ნანახია: 1287
ევროობლიგაციებით სესხად აღებული 500 მლნ-ს კვალს დღემდე ვერავინ მიაგნო
საქართველოს საგარეო ვალი მკვეთრად გაიზარდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო ვალმა 4 მილიარდ 367 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით, 44,7%-ით მეტია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, განსაკუთრებით გაიზარდა საგარეო ვალი. სწორედ ამ პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი იქნა 250 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანში სავალუტო რეზერვების მხარდასაჭერად. აზიის განვითარების ბანკიდან პოსტკონფლიქტური რეგიონის აღდგენისათვის გადაუდებელი დახმარება იქნა მიღებული. 2008 წლის დეკემბერში კი სიღარიბის დაძლევისთვის მსოფლიო ბანკიდან მიღებული იქნა 38 მლნ. დოლარი. აღნიშნულ თანხებს სახელმწიფო კრედიტად იღებს და, ბუნებრივია, მომავალში მისი გადახდა უნდა მოხდეს. საქართველოს მრავალმხრივ კრედიტორებთან 2 მილიარდ 655 მილიონი ლარი მართებს. მრავალმხრივ კრედიტორებს შორის არიან: მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროგაერთიანება, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი. ორმხრივ კრედიტორებთან საგარეო ვალი 862,960 ლარია. აქედან 264,512 ლარით გერმანია ლიდერობს. მას მოყვებიან რუსეთი, იაპონია, თურქეთი, ამერიკა და ა.შ. 2008 წლის აპრილში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანუ ევროობლიგაციების გამოშვების შემდეგ, საგარეო ვალი კიდევ 500 მილიონი დოლარით გაიზარდა. ექსპერტთა მხრიდან ამას სერიოზული კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, როდესაც მთავრობა პროფიციტულ ბიუჯეტს გეგმავს, ისედაც დიდი ვალების მქონე ქვეყანას, ახალი ვალები აღარ უნდა წამოეკიდებინა. მითუმეტეს, რომ ობლიგაციები ლონდონის ბირჟაზე საკმაოდ მაღალი პროცენტით გავიდა. ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 7,5%-ით განისაზღვრა. მისი დაფარვის ვადა კი 2013 წლის 15 აპრილია. ექსპერტთა განცხადებით, ეს ფაქტორი პრობლემას შექმნის, ვინაიდან აღნიშნული ვადისათვის მოქმედი ხელისუფლება აღარ იქნება და ვალდებულება მომავალ ხელისუფლებას მძიმე ტვირთად დააწვება. ფინანსთა სამინისტროს მესვეურთა განცხადებით კი ევროობლიგაციების გამოშვაბამ ქვეყანა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებსა და მრავალ მსხვილ ინსტიტუციონალურ ინვესტორებს გააცნო. თუმცა ფაქტია, რომ საგარეო ვალი მომავალში უნდა დაიფაროს და მას თავისი ვადები გააჩნია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო ვალი ძირითადად შეღავათიანია და სესხები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენება. საგარეო ვალის დაფარვის თანხები 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშია განსაზღვრული, რომლის მიხედვით, კრედიტების ძირითადი თანხის დაფარვას 97,332 მილიონი ლარი მოხმარდება. მათ შორის ორმხრივი კრედიტებისთვის - 41,737 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო მრავალმხრივი კრედიტებისთვის - 53,147 მილიონი ლარი. სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების გასტუმრებას 2,447 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს. მთლიანი ვალი კი 17,077 მილიონი ლარია. ამ სახის კრედიტები გერმანიასთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გვაქვს. კრედიტორების პროცენტებისთვის განსაზღვრული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში 116,375 მილიონი ლარია. მათ შორის ორმხრივი კრედიტორებისთვის - 36.013 მილიონი ლარი. მრავალმხრივი კრედიტებისთვის - 22,833 მილიონი ლარი. სახელმწიფოს მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ვალდებულების მომსახურებას 57.375 მილიონი ლარი მოხმარდება. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პოზიცია საქართველოს საგარეო ვალთან დაკავშირებით "ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის დროს ხელისუფლება ვალდებულია ხარჯები გაზარდოს, ხოლო გადასახადები შეამციროს. ამ დროს თუ ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება, ეს საგანგაშო არაა. მისი დაფინანსება, რა თქმა უნდა, საგარეო ან საშინაო ვალის აღების შედეგად შეიძლება მოხდეს. აქედან გამომდინარე, საგარეო ვალის არსებობა ქვეყნისთვის არც ისე საშიშია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია, მან მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს - მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ გადააჭარბოს. სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, საგარეო ვალების დაფარვა სავსებით რეალური და შესაძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეისათვის, საქართველოს საგარეო ვალი მშპ-თან მიმართებაში 32%-ს არ აჭარბებს. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 2008 წელს საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 13,97 მლრდ. დოლარი შეადგინა. საგანგაშოდ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მთავრობამ 2008 წლის აპრილში ლონდონის ბირჟაზე, საკმაოდ მაღალი პროცენტით (7,5), ევროობლიგაციების ემისია განახორციელა, როდესაც ამ წელს ხელისუფლებისავე განცხადებით, საქართველოს პროფიციტული ბიუჯეტი უნდა ჰქონოდა. სესხი ქვეყნისთვის ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროა. გამოდის, რომ პროფიციტული ბიუჯეტი არ გვქონია. მთავრობამ ობლიგაციების გამოშვებით ეს ვარაუდი თვითონვე დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ ევროობლიგაციების ემისიაზე ხელისუფლება კარგა ხანს საუბრობდა, მათი განთავსების შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა კომენტარს საერთოდ აღარ აკეთებს. სად წავიდა ამ სესხიდან აღებული თანხა, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია. აი, ეს საკითხი კი მართლაც საგანგაშოა, როცა მთავრობა სრულიად გაუაზრებლად, მაღალ პროცენტით საგარეო ვალს იღებს. ისე, რომ როგორ დაიხარჯა ეს თანხა, არავისთვის ცნობილი არაა".
ლამარა გულმაგარაშვილი
|