ნანახია: 866
აგვისტოს ომამდე საქართველო ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველ ქვეყანად ითვლებოდა, მაგრამ აგვისტოს შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ინვესტორები ვეღარ რისკავენ ჩვენს ქვეყანაში ფულის დაბანდებას, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სამხედრო დაპირისპირების საფრთხე. ამის მიუხედავად, ხელისუფლება საკმაოდ თამამ და დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. რამდენად რეალურია მათი დამაიმედებელი პროგნოზები და რას უნდა ველოდოთ 2009 წელს ინვესტიციების შემოდინების მხრივ, ამ საკითხებზე ეკონომიკის დოქტორი გიორგი ღაღანიძე გვესაუბრება. - ბატონო გიორგი, როგორია დღეს საქართველოში საინვესტიციო კლიმატი? - საშინელი. როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო ეკონომიკაში არსებული რეცესიისა და აგვისტოს ომის შედეგების ფონზე?! ჯერ კიდევ ოქტომბერში, როდესაც მსოფლიო ბანკმა ანალიზი გააკეთა, იწინასწარმეტყველა, რომ 2008 წელს, დაგეგმილთან შედარებით, შემოსული ინვესტიციების რაოდენობა იქნებოდა 900 მილიონით ნაკლები. იგეგმებოდა დაახლოებით 2 მილიარდი და რეალობაში ეს თანხა კიდევ უფრო ნაკლები აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანაში არსებული გაურკვეველი სიტუაცია, ძალიან მაღალი პოლიტიკური რისკები და მოსალოდნელი სამხედრო ოკუპაციის საფრთხე, საინვესტიციო გარემოს, რასაკვირველია, ნაკლებად მიმზიდველს ხდის. - ანუ, ლაშა ჟვანიას განცხადება, რომ 2009 წელს საქართველოში ინვესტიციების სახით შემოვა 1 700 000 000 ლარი, ნაკლებად შეესაბამება სიმართლეს? - ეს განცხადება გარკვეული სიტუაციის გათვალისწინებით იყო გაკეთებული. იგულისხმებოდა, რომ პრობლემები, რომლებიც საქართველოს აქვს, დარეგულირდება. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი გარემო ინვესტიციების მოზიდვისათვის, ეს იყო ძალიან სწრაფად მზარდი დინამიკა, მაგრამ აგვისტოს მოვლენებმა და საერთო ეკონომიკურმა ფონმა, რასაკვირველია, ეს ყველაფერი შეაფერხა. - როგორია საქართველოში შემოსული ინვესტიციების ბუნება? - 2005 წლის ჩათვლით, ძირითადი მამოძრავებელი ძალა ინვესტიციებისა იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი. ინვესტიციების ძირითადი რაოდენობა სწორედ ამ პროექტთან იყო დაკავშირებული. 2005 წლის შემდეგ, სახელმწიფომ ინვესტიციების მოზიდვის აგრესიული პრივატიზაციის პოლიტიკა გამოაცხადა და ამ აგრესიული პრივატიზაციით ხდებოდა ინვესტიციების მოზიდვა. სამწუხაროდ, ეს ხერხი ვერ ქმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს, იმიტომ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს არ არის ე.წ მდგრადი ინვესტიცია, მაგრამ ვინაიდან ამოცანა ინვესტიციების მოცულობის გაზრდა იყო, რაღაც ეტაპზე ეს ხერხი დასაშვებად შეიძლება მივიჩნიოთ. მაგრამ ამ ეტაპიდან უკვე უნდა გადავსულიყავით შემდეგ ეტაპზე, სადაც ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვაზე პრიორიტეტული, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა იქნებოდა. აბსტრაგირება რომ გავაკეთოთ, დღევანდელი პრობლემებიდან ეს არის მომსახურების და ექსპორტზე ორიენტირებული სფეროები, სადაც მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების ფორმირებაა. - როგორ უნდა დავაინტერესოთ ქართველი ბიზნესმენი, რომ მან საქართველოშივე