
დღეს, 29 სექტემბერის სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ გაიხსნება მიკროდაფინანსების საკითხებისადმი მიძღვნილი რიგით მე–18–ე კონფერენცია თემაზე: „მიკროდაფინანსება 2020: ჩვენი ინდუსტრიის მომავლის შენება“. ღონისძიება საერთაშორისო ასოციაცია „მიკროსაფინანსო ქსელის (MFN)” ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში ტარდება და წელს, 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მას, როგორც მისი წევრი ორგანიზაცია, „ბანკი კონსტანტა“ უმასპინძლებს.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს MFN-ის წევრი 31 ორგანიზაცია მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, რომლებიც ყოველ წელს უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებს მიკროდაფინანსების მუდმივი ზრდისა და პროგრესის პროცესში მათ წინაშე დასმულ ამოცანებსა და გამოწვევებზე.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ე.წ. „ვორქშოპი“, რომლის დროსაც გაზიარებული იქნება მიკროსაფინანსო ინდუსტრიის მშენებლობის სამომავლო გეგმები და ზოგადად, ინდუსტრიის მომავლის ხედვა. აგრეთვე, კლიენტთა მოთხოვნებზე მიკროსაფინანსო პროდუქტებისა და მომსახურების უკეთ მორგების მიზნით, განიხილება ამ სფეროში არსებული სიახლეები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებებსა და მიგნებებზე ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები: მიკროსაფინანსო ინსტიტუტის „SafeSave” დამაარსებელი, სტიუარტ რუთერფორდი (დიდი ბრიტანეთი), „The Brande Foundation”-ის პრეზიდენტი, დეივ ელისი (ამერიკის შეერთებული შტატები), და EU/ACP (ევროკავშირისა და აფრიკული, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები) ქვეყნებში მიკროსაფინანსო პროგრამის კოორდინატორი, ანტონ კონინგი (საფრანგეთი).
კონფერენციას გახსნა “ბანკი კონსტანტა“–ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ლებანიძე და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი, ოთარ ნადარაია.
თამარ ლებანიძის განცხადებით, იგი მოხარული არის, რომ „ბანკი კონსტანტა“ პირველად საქართველოში მასპინძლობას უწევს „მიკროსაფინანსო ქსელის“ რიგით მე–18–ე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიკროდაფინანსების ინდუსტრიის მომავალს ეძღვნება და მსოფლიოს მასშტაბით მიკროდაკრედიტების სფეროს ლიდერებს უყრის თავს.
კონფერენციას აგრეთვე ესწრებოდნენ USAID-ის, IFC-ის, EBRD-ის, KFW-ისა და „თიბისი“ ბანკის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ „მიკროსაფინანსო ქსელი (MFN)“ 1993 წელს დაარსდა და დღეისათვის, მსოფლიოს მასშტაბით 35 მილიონამდე კლიენტს აერთიანებს თავის ქსელში. „ბანკი კონსტანტა“ მას 2003 წელს შეუერთდა და, დანარჩენ წევრებთან ერთად, იზიარებს საერთო რწმენას იმისა, რომ მდგრადი და მომგებიანი მიკროსაფინანსო ინსტიტუტის საშუალებით მათ შეუძლიათ, უფრო მეტ კლიენტს გაუწიონ მომსახურება და ინოვაციური ბიზნეს მოდელის შექმნით შეძლონ როგორც ფინანსური, ასევე სოციალური მიზნების მიღწევა.