ნანახია: 202
„აჭარა ბეთი“ და „ლას ვეგასი“: მცირე კომპანიებისგან განსხვავებით თავს მყარად ვგრძნობთ
ლიცენზიის ღირებულებისა და მოსაკრებლის გაზრდის გამო, ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისის სლოტ კლუბების ნაწილი დაიხურა. „სამი შვიდიანის“ ყოფილი მფლობელი, ზურაბ მიგრიაული ამბობს, რომ გაზრდილი გადასახადების გადახდას აზრი არ ჰქონდა, რადგან კომპანია ხარჯებს ვერ გასწვდებოდა. ამიტომ მიგრიაულმა მის მფლობელობაში არსებული ორივე ობიექტი დახურა.
შეგახსენებთ: სათამაშო ბიზნესს საგადასახადო წნეხი ერთი წლის წინ დაუმძიმდა, როდესაც თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში მოსაკრებელი 1500-დან 3000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ტოტალიზატორის, ბინგოს და ლოტოს თითოეულ სალაროზე - 3750-დან 7500 ლარამდე. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება კი 8 ათასის ნაცვლად 20 ათასი ლარი გახდა.
სათამაშო ბიზნესში მოქმედი კომპანიები ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვისას აცხადებდნენ, რომ გადასახადების გაორმაგება სათამაშო აპარატების რაოდენობას გაანახევრებდა.გადასახადების გაზრდის გამო დაიხურა სლოტ კლუბი „ფორტუნაც“. მისი მფლობელის თქმით, უკვე სამი თვეა, რაც ობიექტი აღარ მუშაობს.მიგრიაულის ინფორმაციით, მსგავსი სიტუაციაა სათამაშო ბიზნესის სხვა კომპანიებშიც.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ მსხვილ მოთამაშეებს. “აჭარაბეთში” ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აცხადებდნენ, რომ წნეხის დამძიმება ბაზრიდან სუსტი მოთამაშეების განდევნას გამოიწვევდა. მათი თქმით, წვრილ სლოტ კლუბებსა თუ ტოტალიზატორებს, რომლებიც ნაკლებად გადახდისუნარიანები იყვნენ, საქმიანობის გაგრძელება გაუჭირდებათ. მსხვილი მოთამაშეების მიმართ კი ნდობა გაიზრდება და მათ არც მომხმარებელი შეუმცირდებათ. დღეს კი „აჭარაბეთის“ მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ქავჟარაძე აცხადებს, რომ გადასახადების მატების მიუხედავად, მათ მომხმარებლისთვის ფასიც კი არ გაუზრდიათ.
მსგავსი სიტუაციაა სლოტ კლუბების ქსელ „ლას ვეგასშიც“.
შეგახსენებთ: პირველი იანვრიდან მთავრობა ერთწლიანი ლიცენზიისთვის გადასახადის 20 000–დან ერთ მილიონ ლარამდე გაზრდას აპირებს. „სამი შვიდიანის“ ყოფილი მფლობელი, ზურაბ მიგრიაული, ამბობს, რომ ასეთი გადასახადის გადახდა ბევრს გაუჭირდება და სლოტ კლუბების რიცხვი მაქსიმალურად შემცირდება.
|