ნანახია: 224
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით 5,5%-ით განისაზღვრება.
კანონპროექტიოს მიხედვით, მშპ-ის დეფლატორის ცვლილების მაჩვენებელი 7%-ით განისაზღვრება.
პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების აღნიშნული პარამეტრებიდან გამომდინარე 2012 წლის მშპ-ის ნომინალური მაჩვენებელის პროგნოზი 26,494 მლრდ ლარია, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 3,024 მლრდ ლარით აღემატება.
მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წელს გაგრძელდება საბიუჯეტო დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენცია. პროექტის მიხედვით, მშპ-ის მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი 3,7%-დან 3,6%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში 40,6%-დან 39,7%-მდე მცირდება.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6,405 მლრდ ლარით, რაც მშპ-ის 24,2%-ია და 2011 წლის გეგმიურ მაჩვენებელს 475 მლნ ლარით აღემატება.
2014 წლისათვის თავისუფლების აქტით განსაზღვრული მაჩვენებლების მიღწევისათვის მთავრობა განაგრძობს მშპ-ს მიმართ სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკას. წარდგენილი პროექტის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები მშპ-ს მიმართ 2011 წელს არსებული 33,3%-დან 31,1%-მდე მცირდება.
ნომინალურ გამოხატულებაში ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების მთლიანი მოცულობა 8,263 მლრდ ლარია, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 453,3 მლნ ლარით აღემატება.
პარლამენტმა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა უკვე დაიწყო. 2012 წლის ბიუჯეტი პროგრამულ დაგეგმარებაზეა დაფუძნებული. როგორც პარლამენტის 3 ოქტომბერს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა განაცხადა, ბიუჯეტის განახლებულ პროექტში პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, სოციალური სფერო.
ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები 20 ოქტომბრამდე დასრულდება.
|