- ამერიკის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება, დატოვონ განაკვეთი უცვლელი 0.00%–დან 0.25%მდე და შეინარჩუნონ დაბალი განაკვეთი 2013 წლამდე, მიმართულია ამერიკის ეკონომიკის მხარდაჭერისკენ, რომელიც ფაქტიურად არ იზრდება. ეს გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ბოლო მონაცემებმა ამერიკის ეკონომიკის ზრდა ეჭვის ქვეშ დააყენა და ამერიკის საკრედიტო რეიტინგის ჩამოქვეითებამ მსოფლიო ინდექსების ვარდნა გამოიწვია.
როგორ აისახება ეს ყოველივე ევროსა და დოლარზე? რა წარმოადგენს ოქროსადმი ნდობის ზრდის მიზეზს?- ოქრო აღიქმება ინვესტორების მიერ როგორც უსაფრთხო აქტივი. სწორედ ამიტომ, როდესაც მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე არასტაბილური ვითარებაა და ინვესტორები კარგავენ ნდობას აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმართ, იზრდება მოთხოვნა ოქროზე, რაც შესაბამისად, მისი ფასის მატებას იწვევს.
- როგორ მოქმედებს საფონდო ბაზრებზე არსებული სიტუაცია საქართველოზე (ქართულ აქციებზე)? - პირველ რიგში, არსებული სიტუაცია სხვა ფასიანი ქაღალდების მსგავსად, აისახა ქართულ ფასიან ქაღალდებზეც. კერძოდ, საქართველოს ბანკის აქციების ფასი აგვისტოს მოვლენების შედეგად 27%ით შემცირდა და 12.5 აშშ დოლარს გაუტოლდა ლონდონის ბირჟაზე. რაც შეეხება ევროობლიგაციებს, საქართველოს რკინიგზის ობლიგაციების ფასი 9%ით, ხოლო საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ფასი კი 6 %ით შემცირდა.
- საფინანსო კრიზისი, ბუნებრივია, შეამცირებს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას და შეზღუდავს ინვესტორების შესაძლებლობებს. ამ ფონზე, რამდენად სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას ქართულ ეკონომიკას?- ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ქვეყანაში შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. იმ შემთხვევაში თუ არსებული კრიზისი მსოფლიოს ბაზრებზე დიდხანს გასტანს, რისი ალბათობაც დაბალია, რა თქმა უნდა ამას გავლენა ექნება საქართველოზეც, როგორც მსოფლიოს ყველა ეკონომიკაზე. ინვესტორთა უმრავლესობა თავს შეიკავებს ინვესტირებისგან სანამ მსოფლიო ბაზრებზე სიტუაცია სტაბილური გახდება.
- ცალკე ვისაუბროთ ქართულ საფინანსო ინსტიტუტებზე, რამდენად არის დამოკიდებული ჩვენი საბანკო სისტემა უცხოური საფინანსო ინსტიტუტების ფინანსურ რესურსებზე?- მოცემული მომენტისთვის ქართული საბანკო სექტორის მთლიანი ვალდებულებების დაახლოებით 62%–ს კლიენტთა დეპოზიტები შეადგენს (აღნიშნული მაჩვენებელი 46%–ს 2009 წლის აპრილში გაუტოლდა), დანარჩენი ნაწილი კი სხვადასხვა რესურსებზე მოდის, მათ შორის ძირითადად უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებულ სესხებზე. საქართველოს საბანკო სექტორი საკმაოდ მყარია და მოცემულ სიტუაციაში არ დგას ფინანსური რესურსების მოძიების პრობლემა.
თამარ თარალაშვილი