
საქართველოსგან განსხვავებით, HSBC სომხეთის ბაზრის დატოვებას არ აპირებს და იქ ახალი ფილიალებისა და ბანკომატების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ასტრიდ კლიფორდმა ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, HSBC სომხეთში საკუთარი ბიზნესით კმაყოფილია. კლიფორდის განცხადებით, ჯერ კიდევ მაისში ბანკმა ახალი სტრატეგიის დაწყება გამოაცხადა, რომელიც რესურსებისა და კაპიტალის იმ ბაზრებზე ფოკუსირებას გულისხმობს, სადაც ზრდის დიდი ტემპები და რენტაბელობაა უზრუნველყოფილი.
კლიფორდის განცხადებით, ახალი სტრატეგია ხუთ ობიექტურ მაჩვენებელს ეფუძნება, რომელთა მიხედვითაც ბანკის ამა თუ იმ ქვეყანაში საქმიანობის ეფექტურობა ფასდება. ეს ფაქტორებია საერთაშორისო ინტეგრაციის დონე, ეკონომიკური განვითარების პოტენციალი, კაპიტალის რენტაბელობის კოეფიციენტი, ხარჯების ეფექტურობა და ლიკვიდურობის დონე.
საქართველოს შემთხვევაში კი, ბანკის გენერალური დირექტორის თქმით, სპეციფიური მიდგომა იყო გამოყენებული. კერძოდ, ეს ეხებოდა ბაზრის მოცულობას და ბანკის საქმიანობის ვადებს.
შეგახსენებთ: HSBC-მ ქართული ბაზრის დატოვების შესახებ 6 სექტემბერს განაცხადა.
სომხეთში კი, კლიფორდის განცხადებით, ბანკი მუშაობას აგრძელებს და ახალი ტექნოლოგიური მიდგომების დანერგვისთვის დამატებით ინვესტიციებს ახორციელებს. ახლო მომავალში ის სომხეთში ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. კიდევ ორი ფილიალი 2012 წელს გაიხსნება. ასევე გაიზრდება ბანკომატების რაოდენობა.
„ბანკის გახსნიდან დღემდე, სომხეთში კარგი ბიზნესი გვაქვს, ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი წილი რესპუბლიკის საბანკო ბაზარზე,“ - განაცხადა HSBC-სომხეთის ხელმძღვანელმა.