ნანახია: 746
რადიო თავისუფლება 8/03/2009 დაიწყო თუ არა საქართველოს ეკონომიკაში რეცესია? ეს საკითხი მიმდინარე კვირას გაცილებით აქტუალური განხილვის საგანი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. დისკუსიის გაღრმავებას განსაკუთრებით იმ საინფორმაციო ნაკადმა შეუწყო ხელი, რომელიც ეროვნული ბანკიდან წამოვიდა და ქართული საბანკო სისტემის სავალალო მდგომარეობაზე კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა შექმნა. წლის დასაწყისთან შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 320 მილიონი ლარით, ანუ 3.6%-ით შემცირდა, და 8.547.000.000 ლარი შეადგინა. მსგავსი მოცულობის აქტივების კლება საბანკო სექტორში პირველად ფიქსირდება. ერთ თვეში 5%-ით 1.509.000.000 ლარამდე შემცირდა სექტორის საკუთარი სახსრებიც, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 17.7%-ს შეადგენს. კლება დაფიქსირდა არასაბანკო დეპოზიტების კუთხითაც, რაც ჯამში 183.000.000-ით, 3.385.000.000 ლარამდე შემცირდა. დეპოზიტების მოცულობამ, მართალია, ოდნავ იმატა, მაგრამ ლარისადმი ნდობის საფუძვლიანი შერყევა კიდევ ერთხელ გამოვლინდა. უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 16.5%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა 26.5%-ით შემცირდა. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 2008 წლის პირველი თებერვლის მონაცემებთან შედარებით 9.3%-ით გაიზარდა და 2009 წლის პირველი თებერვლისთვის 76.2% შეადგინა. საყოველთაო კრიზისის ფონზე ბანკები მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებენ. მაგალითად, "თიბისი ბანკი" ოთხ უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტთან – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან, ასევე გერმანიისა და ჰოლანდიის სახელმწიფო ბანკებთან – საგანგებო ხელშეკრულებებს გააფორმებს. ხელშეკრულება ორ კომპონენტს ითვალისწინებს: ერთი მხრივ, ოთხივე საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან ბანკის მიერ ახლად იმიტირებული აქციების შეძენასა და ბანკის კაპიტალში ინვესტიციების განხორციელებას, მეორე მხრივ, ამ საფინანსო ინსტიტუტების მიერ ბანკისთვის საკრედიტო რესურსების მიწოდებას. ორივე მიმართულებით ლაპარაკია, დაახლოებით, 200.000.000 დოლარის გამოყოფაზე. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რომელი საფინანსო ინსტიტუტი რამდენპორცენტიან წილს შეიძენს "თიბისი ბანკის" ახლადიმიტირებული აქციებიდან. თუმცა, როგორც ბანკში განმარტავენ, საკონტროლო პაკეტი არ გაიყიდება და ის კვლავაც ქართულ მხარეს დარჩება. "საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას ყველაზე მეტად ხელისუფლებიდან წამოსული და მედიით გავრცელებული საომარი რიტორიკა უშლის ხელს", - ასეთი განცხადება მიმდინარე კვირას რამდენიმე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელმა გააკეთა. მათი შეფასებით, ფიქრიც კი არ შეიძლება ინვესტიციების მოზიდვაზე ქვეყანაში, საიდანაც მუდმივად ომისა და დაპირისპირების საშიშროებაზე ვრცელდება ინფორმაცია. მაგალითისთვის, ქართული ბიზნესის ერთ-ერთმა თვალსაჩინო სახემ კომპანია "ყაზბეგის" პრეზიდენტმა გოგი თოფაძემ, საჯაროდ განაცხადა, რომ ომის მოლოდინი დამღუპველია ბიზნესისთვის და რაც უფრო მალე მორჩება ხელისუფლება ამ რიტორიკას, მით უფრო სწრაფად დაიწყება ბიზნესის განვითარება. "გარდა იმისა, რომ ინვესტორი არ მოდის საქართველოში, საზოგადოებაშია პანიკა. არავის არაფრის შეძენა არ სურს და ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს", - განაცხადა თოფაძემ. მისივე აზრით, ქვეყანას ომის საშიშროება ამჯერად აღარ ემუქრება და ეს რიტორიკა საზოგადოებაში ხელოვნურადაა