ჩადოს ფული სხვადასხვა სფეროში? - საერთოდ, საუკეთესო ვარიანტია შეიქმნას სტაბილური ეკონომიკური გარემო და რაც მთავარია, დაცული იყოს ისეთი ფუნდამენტალური პრინციპი, როგორიცაა საკუთრების ხელშეუხებლობა. ეს არის აუცილებელი მოთხოვნა. ეს არის გარანტია იმისა, რომ ინვესტორი, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, საქართველოში ჩადებს ფულს. - ანუ, ინვესტორებს არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ მათი საკუთრება საქართველოში ხელშეუხებელი იქნება? - 2007 წელს, როდესაც ჩვენ ჩავატარეთ ინვესტორების კვლევა, მათმა 50%-მა მთავარ პრობლემად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა დაასახელა. იმიტომ, რომ გარანტი საკუთრების დაცვისა, არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ის ვერ იცვლება სხვა ტიპის გარანტიებით. მაღალი თანამდებობის პირის, ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ მოცემული გარანტიაც არაა დამაკმაყოფილებელი და დამამშვიდებელი, რადგან ეს პირი დღეს არის მაღალ თანამდებობაზე, ხვალ შეიძლება აღარ იყოს. ამდენად, ინვესტორებმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას აბსოლიტურად პირდაპირ მიანიშნეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემაზე. ეს არის აუცილებელი, ხოლო დანარჩენი კონკრეტული მექანიზმები, თუნდაც საგადასახადო სისტემა, არის დამატებითი ხელშემწყობი მექანიზმები. ფუნდამენტში არის საკუთრების ხელშეუხებლობა და ეს უნდა იყოს დაცული. - რა აზრის ხართ იმაზე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ახლო აღმოსავლეთიდან ინვესტიციების მოზიდვა? - ინვესტიციების მოზიდვა ხან ერთს რომ დავავალოთ და ხან მეორეს, ჩემი აზრით, არაა სერიოზული. უნდა არსებობდეს ერთიანი მიდგომა. ქვეყანაში გვაქვს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, არის ეკონომიკის სამინისტრო, თუ აღარ გვინდა ეკონომიკის სამინისტრო და გადავდივართ კანადურ მოდელზე, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროშია ინტეგრირებული საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტი, ეს სხვა საკითხია. თანაც, ასეთი გადაწყვეტილებების ეფექტურობა, როგორც წესი, დაბალია. შეიძლება ხდება კონკრეტულ ადამიანზე ამ სისტემის მორგება. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოიზიდავს ინვესტიციებს, მაგას რა სჯობს, მაგრამ ერთ ადამიანზე კი არ უნდა მოვარგოთ, უნდა შეიქმნას ინსტიტუციონალური სისტემა. - როგორ ფიქრობთ, რა ტიპის ინვესტიციების შემოსვლაა საქართველოში მოსალოდნელი 2009 წელს? - სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ძნელად წარმომიდგენია რაიმე განსხვავებული ტიპის ინვესტიციები. ღმერთმა ქნას, მობრუნდნენ ის ინვესტორები, რომლებიც აგვისტოს ომამდე აპირებდნენ ფულის საქართველოში დაბანდებას. კონფლიქტი უკვე გადავიტანეთ და ახლა უნდა ვეცადოთ შევუქმნათ ინვესტორებს იმის განცდა, რომ სამხედრო დაპირისპირების საფრთხე აღარ არსებობს და არის სტაბილური საინვესტიციო გარემო. რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი კი არ მაქვს. როდესაც ქვეყანას თავის ტერიტორიაზე კონტროლი აქვს დაკარგული და ამასთანავე აქვს მთელი რიგი პრობლემები, ამ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება მარჩიელობას უფრო ჰგავს.
ესაუბრა თაკო მათეშვილი
|