ინტერვიუ „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორთან ვახტანგ ბუცხრიკიძესთან

-
რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი უახლოეს ხანში თქვენი ბანკისგან? - საზოგადოება რომ არ დავაბნიოთ, ციფრებისა და მილიონების ნაცვლად, ვისაუბრებ სისტემურ ცვლილებებზე. თუმცა მანამდე მოკლედ ვიტყვი, რომ საბანკო სექტორი დაუბრუნდა მომგებიანობას, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. 2009 წლის მეორე ნახევარში, ქართულმა საბანკო სექტორმა კრიზისის დაძლევის პერიოდი დაასრულა და ზრდაზე გადავიდა.
რაც მთავარია, დღეს საბანკო სექტორი ბევრად ჯანსაღია, ვიდრე ეს იყო ომამდე. ერთი, რომ შეცდომებზე ვსწავლობთ, მეორე, რომ დიდი გამოცდილება მივიღეთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართულ ბანკებს არ დასჭირვებიათ მთავრობის დახმარება, როგორც ეს საზღვარგარეთ მოხდა.
რაც შეეხება სიახლეებს, წინა კვირას ჩვენი მენეჯმენტი იმყოფებოდა „დოიჩე ბანკში“. ვნახეთ ბევრი რამ და თამამად შემიძლია ვთქვა, მართალია, ისინი ჩვენზე წინ არიან, მაგრამ ბევრით არა. ასე რომ, ჩვენ სწორად ვვითარდებით და სწორად მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელია მივაღწიოთ იქაურ სტანდარტებს.
-
კომერციულ ბანკებს ახლახან დაეგზავნათ წერილები, რომ საბანკო სექტორი მთლიანად უნდა გადავიდეს ბაზელიორის პრინციპებზე. ეს არის ზედამხედველობის ის ნორმები, რაც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. როგორ შეხვდით ამ მოთხოვნას? - ჩვენ ამ მოთხოვნებს ნაწილობრივ უკვე ვასრულებდით და ეროვნულ ბანკთან ვცვლიდით ინფორმაციას საქმიანობის შესახებ. ქართული ბანკების რეგულირება ისედაც მკაცრი იყო. ასე რომ, ახალი ბარიერის გადალახვა არ იქნება ძნელი.
-
„თიბისი ბანკმა“ გამოაცხადა ანაბრებზე ერთპროცენტიანი დანამატი და პარალელურად გათამაშება. იგივეს აკეთებენ სხვა ბანკებიც. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ფულადი რესურსების პრობლემა გაქვთ? - ერთი, რომ ეს არის სეზონური ფაქტორი. ბანკები, როგორც წესი, შემოდგომით იწყებენ სადეპოზიტო აქტივობებს. მეორე, თუ ბანკებს უნდათ, საკრედიტო საქმიანობა გაზარდონ, მეტი სახსრები უნდა მოიზიდონ, ანუ აქტივების ზრდისთვის საჭიროა დეპოზიტების ზრდა. ამაში უცნაური არაფერია.
-
რა შეიცვალა თქვენი ბანკისთვის „კონსტანტას“ შეძენის შემდეგ?- ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, შევსულიყავით მიკროსესხებში, სადაც საპროცენტო განაკვეთი და შემოსავლიანობა გაცილებით მაღალია. ჩვენი სტრატეგიით იქ შესვლა შეუძლებელი იყო. „კონსტანტა“ ამისთვის კარგი საშუალება იყო. დავამტკიცეთ ახალი სტრატეგია: განვითარება პატარა ქალაქებსა და დიდ სოფლებში, სადაც სრულყოფილად არ არის საბანკო სექტორი წარმოდგენილი. აქ ძირითადი ზრდა გულისხმობს სოფლის მეურნეობის სესხებს. გვინდა, რომ 2012-2013 წლებში სოფლის მეურნეობის დაფინანსება იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი.
- საკრედიტო ბარათების ბაზარზე ახალ შეთავაზებას ხომ არ გეგმავთ? - ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ მაინც ვიტყვი. ერთ თვეში ამ მიმართულებით ახალ აქტიურობას ვიწყებთ. გვინდა განსხვავებული იმიჯით შევიდეთ ბაზარზე. მომხმარებლებს ახალ მახასიათებლებსა და დიზაინს შევთავაზებთ.
-
არსებული საპროცენტო განაკვეთებით შესაძლებელია თუ არა საქართველოში ბიზნესის კეთება?- მიმაჩნია, რომ შესაძლებელია. თუ ავიღებთ დეპოზიტებზე პროცენტებს, ისინი გაცილებით მაღალია, ვიდრე დასავლეთში. შესაბამისად, უფრო მეტი უნდა იყოს პროცენტი სესხებზე. ჩემი პროგნოზი ასეთია: მომავალი ექვსი თვის განმავლობაში არ მოხდება პროცენტების შემცირება. ყველა მსხვილი კომერციული ბანკი რესურსებს იზიდავს უცხოეთის ფინანსური ბაზრებიდან. თუ იქ დასტაბილურდა სიტუაცია, მეტი ალბათობა გაჩნდება, რომ მეტი რესურსი შემოვიდეს. მაშინ შეიძლება პროცენტის დაწევაზე საუბარი.