ნანახია: 166
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებების მოცულობამ, 2011 წლის პირველი სექტემბრისთვის, 7,1 მლრდ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, ბანკების ჯამური პორტფელი აგვისტოში 2%-ით არის მომატებული (01/08/11-7,005 მლრდ ლარი).
საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 6,5%-ით (128,8 მლნ ლარით), ხოლო უცხოური ვალუტით - 0,3%-ით (13,3 მლნ ლარი) გაიზარდა.
იურუდიული პირების დაკრედიტების მოცულობამ 4,040 მლრდ ლარს მიაღწია, აქედან 739,2 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 65,9 მლნ ლარით (9,8%) მეტი) კრედიტები ადგილობრივ, ხოლო 3,3 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0,1 პროცენტით, ანუ 3,8 მლნ ლარით ნაკლები) უცხოურ ვალუტაშია განთავსებული.
აგვისტოში ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელი 85 მლნ ლარით (3,1%) არის გაზრდილი და პირველი სექტემბრისათვის 2,8 მლრდ ლარს აღემატება.
საქართველოს საბანკო სექტორი ამ დროისთვის წარმოდგენილია 19 კომერციული ბანკით, რომელთა ჯამური აქტივები 11,530 მლრდ ლარს აღემატება.
|