შექმნილი, რაც დროულად უნდა აღმოიფხვრას. სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრის შეფასებით, ომის პოლიტიკა დამანგრეველია ბიზნესისთვის. თუმცა ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პოლიტიკისა და ურბანული დაგეგმარების პრობლემა რჩება, რაც ნიშნავს რომ კრიზისის ტექნიკური განვითარების ფაქტორებიც არსებობს. მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის – იაფი დაზღვევის – განხორციელება დაიწყო. თუმცა ინტენსიური სარეკლამო კამპანიისა და ახსნა-განმარტებების მიუხედავად, იაფი დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ სამუშაო კვირას მხოლოდ 1384 სადაზღვევო პოლისი გაიყიდა. საქართველოში მოღვაწე თერთმეტი სადაზღვევო კომპანიიდან პროგრამაში ჩართვაზე ცხრამ თანხმობა განაცხადა. ამ დროისთვის ბიუჯეტში ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამის განხორციელებისთვის 15 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს ხუთიდან თხუთმეტ ლარამდე ფარგლებში სამი სახის სადაზღვევო პაკეტს სთავაზობენ. ხელმისაწვდომი დაზღვევის მიღება სამიდან სამოც წლამდე ასაკის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. 2009 წლის პირველი მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველა მსურველს შეუძლია შეიძინოს იაფი სადაზღვევო პაკეტი და ერთი წლის მანძილზე 20 ლარზე ნაკლებად მიიღოს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება. ყველა მოქალაქეს, ვინც შეიძენს დაზღვევის ხუთ ლარიან პაკეტს, სამ ლარს და ოცდათხუთმეტ თეთრს სახელმწიფო დაუფარავს, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეს თვეში მხოლოდ 1.65 თეთრი ექნება გადასახდელი. წელიწადში ოც ლარზე ნაკლები თანხით მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს უფასო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და გაიაროს სამედიცინო გამოკვლევები პოლიკლინიკებში. დაზღვევის ეს პაკეტი ძირითადად საშუალო და საშუალოზე ნაკლები შემოსავლების მქონე მოსახლეობაზეა გათვლილი. ჯანმრთელობის იაფი დაზღვევის პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს სამიდან სამოც წლამდე ასაკის ნებისმიერი მოქალაქე, გარდა სახელმწიფოს მიერ უკვე დაზღვეული და იმ მოქალაქეებისა, რომლებიც კორპორაციული ან ინდივიდუალური დაზღვევით სარგებლობენ. მინიმალური პაკეტის ღირებულება წელიწადში 60 ლარია. აქედან სახელმწიფო 67%-ს იხდის, მოქალაქე კი შესაბამისად, 33%-ს, ანუ 12 თვის პრემიას, 19.80 თეთრს, ერთჯერადად იხდის. საქართველოში სამედიცინო პერსონალის მომსახურებით ყოველი მეათე პაციენტია კმაყოფილი. ძირითადი ნაწილი - 79% სამედიცინო სერვისს ძირითადად დადებითად აფასებს. მოსახლეობის გამოკითხვა მარკეტინგული კვლევის ორგანიზაცია "ეისითიმ" ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ უნდობლობას ამ სექტორისადმი უფრო რეგიონებში მაცხოვრებლები გამოთქვამენ. ჯამში, გამოკითხულთა მხოლოდ 24% თვლის, რომ დღეს საქართველოში მაღალპროფესიული სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. კვლევა ბოლო სამი თვის მონაცემებს ასახავს, რა პერიოდშიც გამოკითხვის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებს მოსახლეობის მხოლოდ მესამედმა მიმართა. სააგენტო "ჯიბისის" კვლევამ კი ბიზნესის ყველაზე რენტაბელურ დარგად კვების პროდუქტების წარმოება გამოავლინა. მეორე ადგილი ფარმაცევტულ წარმოებასა და მედიცინის სფეროს ერგო, მესამე სწრაფი კვების ობიექტებსა და რესტორნების ბიზნესს. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სფერო, რომელიც ამ სიაში ყოველთვის ლიდერებში ხვდებოდა ხოლმე, არცერთ გამოკითხვას ამ ეტაპზე რენტაბელურ სექტორად აღარ მიაჩნია.
|