"საარსებო მინიმუმზე უფრო მაღალი შემოსავლის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე დაძლეულია" "ბოლო 6 თვის მონაცემებით, უმუშევრობა 16,5%-ით 15,5 პროცენტამდე შემცირდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის შემცირების დიდი ზრდა მოდის მეორე კვარტალზე. პოზიტიური ტენდენცია აშკარად ჩანს. გასული წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა, ეტაპ-ეტაპ საქართველოში უმუშევრობა მცირდება, ეს იმის ფონზე, როცა საერთაშორისო ეკონომიკური სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.
თუმცა, ამ სტატისტიკას ექსპერტები აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ უმუშევრობის რეალური დონე ოფიციალურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. მართალია უმუშევრობა 15,5%-ზეა, მაგრამ დასაქმებულთა წილიდან რამდენია რეალურად დასაქმებული, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
"საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობა დაახლოებით 2 მლნ.-ია. აქედან მხოლოდ 610 ათასი იღებს ხელფასს. ანუ ეს არის ის რაოდენობა, რომელიც დაქირავებულია და მოსახლეობის 30%-ს შეადგენს, ხოლო დანარჩენი თვითდასაქმებულთა ან უმუშევართა კატეგორიაში შედის. აქედან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია 100 ათასამდე ადამიანი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს. ამას ემატება ე.წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირები, იგივე პედაგოგები და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაქირავებული ადამიანები. 600 ათასიდან 200-250 ათას სამუშაო ადგილს სახელმწიფო ქმნის, ხოლო დანარჩენს კერძო ბიზნესი", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.
"საქსტატის" უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია კი სხვაგვარია, - "ყველა ის ადამიანი, რომელიც მუშაობს და გარკვეული ტიპის სამუშაოს ეწევა შემოსავლის მიღების მიზნით, ყველა ადამიანი ითვლება დასაქმებულად. შემიძლია მარტივი მაგალითი მოგიყვანოთ: ის ადამიანები, რომლებიც არავისგან არ არიან დაქირავებულნი, მაგალითად, ესენი არიან რეპეტიტორები, ანდა ავიღოთ ტაქსის მძღოლები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ და მხოლოდ აქედან აქვთ შემოსავალი; ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან საკუთარ მეურნეობაში და სოფლის მეურნეობაში. გასაგებია, რომ ძალიან მძიმეა მდგომარეობა სოციალურად და სახარბიელო არ არის, შემოსავალი ძალიან ბევრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს არ ჩავთვალოთ ეს ადამიანები დასაქმებულად", - აღნიშნავს "საქსტატის" ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე.
ცხადია, დათვლის ეს მეთოდოლოგია არ იძლევა იმ მახინჯი სურათის დანახვის საშუალებას, რაც რეალურად საქართველოს შრომის ბაზარზეა შექმნილი.
"საქსტატის" 2011 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 5.2%-ით შემცირდა. საშუალო თვიური ხელფასი კი 14%-ით გაიზარდა. საქართველოს ბიზნესსექტორი გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოსული: აქცენტს ოპტიმიზაციაზე, კვალიფიციური კადრების წახალისებაზე და, შესაბამისად, მათთვის შრომის გაზრდაზე აკეთებს და არა ახალი თანამშრომლების დასაქმებაზე.
2011 წლის მეორე კვარტალში საწარმოებში სულ 352 ათასი ადამიანი მუშაობს. აქედან დაქირავებული 336 ათასია. მათგან 61.4% დასაქმებულია მსხვილ, 22.6% – მცირე, ხოლო 16% – საშუალო ბიზნესში. მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 807.1 ლარია, საშუალო ბიზნესში – 508.6 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესში – 429.8 ლარი.
მართალია, ხელფასები წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა ეკონომიკის ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ ფაქტმა საეჭვოა ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევის პრობლემას.
"საარსებო მინიმუმზე უფრო მაღალი შემოსავლის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე დაძლეულია. სიღარიბის დასაძლევად საარსებო მინიმუმის ღირებულებითი მაჩვენებელი სამჯერ მაინც უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ ადამიანს ესაჭიროება არა მარტო კვების პრობლემის გადაწყვეტა, არამედ მან თავი უნდა იგრძნოს საზოგადოების აქტიურ წევრად, შეძლოს თავისი სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ხელფასები იზრდება, მსყიდველუნარიანობაც იზრდება, მაგრამ კეთილდღეობის ზოგადი აგრეგირებული მაჩვენებელი ჯერ არაა საკმარისად მაღალი", - განმარტავს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.
ნინო დარბაისელი