ირაკლი ლექვინაძე: სტრატეგიული ობიექტების აქციების გაყიდვა მათ გამჭირვალობას გაზრდის
შეიცავს თუ არა საქართველოს სტრატეგიული ობიექტების აქციების გაყიდვა პოლიტიკურ რისკებს? შეგახსენებთ: მთავრობა რკინიგზისა და მაგისტრალური გაზსადენის აქციები ლონდონის, ვარშავის და ნიუ იორკის საფონდო ბირჟებზე განთავსებას გეგმავს, ხელისუფლება ამ კომპანიებში საკუთარ წილს 51 პროცენტამდე ამცირებს.პოლიტიკურ რისკებზე საუბრისას კი ოპონენტები რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ კომპანიებზე მიანიშნებენ.
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე აქციების გატანაში პოლიტიკურ საფრთხეებს ვერ ხედავს, რადგან კომპანიების საკონტროლო პაკეტი კვლავ სახელმწიფოს ხელში რჩევა და ყველა გენერალური გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ ექნება მიღებული, ინვესტორები კი მხოლოდ დივიდინდებს მიიღებენ. „მთავარია სახელმწიფომ ამ ობიეტების სრულად რეალიზაცია არ მოახდინოს და ამის შესახებ კანონშიც ცხადად უნდა იქნას გაწერილი,“ – აცხადებს ლექვინაძე.
მისი თქმით, ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია გასაყიდი აქციების პაკეტი მხოლოდ ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდეს, რადგან ასეთი განთავსების დროს ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ხდება ფასიანი ქაღალდების მყიდველი.
„ამ პროცესის შედეგად ქართული კომპანიები ვალდებულნი იქნებიან გარკვეული პერიოდულობით გამოაქვეყნონ ფინანსური ანგარიშები, რაც გაზრდის მათ გამჭირვალობას, ასევე წილის გაყიდვით შესაძლებელი იქნება ამ კომპანიების მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. პირველადი წარმატებული განთავსება კარგი სიგნალი იქნება ინვესტორებისათვის. მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე კრიზისების ფონზე წარმატებული განთავსებისთვის მნიშვნელოვანია ხელსაყრელი დროის შერჩევა, არსებული კრიზისები შესაძლოა კარგიც კი იყოს ჩვენი ტიპის ქვეყნების კომპანიების ბირჟებზე განთავსებისთვის, რადგან კრიზისების გავლენა ასეთ ქვეყნებში მცირეა,“ – აცხადებს ლექვინაძე.
Commersant.ge