ნანახია: 258
ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულება და ეკონომიკის განვითარება - ეს არის მთავარი მიზანი „საპარტნიორო ფონდის“ შექმნისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წელს აამოქმედა. კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსებისას ფონდის პრიორიტეტი აგროსფერო უნდა ყოფილიყო, ხოლო თავად ფონდი ისეთი წყაროებიდან დაფინანსდებოდა, როგორიცაა: პრივატიზაციიდან შემოსული თანხები, დივიდენდები და საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები. ფონდი ფინანსებს კომპანიებზე კაპიტალში თანამონაწილეობის სანაცვლოდ, ან კრედიტის სახით გასცემს. შესაძლოა "საპარტნიორო ფონდი" კომპანიასა და ბანკს შორის გარანტორადაც კი ჩადგეს. მისი ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს უფრო მეტი ინვესტორის დაინტერესებას ადგილობრივი პროექტებით. "საპარტნიორო ფონდის" ამოქმედებიდან, თითქმის ორ თვეში "საპარტნიორო ფონდის" შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. კერძოდ, "საპარტნიორო ფონდს' შესაძლოა უძრავ ქონებაში ინვესტირების უფლება მისცენ. დღეს არსებული მდგომარეობით, ფონდი არ განიხილავს ისეთ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ შეეხება მომსახურების სფეროს და უძრავ ქონებაში ინვესტირებას. თუმცა, კანონპროექტით უძრავ ქონებაში ინვესტირების აკრძალვა უქმდება. უძრავ ქონებაში ინვესტირების აკრძალვას ხელისუფლებაში იმ გარემოებით ხსნიდნენ, რომ ფონდის პრიორიტეტი აგროსფეროში სამუშაო ადგილების შექმნა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იყო. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ აგროსექტორში დასაქმების პრობლემებიც აღმოფხვრა და აგრობიზნესიც მნიშვნელოვნად განავითარა, რადგან ფონდს უძრავი ქონების დაფინანსების უფლებასაც აძლევს. იცვლება ფონდის დაფინანსების წყაროების ჩამონათვალიც. ახალი კანონპროექტით, სს-"საპარტნიორო ფონდში" აღარ გადაირიცხება პრივატიზაციიდან მიღებული თანხები, თუმცა ფონდს უფლება ეძლევა თავად მოიზიდოს ფინანსები და გრანტები საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, დაფინანსების წყაროს ასევე ემატება დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში. "ბანკები და ფინანსები" დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ძალიან მოკლე პერიოდში საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელება, თან იმდენად მნიშვნელოვან პუნქტებში, როგორიცაა ფონდის დაფინანსების წყაროები და ფონდის მიერ დასაფინანსებელი სექტორები. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ფონდის მუშაობამ არაეფექტიანი შედეგი გამოიღო? ასევე დავინტერესდით, ფონდის ბიუჯეტში, მისი ამოქმედების დღიდან, რა რაოდენობის თანხის მობილიზება მოხდა, რომელი პროექტები დააფინანსა და რა რაოდენობის თანხით, რამდენ პროცენტად გასცა სესხები. ან რამდენი ინვესტორი დააინტერესეს ადგილობრივი პროექტებით. ასევე საინტერესოა, რატომ გადაწყდა, რომ ფონდი პრივატიზაციიდან შემოსული თანხით აღარ დაფინანსდებოდა. რა, ქვეყნის ბიუჯეტს ფულადი სახსრები დააკლდა? თუმცა, როგორც უმეტეს შემთხვევაში, ახლაც მთავრობისგან ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოიპოვება. 'საპარტნიორო ფონდის" შექმნას იმთავითვე მიესალმებოდა "ეროვნულ-დემოკრატიული~ პარტიის წევრი გურამ ჩახვაძე, რომელიც კანონპროექტის განხილვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. იგი ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა კანონში ცვლილებების შესახებ შემდეგნაირი მოსაზრება გააჩნია: 'ის ცვლილება, რომ ფონდში პრივატიზაციიდან მიღებული თანხა აღარ გადაირიცხება, ერთის მხრივ, გასაგებია, რადგან საქართველოს ბიუჯეტი საკმაოდ შეზღუდულია. თუმცა, საქართველოში არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც ფონდი ძალიან კარგად შეუძლია საკუთარი ფუნქციის შესრულება”, - აღნიშნავს ჩახვაძე. ეკონომიკის ექსპერტთა უმეტესობა, "საპარტნიორო ფონდის" შექმნას იმთავითვე აკრიტიკებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ 'საპარტნიორო ფონდი~ ლიბერალური ეკონომიკის კურსს ეწინააღმდეგება. ექსპერტები თვლიან, რომ "საპარტნიორო ფონდის" არსებობა საჭირო არაა, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრი კომერციული ბანკი და საინვესტიციო ფონდია, საიდანაც ბიზნესს ფულადი რესურსის მოძიების საშუალება აქვს. კერძო სექტორში სახელმწიფოს ჩარევა კი ბიზნესს კარგს არაფერს უქადის. "საპარტნიორო ფონდთან" დაკავშირებით ექსპერტთა დამოკიდებულებას არ იზიარებს გურამ ჩახვაძე: „მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტაქტიკა არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან, მთელს მსოფლიოში. ამ კონკრეტულ შემთხვევებში, სახელმწიფო კერძო სექტორში კი არ ერევა, არამედ ის კერძო ბიზნესის თანამონაწილეა, მხოლოდ პარტნიორია, ეს ფონდის სახელწოდებიდანაც ჩანს. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა ახალი არაა და ეს პირველად ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ამიტომ 'საპარტნიორო ფონდის' არსებობაში პრობლემას ვერ ვხედავ".
მაგდა ლორთქიფანიძე
|