
"მთავრობამ პენსიის მორიგი ზრდისას აქცენტები სოციალურად დაუცველ ფენებზე უნდა გააკეთოს", - ეს განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ედუარდ გარდნერმა გააკეთა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ედუარდ გარდნერი მიიჩნევს, რომ მთავრობამ სამომავლოდ პენსიის ზრდისას აქცენტები სოციალურად დაუცველ ფენებზე უნდა გააკეთოს.
„მთავრობამ სამომავლოდ პენსიების გაზრდისას ის წყაროები, რაც ამისთვის სჭირდება, მიზნობრივად უნდა დახარჯოს, ანუ დააფინანსოს ისინი, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭროება, ნაცვლად საყოველთაო ზრდისა, რაც ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება", - აღნიშნა გარდნერმა.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბრიდან პენსიონერები გაზრდილ პენსიას იღებენ. პენსიის ზრდა 80-დან 100 ლარამდე მოხდა, რაც ბიუჯეტს ყოველთვიურად დამატებით 14 მლნ ლარი უჯდება. 2011 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ხანდაზმულობის პენსია 662 978 ადამიანმა მიიღო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 56 მლნ ლარი დაიხარჯა.
პრემიერ ნიკა გილაურის განცხადებით, სოციალურ დახმარებებზე 1,35 მლრდ ლარია გამოყოფილი, რაც ბიუჯეტის თითქმის 20%-ს შეადგენს. უახლოეს მომავალში მთავრობა ხანდაზმულებისთვის 100-დოლარიანი საპენსიო პაკეტის შეთავაზებას გეგმავს.