კრისტინ ლაგარდი: სავალუტო ფონდს მთელი ევროზონის გადასარჩენი ფული არ აქვს

ფინანსური კრიზისის გაღრმავებაზე კოლექტიური პასუხი უახლოეს კვირებში უნდა მოიძებნოს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს და განვითარებად ქვეყნებს დახმარებას სთხოვს, რადგან, ფონდის აზრით, ევროსთან ერთად ეს ქვეყნებიც დაზარალდებიან. რუსეთი დახმარებას არ აპირებს: ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა უკვე განაცხადა, რომ გლობალურ ეკონომიკას წინ დაკარგული ათწლეული ელის.
თუმცა მანამდე ბრაზილიამ მზადყოფნა გამოთქვა, ევროპას 10 მილიარდი დოლარით დაეხმაროს. დიდი ბრიტანეთის სახაზინო კანცლერის ჯორჯ ოსბორნის შეფასებით, ევროს გადარჩენის შანსი 6 კვირის განმავლობაში აქვს და G20–ის ნოემბრის სამიტი, რომელიც საფრანგეთში უნდა გაიმართოს, „დედლაინია.“ ოსბორნის თქმით, ამ სამიტზე გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში „გვიანი იქნება.“
სავალუტო ფონდის ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანტონიო ბორჯესმა კი განაცხადა, რომ დროის მარაგი აღარ არსებობს და უახლოესი კვირების განმავლობაში მთელი მსოფლიოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობებმა და ბაზრის ძირითადმა მოთამაშეებმა, ასევე ცენტრალურმა ბანკებმა პრობლემების მიმართ კოოპერატიული მიდგომები უნდა შეიმუშავონ.
ბორჯესის თქმით, ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, აქვს კაპიტალის უზარმაზარი მარაგები, რომლებიც განთავსებული უნდა იქნას, და თუკი ევრო დაზარალდება, ისინიც დიდ ზარალს განიცდიან. მისივე განცხადებით, ამ ქვეყნებს შეუძლიათ კაპიტალი ჩადონ რეალურ აქტივებში – კომპანიებში, რომლებიც მათთვის სტრატეგიულია.
მან მაგალითად მოიყვანა პორტუგალია, სადაც პრივატიზაციის პროგრამა მიმდინარეობს. „ბრაზილიის კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით ევროპაში შესასვლელად,“ – განაცხადა ბორჯესმა. სავალუტო ფონდის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი კი ღიად აცხადებს, რომ ფონდს კრიზისით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ფული არ ეყოფა. ვაშინგტონში გამოსვლისას, სადაც ფონდის წევრი ქვეყნების შეხვედრა მიმდინარეობდა, ლაგარდმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის შესაძლებლობა 400 მილიარდი დოლარია, რაც დღეს საკმარისია, მაგრამ შესაძლო ფინანსური პრობლემების წინაშე ეს თანხა ძალას კარგავს. „მსოფლიო ეკონომიკა საშიშ ფაზაში შევიდა, ამიტომ ყველას სიფრთხილისკენ და თამამი გადაწყვეტილებების მიღების მზადყოფნისკენ მოვუწოდებთ,“ – ნათქვამია კომუნიკეში.