პარლამენტმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის განხილვა დაიწყო. საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა "ღია ეთერის” წამყვანმა, ჟურნალისტმა გიორგი ჩოგოშვილმა ამ საკითხზე სასაუბროდ სტუდიაში მიიწვია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის- აფბას წარმომადგენლები ვაჟა ბერიძე და ლადო ხიხაძე. გთავაზობთ, აფბას დამფუძნებლის, ვაჟა ბერიძის მიერ ამასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების შემოკლებულ ვარიანტს. სრული ვერსია იხილეთ www.radio1.ge-ზე.პარლამენტში დაიწყო ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის განხილვის პროცესი, რომელმაც შედეგად უნდა მოგვცეს სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბება და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის რეანიმირება. იმდენად რამდენადაც ევროკავშირის მოთხოვნა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელ პირობად აყენებს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღდგენას და სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ეს არ არის მარტივი საკითხი. ჩვენთან ფაქტობრივად შეჩერებულია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფუნქციონირება, მოქმედება და ფაქტობრივად გაუქმებულია ანტიმონოპოლიური სტრუქტურა. ეს რთული საკითხია და მართლაც, საჭიროებს ჩაღრმავებულ განხილვას, როგორც საზოგადოების, ასევე ექსპერტების მხრიდან.
ჩვენთან ანტიმონოპოლიურ უწყებას თავისი ისტორია აქვს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა. გარკვეული ხნის შემდეგ დადგა ანტიმონოპოლიური რეგულირების აუცილებლობის საკითხი. თავდაპირველად, სამოქალაქო დაპირისპირებისა და შფოთის პირობებში, ეკონომიკის ანტიმონოპოლიურ რეგულირებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა, მაგრამ გამოჩნდა საჭიროება და მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მსგავსი ორგანოს ჩამოყალიბება. მართლაც ჩამოყალიბდა ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელსაც ვაჟა მაისურაძე ჩაუდგა სათავეში. იქ ბევრმა კარგმა სპეციალისტმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ ქეთევან ლაფაჩი, სლავა ფეტელავა და ბევრი სხვა. უწყებას დროდადრო სათავეში ედგნენ ისეთი საინტერესო მოღვაწეები, როგორებიც არიან გიორგი ისაკაძე, არმაზ თავაძე და სხვები. დაიწყო ანტი- მონოპოლიური კანონმდებლობის ფუნქციონირება. ეს პროცესი იყო წინააღმდეგობებით აღსავსე. გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ყოველთვის წამოიწევს ხოლმე წინა პლანზე გარკვეული, გავლენიანი ხელისუფლებასთან შეზრდილი კლანების მისწრაფება მონოპოლიურად აკონტროლებდნენ შემოსავლიან ბიზნესებს. ეს ყველაფერი მოდის წინააღმდეგობაში ანტიმონოპოლიურ რეგულირებასთან და თუ არ მოხდა ამ სიტუაციის რეგულირება წარმოიშობა სერიოზული კოლიზია. თუ შეერთებული შტატების კანონშემოქმედების ისტორიას გავიხსენებთ, როგორც ამას ხაზს უსვამს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჯონ კენეთ გელბრეითი ~უნებლიე ტყუილის ეკონომიკაში” ეს საქმიანობა მთლიანად მიმართული იყო მონოპოლიების შეზღუდვისკენ და თავისუფალი ბაზრის პრინციპების ზედმიწევნით დაცვისკენ. აშშ-ს შედარება პოსტსოციალისტურ, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებთან ძნელია, მაგრამ თავისთავად, ისეთი ქვეყნების გამოცდილება, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ესპანეთი, სხვები, რომლებმაც დაძლიეს ტოტალიტარიზმი, აჩვენებს, რომ ამ ქვეყნებშიც ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას აქვს სერიოზული მნიშვნელობა. საქართველოში ამ უწყებამ ვერ შეასრულა თავისი მისია. ჩვენ შედეგად დღეს გვაქვს უფუნქციო და, ფაქტიბრივად, ყოველგვარი საკანონმდებლო ბაზის გარეშე დარჩენილი, ეგრედწოდებული კონკურენციის სააგენტო. მსგავსი სამსახურის არსებობის აუცილებლობითვის სათანადო არგუმენტები ვერ მოვისმინე ვერც ხელისუფლების და ვერც ოპოზიციის მხრიდან. შედეგად ჩვენ გვაქვს უპერსეპექტივო მდგომარეობა მთელ რიგ დარგებში და სფეროებში, ეკონომიკაში, რაც გამოწვეულია ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობით. არადა, ევროკავშირი მკაფიოდ გვეუბნება, რომ არ გვაპატიებს არანაირ თვალთმაქცობას, ეშმაკობას და ის არ მიიღებს ფორმალურად განხორცილებულ რეფორმას. ეს საკითხები ღია დისკუსიის პირობებში უნდა გადავწყვიტოთ. კონკურენცია არის ეკონომიკის აღმავავლობის უცილობელი ფაქტორი. ავიღოთ, თუნდაც ასეთი მარტივი მაგალითი. როდესაც არსებობს კონკურენცია, ბიზნეს-სტრუქტურებს სჭირდებათ პიარ-ტექნოლოგიების გამოყენება თავისი პროდუქციისა და მომსახურების დამკვიდრების, რეკლამირების, პრომოუშენის მიზნით და ასეთ დროს ბევრი სამუშაო ადგილი ყალიბდება პიარ-კომპანიების სფეროში. მაგრამ ადრ ეარსებული უამრავი პიარ-კომპანიიდან დღეს მხოლოდ რამდენიმე მათგანი თუ არსებობს, რადგან შესაბამისი ბაზარი აღარ არსებობს, კონკურენცია შეიზღუდა და ამიტომ ბიზნესს აღარ სჭირდება რეკლამირება და პიარ-კომპანიების დაქირავება. კონკურენციის გარეშე იზღუდება დასაქმების არეალი.
ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი იყო აზრი, რომ ამ უწყებაში ადგილი ჰქონდა კორუფციას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არანაკლები დონის კორუფცია იყო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებშიც, ბუნებრივი რესურსების სამინისტროშიც მაგრამ ეს სამინისტროები არ გაუქმებულა. ამიტომ, კორუფციას უნდა ვებრძლოთ ყველა დონეზე, მათ შორის საქართველოში ფართოდ ფეხმოკიდებულ ელიტურ კორუფციასაც, თუმცა ამისთვის უწყებების გაუქმება არ არის აუცილებელი.
მაშინ, როდესაც ევროკავშირის მოთხოვნა, შექმნილიყო სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური უწყება, არ იქნა შესრულებულ ი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ პოლიტიკურ გაერთიანება "თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად გამართა ბრიფინგი და მიიღო მიმართვა მთავრობის მიმართ, დაეჩქარებინა შესაბამისი პროცედურები. აფბას ხელმძღვანელები და აფბა თანამშრომლობენ ყველასთან, როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტმა დაიწყო ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის განხილვა. ეს დღეები ჩვენ მთავრობისა და პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურებიდან მოვითხოვთ პროექტს, თუ რა განიხილება და ამ დოცუმენტს არავინ გვაწვდის. ჯერჯერობით, ჩვენ ვერ მივაგენით არათუ დოცუმენტს, მის მნახველსაც კი. ამიტომ სხვათა მიერ მოწოდებული, დაუდასტურებელი დებულებების და პრინციპების შესახებ გვიხდება მსჯელობა. ლაპარაკია ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, ხომ არ არის საუბარი იარაღის შესყდვაზე, სამხედრო ხარჯებზე, რომელიც მხოლოდ პარლამენტის ნდობის ჯგუფისთვის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი? ეს გვაფიქრებინებს, რომ სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ჩვენ ისევ შეიძლება ვერ მივიღოთ.
ამბობენ, რომ მონოპოლისტს, ან კონკურენციის შემზღუდავ ეკონომიკურ სუბიექტს სასამართლო დააჯარიმებს, საფუძველი კი იქნება კონკურენციის სააგენტოს სარჩელი. თუ ეს სააგენტო ბიზნესის ცალკეულ სეგმენტებს სისტემატურად არ შეისწავლის, არ გამოავლენს მონოპოლისტებს და არ იქნება სრულფასოვანი მარეგულირებელი, რა სახის და რამდენად ეფექტური კონტროლის განხორციელებას შეძლებს, რაც თითქოსდა მას ევალება. ან რა სახის ინფორმაციის საფუძველზე უნდა მიმართოს კონკურენციის სააგენტომ სასამართლოს? შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი მოითხოვს ანტიმონოპოლიური უწყების აღჭურვას სერიოზული საგამოძიებო ფუნქციებით. ამის ნიშანწყალი ჯერჯერობით, იქ, რაზეც პარლამენტშია საუბარი, არ ჩანს. ევროკავშირთან იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოსაწონი, ეკონომიკის სინგაპურული მოდელი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს, თავს ვერ გავიმართლებთ.
კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი. ჩვენთან მონოპოლისტობა ლამის სალანძღავ სიტყვად დამკვიდრდა. ყველა ქვეყანაში, ბუნებრივი მონოპოლიების გარდა, არსებობენ მონოპოლისტები.
ბაზრის ნებისმიერი სუბიექტი უნდა მიისწრაფოდეს კანონიერი გზით ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მიღწევისკენ. მონოპოლიისკენ სწრაფვა ყველა ეკონომიკური სუბიექტის ბუნებრივი ინსტინქტია. როცა ესა თუ ის კომპანია აღწევს მონოპოლიურ მდგომარეობას, თავისი საქმიანობის თაობაზე ვალდებულია, ანტიმონოპოლიურ უწყებას მიაწოდოს კონფიდენციალური ინფორმაცია თავისი ბიზნესის შესახებ. ეს სახელმწიფოს საშუალებას აძლევს გამორიცხოს არაჯანსაღი კონკურენცია ბიზნესში, კარტელური გარიგებები "ძლიერთა” მიერ "სუსტების” დაჩაგვრა. ასე რომ იყოს, ჩვენს მომგებიან ბიზნესებში არ ექნებოდა ადგილი კარტელურ გარიგებებს, არ იარსებებდა ისეთი კომპანია, როგორიცაა თბილისის მიკროავტობუსი, ერთიდაიგივე ოქტანობის ბენზინი თბილისსა და ვენაში ერთიდაიგივე ფასი არ ეღრებოდა, ხოლო წამლები ცოტათი მაინც იაფი იქნებოდა თბილისში, ვიდრე პრაღასა თუ ბრატისლავაში.